
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, თეოდორემ (ჭუაძე) საზოგადოებას წმინდა სინოდის განჩინება გააცნო. როგორც მიტროპოლიტმა თეოდორემ აღნიშნა, წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.
ამასთან, მიტროპოლიტი თეოდორეს ცნობით, წმინდა სინოდმა ასევე დაადგინა, რომ შეიქმნას დამკრძალავი კომისია.
გარდა ამისა, სინოდის მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის თარიღად 22 მარტი დადგინდა, ხოლო დაკრძალვის ადგილად, ილია მეორეს სურვილის გათვალისწინებით, სიონის საკათედრო ტაძარი განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.