
მას შემდეგ, რაც ირანსა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კონფლიქტის გამო, ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტა, ნავთობპროდუქტები საგრძნობლად გაძვირდა. თუ 27 თებერვალს, 1 ბარელი „ბრენტის“ ტიპის ნავთობი 67 აშშ დოლარი ღირდა, დღეს უკვე 102 დოლარამდე გაძვირდა. ცხადია, ნავთობის გაძვირება სხვა სახის საქონელსაც გააძვირებს. დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე პროდუქტები არ გაძვირდება, მაგრამ თუ კონფლიქტი გაგრძელდება, ეს პროცესი გარდაუვალი იქნება. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც კი, შუა დერეფნის, როგორც ყველაზე უსაფრთხო მარშრუტის მნიშვნელობა გაიზრდება, რაც საქართველოს სრულიად ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გაუხსნის.
ეკონომისტ ნოდარ კაპანაძის აზრით, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება გამოიწვევს უმძიმეს ენერგეტიკულ კრიზისს, ვინაიდან განსაკუთრებით, სპარსეთის ყურე არის ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ერთ-ერთი უდიდესი მომპოვებელი და მწარმოებელი. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო კი, მიწოდება შემცირდება.
„ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, ნავთობპროდუქტები მკვეთრად გაძვირდა. ზოგადად, ენერგეტიკა ეკონომიკის ერთ-ერთი საფუძველია, რომელიც ყველა ტიპის პროდუქციაზე აისახება. ენერგეტიკული კრიზისი კი, დომინოს პრინციპით, ყველა სახის პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არის რეზერვები, ალტერნატიული მიმწოდებლები, იგივე რუსეთი და სხვა ქვეყნები, არის ალტერნატიული ენერგიებიც.
არანაკლებ მნიშნელოვანია ლოგისტიკური მარშრუტები. ამ კრიზისმა აჩვენა, რომ ლოგისტიკურ მარშრუტებს, სავაჭრო გზებს და პროდუქციის გადატანას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას ნოდარ კაპანაძემ.
მართალია, ჰორმუზის სრუტის დაკეტვამ ენერგეტიკაში შექმნა პრობლემები, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო დიდი საფრთხე. მაგალითად, ბაბ-ელ-მანდების სრუტისა და წითელი ზღვის ჩაკეტვამ, შესაძლოა, აზიიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ვიეტნამიდან ევროპაში მიმავალი ტვირთები მნიშვნელოვნად შეაფერხოს. აღმოჩნდა, რომ ჰუსიტების რამდენიმე კატარღა საკმარისია, რათა სუეცის არხი და მთავარი სავაჭრო არტერია - აზიიდან ევროპისკენ მიმავალი საზღვაო გზა გადაიკეტოს. „ბიზნეს-რეზონანსის“ კითხვაზე, რა არის ამის ალტერნატივა, ნოდარ კაპანაძემ გვიპასუხა, რომ რეალური ალტერნატივა სახმელეთო მარშრუტებია.
„ერთი მარშრუტი გადის რუსეთზე და შემდეგ უკრაინაზე, სადაც ახლა ცეცხლია, შესაბამისად, ეს მარშრუტი არ მუშაობს. არის სხვა მარშრუტიც ბელარუსის გავლით, პოლონეთთან. იქ ომი არ არის, მაგრამ საზღვარი პრაქტიკულად დაკეტილია და ტვირთების გატარება მნიშვნელოვნად შეფერხებულია. ამიტომ, აბრეშუმის გზის ეს მარშრუტი არ მუშაობს, არის კიდევ გზა ბალტიისპირეთის პორტებიდან, მაგრამ რუსეთსა და ბალტიისპირეთს ქვეყნებს შორის რა ურთიერთობაცაა, იცით. პეტერბურგის პორტიდან რომ გავიდეს, მართალია, რუსეთს აქვს ბალტიის ზღვაში გასასვლელი, მაგრამ იქ ნატომ მოიკიდა ფეხი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფინეთი ნატო-ს წევრი გახდა, ანუ ეს მარშრუტიც არ მუშაობს. ერთადერთი, შედარებით ყველაზე უსაფრთხო მარშრუტად რჩება შუა დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის.
ამდენად, საქართველოსთვის ეს კრიზისი არსებითად არ გააძვირებს პროდუქტებს. გარკვეული სახის საქონელი გაძვირდება, მაგრამ არსებით გაძვირებასთან დაკავშირებული არ იქნება. ეს აჩვენებს, რომ საქართველოს პოლიტიკა - მშვიდობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, პრინციპში, სტრატეგიულად სწორია“, - აღნიშნა ნოდარ კაპანაძემ.
