ვახტანგ იობაშვილი: ,,მივესალმები ევროკავშირის გადადგმულ ნაბიჯს, ყულევის პორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია"
ირმა ჩიტაია
16.03.2026

ყულევის პორტის დასანქცირებასთან არსებული ეჭვები საბოლოოდ გაქარწყლდა. ევროკავშირმა ყულევი სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო, რასაც სპეციალისტები დადებითად აფასებენ. სექტორის წარმომადგენლების  საუბრობენ, რომ ის შავ ზღვაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობტერმინალია, რომლითაც "სოკარი" ახდენს ოპერირებას. სანქციების სიიდან ამოღება კი სერიოზული დადებითი სიგნალია ქვეყნისათვის. 

საგულისხმოა ის გარემოება, რომ საწყის ეტაპზე ევროკავშირი განიხილავდა ყულევის ტერმინალის სანქციების მე-20 პაკეტში შესაძლო შეტანას. შეშფოთებას იწვევდა პორტის როლი რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში. თუმცა, დევიდ ო სალივანის წერილის თანახმად, ეს პოზიცია გადაიხედა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს დასამალი არაფერი აქვს და ხელისუფლების ძალისხმევა მაქსიმალურად არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველო არ იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული.

„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ვიზიტები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირის წარმომადგენლის სტუმრობა  თბილისში. ყველამ ძალიან დეტალურად შეისწავლა, თუ რას აკეთებდა საქართველო იმისთვის, რომ არ ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის.

იმ პირობებში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მეტად ახერხებს სანქციების რეჟიმის დაცვას, კეთილსინდისიერად  ასრულებს თავის საქმეს, რთული იყო ყულევის პორტის ერთ-ერთ დასასანქცირებელ ობიექტად ხილვა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ყულევის პორტი სანქციების სიიდან ამოიღებას მიესალმება ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი.  

,,მივესალმები ევროკავშირის მხრიდან გადადგმულ ამ ნაბიჯს. ყულევის პორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი სფერო, ორგანიზაციები თუ ნებისმიერი ბიზნეს კომპანიები, კანონებით ცხოვრებას უნდა მიეჩვიონ. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ შავი ზღვის მასშტაბით ყულევის ტერმინალი და პორტი ყოველთვის საუკეთესო იყო და ვამაყობდით. 

ყველამ, ვისაც მასთან ოდნავ შეხება ჰქონია, კარგად იცის თუ  როგორი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია ყულევის ტერმინალი. თითქმის არაფრიდან აღმოცენდა ეს კომუნიკაციები, რაშიც დიდი როლი აზერბაიჯანულმა მხარემ ითამაშა. ის შავი ზღვის ტერმინალებსა და პორტებს შორის საუკეთესოა, როგორც ტექნიკური, ასევე ყველა თვალსაზრისით. იგივეს ვერ ვიტყვი ბათუმის პორტზე. ის ადრე იყო საუკეთესო. უმაღლესი კატეგორიის და ნამდვილი ღრმაწყლოვანი, მაგრამ დღეს სამწუხაროდ ასე არაა. ამიტომაც აუცილებელია, რომ პორტი უნდა მართოს პროფესიონალებმა. მეამაყება, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა გვაქვს. მისი სანქცირება, ქვეყანას მძიმე ტვირთად დააწვებოდა. 

დარწმუნებული ვარ, რომ საქმე გვქონდა გაურკვევლობასთან. საქმის შესწავლამ აჩვენა, რომ ის სანქციების მე-20 პაკეტიდან უნდა ამოეღოთ. ასეც მოხდა, მაგრამ ის, რომ მსგავსი საკითხი დაისვა ეს საქართველოში არსებული ნებისმიერი ორგანიზაცვიების მიმართ გაფრთხილებაა. ამიტომაც დიდი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს. 

ცალსახაა, რომ ყულევის საზღვაო სტრუქტურა საუკეთესოა და სახელმწიფოს როლი დიდია. იქ ერთმანეთს ხვდება ორი სახელმწიფოს ინტერესები -აზერბაიჯანისა და საქართველოსი. ამიტომაც  ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ იმ ობიექტებს, რომლებიც ქვეყანაში სამუშაო ადგილებს და დოვლათს ქმნიან", - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ვახტანგ იობაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში არსებული პორტებიდან ყულევი ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც და  მას ალტერნატივა არ აქვს. 

,,ტერმინალი ათწლეულებია მოქმედებს, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან, თუმცა 2025 წლიდან იქ ამოქმედდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც, რომელმაც ამ ტერმინალის რეგიონული მნიშვნელობა გაზარდა. ევროკავშირის შესაძლო სანქციები პირდაპირ პორტის ოპერაციებს არ დაბლოკავდა, თუმცა მნიშვნელოვნად გაართულებდა ფინანსურ ოპერაციებს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა მის თანამშრომლობას ევროპულ კომპანიებთან, ბანკებთან და ა.შ. რაც მომავალში სერიოზულ ზიანს მიაყენებდა, როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ მხარეს. ამიტომაც, საქართველოს უფრო მეტად ყურადღებით დააკვირდებიან და ჩვენ მცირედი შეცდომის დაშვების უფლებაც არ გვაქვს," - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" იობაშვილმა. 

ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ტერმინალის ამოღების მთავარი მიზეზი სანქციების დარღვევის პირდაპირი მტკიცებულებები არქონა შეიძლებოდა ყოფილიყო. ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, სანქციებს დიდი ზიანის მოტანა შეეძლო როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის და ის მთელ რიგ სირთულეებს შექმნიდა. 

,,ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ტერმინალი რამდენიმე მიზეზის გამო არ შევიდა. პირველი გახლავთ ის, რომ სანქციების დარღვევის პირდაპირი მტკიცებულებები არ ჰქონდათ და არც არსებობს. საუბარია რუსულ ნავთობზე. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ და აზერბაიჯანულმა  მხარემ ,,სოკარმა" ღიად განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ მოემსახურონ სანქცირებულ ტანკერებს და არ დაუშვებენ სანქციების გვერდის ავლას. ვფიქრობ, ამ ფაქტორებმა ევროკავშირი აიძულა ამ ზომისათვის გადაეხედა. 

ბუნებრივია, დასანქცირება რომ მომხდარიყო, მას ნეგატიური გავლენა ექნებოდა, რადგან ყულევის ტერმინალი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შავი ზღვის ნავთობტერმინალი, რომლითაც ,,სოკარი"  ოპერირებს. თუ ის მოხვდებოდა სანქციების სიაში, ევროპულ კომპანიებს აეკრძალებოდათ პორტთან ოპერაციები. შეექმნებოდა პრობლემა ტვირთის გადაზიდვასთან, ფინანსურ მომსახურებასთან, ლოგისტიკასთან დაკავსირებით და  ტრანზიტი მკვეთრად შემცირდებოდა, რაც ქვეყნის შემოსავლებშიც აისახებოდა. 

ასევე გაიზრდებოდა ინვესტიციური რისკები. რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოური კომპანიების საქართველოში შემოსვლა რისკის მატარებელი გახდებოდა. ეს შეამცირებდა უცხოურ ინვესტიციებსაც. ქვეყანაც რეპუტაციული დარტყმის წინაშე დადგებოდა. საბედნიეროდ, დადასტურდა, რომ ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა," - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გიორგი ცუცქირიძემ და დასძინა, რომ რადგან აღნიშნული საკითხი ატარებს როგორც რეპუტაცციულ, ასევე ეკონომიკურ და ფინანსურ რისკებს, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ამ თავიდან ავიცილოთ შესაძლო რისკები და გამოწვევები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×