
მარტის ბოლოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია შეიკრიბება და დენის ტარიფის საკითხს გადაწყვეტს. მანამდე კი დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის ტარიფი აუცილებლად უნდა გაიზარდოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სექტორში სიტუაცია დამძიმდება და ავარიული გათიშვის რაოდენობაც გახშირდება.
განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ამტკიცებს, რომ თუ გამანაწილებელი ქსელის განახლება არ დაიწყება, ქვეყანაში გენერაციის დამატებითი ობიექტების აშენებაც აზრს დაკარგავს.
„საქართველოს ძალიან დიდ ნაწილში შუქი ქრება და რეგიონებში მაშინ ვამახვილებთ ამაზე მხოლოდ ყურადღებას. წლების წინ, 3 თეთრით გაიაფდა ელექტროენერგია და ახლა უკვე დროა იმისათვის, რომ ტარიფი გაიზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავრჩებით იქ, სადაც ვართ და იცით, რას წავაწყდებით? შევქმნით ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებს და საბოლოო ჯამში, არ გვექნება გატარების შესაძლებლობა, რადგან საქართველოში ბევრგან არის მოძველებული ქსელი და გაცვეთილი არაერთგზის - ეს არის საბჭოთა პერიოდში აშენებული გადამცემი სისტემებია“, - განაცხადა მელიქიძემ.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ ინფრასტრუქტურა შეიცვალოს და არა ლოკალურად, ანუ იქ, სადაც არის ხოლმე დაზიანება, არამედ, ინფრასტრუქტურა მთლიანად უნდა გამოიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტ კრიზისში შევალთ.
„ვთქვათ, გაზაფხულს და შემოდგომას მეტ-ნაკლებად გავდივართ, ზამთარი და ზაფხული ყოველთვის იქნება პრობლემური. რაც უფრო მეტად გადავავადებთ, მით უფრო დავამძიმებთ მდგომარეობას. ეს არის კერძო სექტორის მიერ დანახული დღევანდელი მოცემულობა. ღრმად ვარ დარწმუნებული, სემეკი ძალიან სწორად ხედავს ამ რეალობას და არის ობიექტური, სამართლიანი, მიუკერძოებელი იმ ინვესტიციებთან მიმართებაში, რომლის განხორციელების სასიცოცხლო, კრიტიკული და არსებითი მნიშვნელობა უდგას დღეს ენერგეტიკას. ამიტომ ველით, რომ აუცილებლად უნდა გაიზარდოს ტარიფი, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ ამ მოცემულობაში“, - განუცხადა "ბიემს" მელიქიძემ.
როგორც „რეზონანსს“ სემეკიდან აცნობეს, დროებით დადგენილი ტარიფის კორექტირებაზე გადაწყვეტილებას კომისია მარტის ბოლოს მიიღებს და აღარ გადაავადებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, გარკვეული პარამეტრები ზუსტდება, რაც საბოლოო გადაწყვეტილებაზეც აისახება.
ზოგადად, მარეგულირებელ კომისიას ტარიფი 2026 წლის დეკემბერში უნდა გადაეხედა. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებდა, რომ ელექტროენერგია გაძვირდებოდა, მაგრამ მოგვიანებით, კომისიამ მოქმედი ტარიფები სამი თვით შეაჩერა.
„რეზონანსი“ დაინტერესდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მარეგულირებელი კომისია მარტის ბოლოს - გააძვირებს დენის ტარიფს, თუ არა? სემეკში ჩვენს კითხვაზე გვიპასუხეს: „სხდომა გაიმართება მარტის ბოლოს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ვიდრე საჯარო სხდომა არ ჩატარდება, ჯერჯერობით, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, - განუცხადეს „რეზონანსს“ სემეკში.
ელექტროენერგიის ტარიფებს ბოლოს სემეკმა 2023 წელს გადახედა, როდესაც ტარიფი ბიზნესისა და საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 3 თეთრით შემცირდა. მანამდე 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით დენის ტარიფი - 15 თეთრი იყო, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის - 19 თეთრი, ხოლო 301 კილოვატზე მეტის მომხმარებლებისთვის - 23.5 თეთრი.
მართალია, სემეკში დეტალებს არ აკონკრეტებენ, მაგრამ სპეციალისტები და დარგის პროფესიონალები არ გამორიცხავენ, რომ მარეგულირებელმა კომისიამ დენის ტარიფი გაიზარდოს, რაც სრულიად ლოგიკური იქნება. ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ „რეზონანსს“ განუცხადა, რომ მას, როგორც ელექტროენერგიის მომხმარებელს, გადასახადის მომატება არ სურს, რადგან ეს მძიმე ტვირთად დააწვება, მაგრამ როგორც ენერგეტიკოსს, მიაჩნია, რომ ტარიფი უნდა გაძვირდეს.
„ელექტროენერგიის დღეს მოქმედი ტარიფი არ არის ისეთი, რომლითაც ინვესტორს დააინტერესებ და დარგს გამოიყვან არასახხარბიელო სიტუაციიდან. ის, რომ 24 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მომარაგება გვაქვს, ვისაც 90-იანი წლები გვახსოვს, მართლაც ძალიან დიდი მიღწევაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ელექტროენერგეტიკაში ყველაფერი წესრიგშია. პრობლემა მართლაც სერიოზულია და თვითონ დარგს სჭირდება მსხვილი კაპიტალისა და ინვესტიციების ჩადება, რათა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა.
არ ვიცი, რას მოიმოქმედებს სემეკი, მაგრამ მახსოვს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ტარიფთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დაველაპარაკებით სემეკსო. მიმაჩნია, რომ ყველაფერი ბუნებრივად უნდა მოხდეს, დენის ტარიფის ხელოვნურად გაზრდა ან პირიქით - გაიაფება სადღაც მაინც იჩენს თავს. როგორც ენერგეტიკოსს, მიმაჩნია, რომ არსებული ტარიფი უნდა გადაიხედოს და აუცილებლად უნდა მოემატოს“, - განუცხადა „რეზონანსს“ გია არაბიძემ.
ჩვენს კითხვაზე, თუ სემეკი დენის ტარიფს გაზრდის, ეს ხომ სამომხმარებლო პროდუქცაზეც აისახება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც პრემიერის ინიციატივით შექმნილი ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია აქტიურად მუშაობს, გია არაბიძემ გვიპასუხა, რომ ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის.
„2023 წლამდე, ვიდრე დენის ტარიფი 3 თეთრით გაიაფდებოდა, ჩვენ ხომ ვიხდიდით 3 თეთრით მეტს და თან კვერცხსაც ვყიდულობდით, პურსაც და ხორცსაც? ზუსტად ისე მოხდება ახლაც, რადგან ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის“, - დასძინა გია არაბიძემ.