რეზონანსი
18.03.2026

საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით გათვალისწინებულია, რომ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი, სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით, მოვალეა გახსნას კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებული ანდერძი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობა გამოაცხადოს.

თუ ასეთი ანდერძი არ არსებობს ან ანდერძში არ არის მოხსენებული მოსაყდრის ვინაობა, ეკლესიის მართვა პატრიარქის არჩევნებამდე ქიროტონიით უპირატესზე გადადის.

რადგან კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიცოცხლეშივე დაადგინა მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებისთანავე მისი მოსაყდრეობა შედის ძალაში (თუ ანდერძი საპირისპიროს არ ამბობს და თუ მღვდელმთავრები კანონიკურ პრეტენზიას არ აყენებენ).

წინ კი ორი კრებაა: წმიდა სინოდი, სადაც სამ კანდიდატს დაასახელებენ და გაფართოებული კრება, სადაც ამ სამი კანდიდატიდან პატრიარქს აირჩევენ.

ვინ შეიძლება გახდეს კათოლიკოს პატრიარქი?

▪️ ეროვნებით უნდა იყოს ქართველი,

▪️ უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი,

▪️ უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება,

▪️ ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა,

▪️ უნდა იყოს ბერი

გაფართოებული კრების ჩატარება და პატრიარქის ინტრონიზაცია ხდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.

შესაბამისად, პატრიარქის გარდაცვალებიდან მაქსიმუმ 2 თვეში ეკლესიას ახალი პატრიარქი ეყოლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×