
ძალიან მალე რაღაცას გავაკეთებთ კუბასთან მიმართებაში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბარში განაცხადა. კუბის პრეზიდენტი, მიგელ დიას-კანელი კი ამბობს, რომ ნებისმიერი გარე აგრესორი მტკიცე წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდება.
„აშშ კუბას ყოველდღიურად ემუქრება, რომ ძალის გამოყენებით კონსტიტუციურ წესრიგს დაამხობს. ამის წინაპირობად კი დასუსტებულ ეკონომიკურ მდგომარეობას იყენებს, რომელსაც თავს ესხმის და ბოლო ექვსი ათწლეულია იზოლაციაში აქცევს", - წერს მიგელ დიას-კანელი „იქსზე".
მისი თქმით, აშშ კუბაზე კონტროლის დამყარების მიზნით გეგმის გამოცხადებას გეგმავს.
„ისინი ჩვენი ეკონომიკის ბოლომდე დასუსტებას ცდილობენ, რათა დანებება გვაიძულონ. მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას მათი სასტიკი ეკონომიკური ომი, რომელსაც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ კოლექტიურ სასჯელად იყენებენ", - აცხადებს კუბის პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპის თქმით „კუბა ამ მომენტში ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მარკო რუბიოს ელაპარაკებიან და ძალიან მალე რაღაცას ვიზამთ კუბასთან მიმართებაში. ძალიან ფოკუსირებულები ვართ ამაზე, ვმუშაობთ კუბაზე".
ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა სიტყვა სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს გადასცა.
"კუბას აქვს ეკონომიკა, რომელიც არ მუშაობს, და პოლიტიკური მმართველობითი სისტემა, რომელსაც ამის გამოსწორება არ შეუძლია. ასე რომ, მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალონ. ის, რაც გუშინ გამოაცხადეს, საკმარისი არ არის, ამას ვერ გამოასწორებს. ასე რომ, ელოდეთ დიდ გადაწყვეტილებებს ამაზე...
თქმა არ მჭირდება, რომ [კუბას წინააღმდეგ სავაჭრო] ემბარგო კუნძულზე პოლიტიკურ ცვლილებას არ უკავშირდება. ემბარგო კოდიფიცირებულია. საბოლოო ჯამში, მათი ეკონომიკა არ მუშაობს, არაფუნქციური ეკონომიკაა.
რევოლუციის შემდეგ, რომელიც არცაა რევოლუცია, ისინი სუბსიდიების მეშვეობით ცოცხლობდნენ - საბჭოთა კავშირისგან და ახლა ვენესუელისგან. აღარ იღებენ სუბსიდიებს. ასე რომ, დიდ პრობლემებში არიან და ხელისუფლებაში მყოფმა ხალხმა არ იცის როგორ გამოასწოროს ეს. ასე რომ, ახალი ხალხი უნდა მოიყვანონ ხელისუფლებაში", -განაცხადა რუბიომ.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ ტრამპი ეცდება კუბაში ფერადი რევოლუციის მოწყობას.
„ვერ გეტყვით რას იზამს ტრამპი, თუმცა, ეკვადორში ერთი მიმართულება უკვე გახსნა და კარტელის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ. ალბათ მოსალოდნელია ის, რომ კარიბის კრიზისი გაიმეოროს და ეცადოს, გარე ზეწოლით რეჟიმი შეცვალოს. ეს ნიშნავს, რომ კუბაში იქნება ფერადი რევოლუცია. ის, რომ შევა და პირდაპირ დაარტყამს, ალბათ, გამორიცხულია",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".