რა ცვლილება შეიტანეს საგადასახადო კოდექსში ყველასთვის მოულოდნელად?
ირმა ჩიტაია
17.03.2026

გაირკვა, რომ ექვს წლამდე ავტომობილების განბაჟებაც ძვირდება. საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებას, რომლის საფუძველზეც მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება, პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირა. განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. აქციზის გაზრდას სფეროს სპეცილისტები ეწინაარმდეგებიან, რადგან, ფიქრობენ, რომ ეს  ავტომობილების ბაზარს საბოლოოდ დაასამარებს. 

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მთავარი სიახლე არის ის, რომ აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 კბ/სმ-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი 1 კბ/სმ-ზე 4.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება. 

ახალი კანონმდებლობით აქციზის განაკვეთები ასე გადანაწილდება: 

1 წლამდე ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი; 

1 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი; 

2 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი; 

3 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.4 ლარი; იქნება 1.5 ლარი; 

4 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.2 ლარი; იქნება 1.5 ლარი; 

5 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1 ლარი; იქნება 1.5 ლარი; 

6 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 1.5 ლარი;

ცვლილების ინიციატორები "ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით, საგადასახადო პოლიტიკა გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც ეფექტიანი ინსტრუმენტი ავტოპარკის ეტაპობრივი განახლების, გარემოსდაცვითი და საგზაო უსაფრთხოების მიზნების მიღწევისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.

ავტოიმპორტიორები საკითხს სკეპტიკურად უყურებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ინიციატივა მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს, რაც მომავალში აუცილებლად გამოიწვევს ადგილობრივი ავტობიზნესის საბოლოო დასამარებას. 

"რობანი მოტორსის" დამფუძნებელმა ელგუჯა ჯამაგიძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ახალი კანონმდებლობით ვერც საქართველოს ავტოპარკი განახლდება და ვერც ეკოლოგიის დაცვა მოხერხდება, რადგან ეს გამოიწვევს ავტომობილების იმდენად გაძვირებას, რომ საზოგადოების თითქმის 90%-ვერ შეძლებს ახალი ავტომობილების შეძენას. 

,,ეს ცვლილებები გაართულებს ბაზრის მდგომარეობას, რადგან ამ ტარიფებით ადამიანი ვეღარ შეძლებს ავტომობილის შეძენას, რადგან  მას განბაჟებაში ძალიან ძვირი, თითქმის მანქანის ღირებულების გადახდა მოუწევს. საუბარი იმაზე, რომ ეს ყველაფერი გამიზნულია ეკოლოგიისა და ავტოპარკის განახლების მიზნით, მცდარია. თუ მომხმარებელი ვერ შევცვლის მანქანას ის შეეცდება ყველანაირად, რომ ძველი მაინც ჰყავდეს. 

ავტობიზნესი მარტო ყიდვა-გაყიდვა არაა, ეს სამყაროს მამოძრავებელია, იქიდან მოყოლებული, რაც მანქანა გამოიგონეს. ტრანსპორტი გახლავთ სენსიტიური საკითხი და მასთან დაკაშირებით ხელის აქნევითი მოქმედებები არ შეიძლება. ჩვენთან ყველაზე ცუდი ისაა, რომ იღებენ კანონებს ისე, რომ   სპეციალისტებთან არ განიხილავენ. პირდაპირ ვამბობ ეს არც ავტოპარკის განახლებას და არც ეკოლოგიის გაუმჯობესებას არ გამოიწვევს", - განუცხადა ,,რეზონანსს" ელგუჯა ჯამაგიძემ.

ამიტომაც ასეთ ვითარებაში ჩნდება კითხვა, რა პროგრესი მიიღწევა ამ ცვლილებით. ბიზნესმენი მოვლენების საპირისპირო სცენარით განვითარებას ელოდება.

,,ფაქტობრივად, ბაზრიდან შედარებით ახალი მანქანები ამოვარდება და დარჩება ბევრი ძველი ავტომობილი. ეს კი რეალურად უკანგადადგმული ნაბიჯია. ხალხი მანქანის გამოცვლას ვეღარ შეძლებს და რა უმჯობესდება ამ ცვლილებით?

