თამთა ჩაჩანიძე
18.03.2026

აშშ-ს პრეზიდენტი უკმაყოფილოა - ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის უმრავლესობამ უარი უთხრა ირანთან ომში დახმარებაზე. დონალდ ტრამპი მიანიშნებს, რომ ნატოს თავდაცვის ხარჯების უდიდეს ნაწილს სწორედ ამერიკა ფარავს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ნატოს მიმართ ტრამპის სკეპტიციზმი გაიზარდოს.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ მხრივ შესაძლოა ალიანსისთვის გაწეული ხარჯები შეამციროს ტრამპის ადმინისტრაციამ, თუმცა, ნატო-დან არ გამოვა.

ასევე არ გამორიცხავენ, რომ ტრამპი იყოს ინციატორი, ალიანსის მიდგომები გადააფასოს და ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში კორექტივები და რეფორმები შეიტანოს.

გაიზრდება თუ არა ტრამპის სკეპტიციზმი ნატო-ს მიმართ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა ნატო-ს მოკავშირეების უმეტესობის უარმა, ტრამპის სკეპტიციზმი გაზარდოს ალიანსის მიმართ.

"შეიძლება სკეპტიციზმი გაზარდოს, თუმცა, მეორეს მხრივ ნატო-ს წესდების მიხედვით, ალიანსის წევრები არ არიან ვალდებულნი აშშ-ს ირანთან ომში დაეხმაროს. მეხუთე მუხლში გათვალისწინებულია კოლექტიური თავდაცვის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, თავდასხმა ალიანსის რომელიმე ერთ წევრ ქვეყანაზე განიხილება, როგორც თავდასხმა მთლიანად ნატო-ზე. ამ შემთხვევაში, სამხედრო ოპერაცია აშშ-მა დაიწყო ირანის წინააღმდეგ.

"მეორეც, ირანი იმყოფება ნატო-ს პასუხისმგებლობის მიღმა, ალიანსის წესდების მეექვსე მუხლში აღნიშნულია, რომ ნატოს პასუხისმგებლობის ზონა, ესაა ევროატლანტიკური რეგიონი, რომელიც მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას და ევროპას.

"როდესაც ტრამპი დღეს ითხოვს, მაშინ თვიდანვე, როდესაც სამხედრო ოპერაცია იგეგემებოდა, უნდა გაეთვალისწინებინა თუნდაც ის ფაქტი, რომ ირანს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა შეეძლო, ანუ იმ სრუტის, რომელზეც მსოფლიო ნავთობის გადაზიდვების დაახლოებით 22-23% მოდის",- განაცხადა ჩიტაძემ.

  • ნიკა ჩიტაძე: "შეიძლება სკეპტიციზმი გაზარდოს, თუმცა, მეორეს მხრივ ნატო-ს წესდების მიხედვით, ალიანსის წევრები არ არიან ვალდებულნი აშშ-ს ირანთან ომში დაეხმაროს"

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ არამეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება ჰქონდათ ალიანსის ქვეყნებს დახმარებოდნენ აშშ-ს, თუმცა ევროპის სახელწიფოებმა თავიდანვე განსხვავებული პოზიცია დაიკავეს ირანთან ომზე.

"არსებობს ასეთი არამეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, რომელიც ნატო-ში პირობითად 2002 წლიდან მოქმედებს. ეს მიღებული პრაქტიკაა, მას იურიდიული ძალა არ აქვს, ეს უფრო პრაქტიკული გამოყენების ვარიანტია. არამეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება გამოყენებულ იქნა იგივე ავღანეთში, ნატო-ს ჯერ კონტრტერორისტული და მერე სამხედრო ოპერაციის განხორციელების დროს.

"ეს თავის დროზე ხმელთაშუა ზღვისპირეთში განახორციელა, როცა საზღვაო პატრულირება დაიწყო და კიდევ იყო სხვა მაგალითებიც, როცა ეს ვალდებულება გაითვალიწინეს. ამ ვალდებულების ვარიანტში, შესაძლებელია ევროპის ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს ჰორმუზის სრუტის დებლოკირების კამპანიაში ჩართულიყვნენ, მაგრამ თავიდანვე ვთქვი, რომ ევროპული სახელმწიფოები ირანთან მიმართებაში განსხვავებულ პოზიციას დაიკავებდნენ",- განაცხადა მაისაიამ.