საქართველოს მოსახლეობა დიდი ინტერესით ელოდება, როდის გაიაფდება პროდუქტები ქვეყანაში, რომელიც, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 70-80%-ით ძვირია ევროპის ქვეყნებთან შედარებით. სამწუხაროდ, თუ ირანსა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გაგრძელდება, ამას თავისი გავლენა ექნება ყველა ქვეყანაზე და ცხადია, არც საქართველო იქნება გამონაკლისი. თუკი შუა დერეფანზე, როგორც ყველაზე უსაფრთხო მარშრუტზე მოთხოვნა გაიზრდება და ტვირთები აქეთ გადმოინაცვლებს, ხომ შესაძლებელია, გარკვეულწილად, ამან პროდუქტების ფასებიც დააბალანსოს?
„რასაკვირველია. მით უფრო, ფასების რეგულირებაზე დიდი ამბები მიდის ჩვენთან, ამიტომ შეიძლება, ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას რამდენიმე აზრიანი წინადადება მივაწოდოთ და ვუთხრათ, რომ რეგულირება კამპანიურ რეჟიმში კი არ მოხდეს, სისტემურად იყოს ამაზე მუშაობა. ალბათ, გაძვირებას ვერ გავექცევით, მაგრამ შუა დერეფნის როლის გაზრდა ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიასთან ერთად, მნიშვნელოვანი ეკონომიკური სტიმულიც იქნება.
სპეციალური საიტი არსებობს, სადაც მოცემულია სამოქალაქო საჰაერო ავიარეისების რუკა. ამ საიტზე რომ შეხვიდეთ, ნახავთ, რომ საქართველოს თავზე, ცაში არის „თვითმფრინავების საცობი“, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - აი, ესაა უსაფრთხო დერეფანი. ჩემი აზრით, მთავრობა, პირველ რიგში, ლოგისტიკური მარშრუტებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით უნდა დაკავდეს, რაც კეთდება კიდეც ჩვენთან. ეს არის საავტომობილო მაგისტრალი, მნიშვნელოვანია რკინიგზის რეაბილიტაცია. საქართველოში რკინიგზა ძალიან დაბალ სიჩქარეზე მუშაობს და გამტარუნარიანობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს და როგორსაც მოითხოვს გაზრდილი ტვირთბრუნვა. ყურადღება უნდა მიექცეს სხვადასხვა საბაჟო-გამშვები პუნქტების მუშაობას.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტზე ფიქრი. მაგალითად, თოვლი რომ დადნება ყაზბეგში, დააკვირდით და ნახავთ, რომ ნატახტარიდან დარიალამდე სატვირთოების უწყვეტი რიგი დადგება. საჭიროა ყველა შესაძლო მარშრუტის გახსნა, მათ შორის, საუბარია აფხაზეთის მონაკვეთზე, ასევე, როკის გვირაბზე და ჩემი აზრით, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი გასაღები“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ნოდარ კაპანაძემ.
ამ ეტაპზე პროდუქტების გაძვირებას არ ელის საქართველოს მერძევეობისა და მეხორბლეთა ასოციაციების დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძე. მისი აზრით, მართალია, ნავთობის ფასი ყველაფერზე ავტომატურად აისახება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კონფლიქტი გახანგრძლივდება. ეს იმიტომ, რომ ნავთობისა და საწვავის გარეშე, სოფლის მეურნეობის პირველადი თუ მეორადი წარმოება ვერ იარსებებს.
„სხვა სახის პროდუქციაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რძისა და ხორბლეულზე ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ფასის ზრდას არ ველი. ირანიდან შემოდიოდა რძის ფხვნილი, მაგრამ ომამდე თვენახევრით ადრე, თითქმის შეჩერდა, რადგან ფასი გაიზარდა. ეს რით იყო განპირობებული, ზუსტად არ ვიცი, თუმცა რეალურად, რძის სექტორი ირანულ რძის ფხვნილზე დამოკიდებული აღარ იყო - მაშინვე ჩაანაცვლა ბელარუსულმა და რუსულმა. აქედან გამომდინარე, ეს ვერ აისახება რძის პროდუქტების ფასებზე.
რაც შეეხება მარცვლეულსა და ხორბალს, მესმის, რომ ხორბალი ისედაც ძალიან დაბალ ფასად შემოდის ქვეყანაში და ფერმერებს უჭირთ ამის რეალიზება, ფასი დაწეულია რუსეთიდანაც. თუ პირობითად, რუსეთს გაუჭირდება ხორბლის გაყიდვა, შეიძლება, ჩვენს ბაზარს კიდევ უფრო დაბალ ფასად მიაწოდოს და ადგილობრივს უფრო მეტი პრობლემა შეუქმნას. შესაბამისად, ჩვენ გაძვირებას ნაკლებად ველოდებით“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნიკოლოზ ბენიაიძემ.