არ ვიცი რას ფიქრობენ, მაგრამ ჩემი ვარაუდით, ბაზარზე შესაძლოა სხვა მოთამაშე შემოვიდეს. გამორიცხული არაა ბაზარი უფრო იაფიანი, მაგრამ უხარისხო ჩინური მანქანებით გაივსოს - 2020 წლის ზევით, წარმოებული ჩინური მანქანები შემოიყვანონ. მართალია, ვიზუალურად ისინი კარგია, მაგრამ ტექნიკურად არასაიმედოა. 

ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო. ამ დარგს ეს გადაწყვეტილებები, შეზღუდვები და ცვლილებები დანგრევამდე მიიყვანს. გზას გაუხსნის უცხო ქვეყნის არარეზიდენტ პირებს. სოციალური ქსელები უკვე სავსეა მსგავსი შინაარსის ვიდეორგოლებით. აცხადებენ, რომ აპრილიდან იყვნენ მობილიზებულები, რათა ქართველები ავტოსეგმენტიდან ამოაგდონ. სამწუხაროდ ასეა, თავისთავად ჩაეხსნებიან ქართველები. თუ მოთხოვნა არ იქნა ბაზარზე ფასიც დაბალი იქნება", - აღნიშნა ჯამაგიძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას.

ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით იგივე დამოკიდებულება აქვს ავტოდილერ ლაშა დარბაისელს. მისი აზრით, რაც დღეს დარგში ხდება, ეს ანტისატრანსპორტო პოლიტიკაა და პირდაპირ ეწინააღმდეგება ბიზნესის და ხალხის ინტერესებს.

,,ეს არის ანტისატრანსპორტო პოლიტიკა. ასეთი მიდგომა 2016 წელიდან დაიწყო, როდესაც გააძვირეს განბაჟება, შემდგომ შემოიღეს ტექინსპექტირება, შემდეგ 2013 წლის ქვემოთ გამოშვებული ავტომობილების აკრძალვა,  ახლა კი 6 წელზე ქვემოთ ავტომობილების შემოყვანას ზღუდავენ. გააძვირეს ყველაფერი - 6 წლამდე და უფრო ასაკოვანი მანქანებიც. ალბათ განზრახვა აქვს ხელისუფლებას, რომ ამ გზით ქართველები ავტომობილებს გააჩერებენ და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავლენ, თუმცა ეს მცდარი აზრია. ისინი პირიქით, ძველი ავტომობილის შენარჩუნებას შეეცდებიან, რაც ეკოლოგიას უფრო გააუარესებს. ამიტომაც, მათი ხედვა, არასწორია და ჩვენ ამას არ ვიზიარებთ. 

ამ ნაბიჯით ჩვენი ბიზნესი ზარალდება, რომელსაც აუცილებლად რომელიმე მეზობელი ქვეყანა ჩაენაცვლება. სოციალურ ქსელში მასობრივად ვრცელდება ყაზახების, ყირგიზებისა და რუსების ვიდეოები, სადაც ისინი არ მალავენ სიხარულს - რა კარგია საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს უძვირებს განბაჟებასო. სულმოუთქმელად ელოდებიან იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც მალე აღმოვჩნდებით.

საყურადღებოა ისიც, რომ ჩვენ ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოგვაქვს. ლარის სიმყარე პირდაპირ დამოკიდებულია ამ ბიზნესზე. ფაქტია, არც გადამხდელუნარიანი საზოგადოება არ გვყავს და ამ გადაწყვეტილებით იქამდე მივალთ, რომ საბოლოოდ დაკარგავთ ბაზარს და რომელიმე მეზობელი ქვეყანა წაიღებს. საბოლოო ჯამში, კი დავჯდეთ და კვერცხი 4 თეთრით გაიაფდა თუ 5-თ გაძვირდა ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ სინამდვილეში ის კვერცხიც და ზეთიც უფრო მეტად გაძვირდება. რაც არ უნდა დასანანი იყოს, აქამდე მივდივართ," - განუცხადა ,,რეზონანსს" ლაშა დარბაისელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×