რა ნაბიჯებს გადადგამს ტრამპი ალიანსის მიმართ

ნიკა ჩიტაძე გვეუბნება, რომ არაა მოსალოდნელი აშშ-მ ნატო დატოვოს, თუმცა შესაძლოა ალიანსის ბიუჯეტში აშშ-ს შენატანი და ასევე უკრაინის დახმარებაც შეამციროს.

"ალიანსიდან არ მგონია გამოვიდეს, შესაძლოა ნატოს ბიუჯეტში აშშ-ს შენატანი შეამციროს. თუმცა, ერთ-ერთი პრობლემა შეიძლება შეიქმნას ევროპის "ჯინაზე", შეიძლება ეს იყოს, რომ უკრაინას დახმარება შეუმციროს და განაცხადოს, რომ ომი უკრაინაში ევროპის პასუხისმგებლობაა და არა აშშ-სი - ეს შეიძლება მოვლენათა განვითარების უარესს შემთხვევაში მოხდეს.

"ნატო-ში სამხედრო ხარჯების 70%-ზე მეტი აშშ-ზე მოდის. აშშ ზოგადად სამხედრო მიზნებისთვის გამოყოფდა თავის მშპ-ის 4%-ზე მეტს, ეს უზარმაზარი თანხაა და დღეს თითქმის ტრილიონს აღწევს აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტი. ცხადია, ეს მთლიანად ნატო-სკენ არაა მიმართული, მას 30-მდე ქვეყანაში გააჩნია სამხედრო ბაზები გააჩნია, თუმცა, ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსია",- განაცხადა ჩიტაძემ.

  • ვახტანგ მაისაია: "შეიძლება აშშ-მა ალიანსის დაფინანსება შეამციროს, მიდგომები გადააფასოს და ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ახალი რეფორმები შეიტანოს. გამოვრიცხავ, რომ აშშ ნატო-დან გამოვიდეს"

ვახტანგ მაისაია გვეუბნება, რომ შესაძლოა აშშ-მა დაფინანსება შეამციროს ალიანსის, ან ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში რეფორმები შიტანოს.

"არ ვიცი ტრამპი რას მოიმოქმედებს, ივლისში ნატო-ს სამიტია დაგეგმილი. შეიძლება აშშ-მა ალიანსის დაფინანსება შეამციროს, მიდგომები გადააფასოს და ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ახალი რეფორმები შეიტანოს. გამოვრიცხავ, რომ აშშ ნატო-დან გამოვიდეს, რადგან ეს საერთო ტრანსატლანტიკური და საერთაშორისო უსაფრთხოების მთავარი რეალური გარანტორია",- განაცხადა მაისაიამ.

რას აცხადებს დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი წერს, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მოკავშირეების უმრავლესობამ უარი თქვა დახმარებოდა აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომში.

"ნატო-ს "მოკავშირეების" უმრავლესობამ შეერთებულ შტატებს შეატყობინა, რომ არ სურთ ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში ჩართვა ახლო აღმოსავლეთში, ეს იმისდა მიუხედავად, რომ თითქმის ყველა ქვეყანა სრულიად დაეთანხმა იმას, რასაც ვაკეთებთ, და ირანს არანაირად რამე ფორმით არ უნდა შეეძლოს ბირთვული იარაღის ქონა.

"გაკვირვებული არ ვარ მათი ქმედებით, თუმცა, ვინაიდან ნატო-ს, სადაც ამ ქვეყნების დასაცავად წლიურად ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავდით, ცალმხრივ ქუჩად განვიხილავდი - მათ დავიცავთ, მაგრამ ისინი ჩვენთვის არაფერს გააკეთებენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვჭირდება.

"საბედნიეროდ, ირანის შეიარაღებული ძალები გავანადგურეთ - მათი საზღვაო ძალები აღარ არსებობს, საჰაერო ძალები აღარ არსებობს, მათი საჰაერო თავდაცვა და რადარები აღარ არსებობს და, რაც სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი ლიდერები თითქმის ყველა დონეზე აღარ არსებობენ, აღარასდროს დაგვემუქრებიან ჩვენ, ახლო აღმოსავლეთში ჩვენს მოკავშირეებს ან მსოფლიოს!

"იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ასეთი სამხედრო წარმატება გვქონდა, აღარ "გვჭირდება" ან გვსურს ნატო-ს ქვეყნების დახმარება - არასდროს გვჭირდებოდა! მსგავსად, იაპონიის, ავსტრალიის ან სამხრეთ კორეის. რეალურად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის, პრეზიდენტი ვიტყვი, რომ არავის დახმარება არ გვჭირდება!" - წერს ტრამპი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×