
ნავთობის ფასი არანორმალური ნიშნულისკენ მიიწევს. ირან-ისრაელ-ამერიკის სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე 1 ტონა ბენზინი - 300 დოლარით, ხოლო დიზელი 430 დოლარით გაძვირდა, რაც თითქმის 40%-იანი სხვაობაა. ნეგატიური დინამიკა გაგრძელდება, თუმცა რა მაჩვენებელს მიაღწევს საწვავის ფასი, პროგნოზის გაკეთება ყველას უჭირს. სავარაუდოა, რომ უახლოეს დღეებში ბენზინის და დიზელი 10-20 თეთრით კიდევ გაძვირდება.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების შეჩერების ან გაყინვის მოლოდინი ჯერჯერობით არ არსებობს. მართალია, გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდის ადეკვატური ცვლილება საქართველოში ჯერ არ არის, თუმცა საწვავი აქაც გაძვირდა. რუსეთის მხრიდან ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნამ შესაძლოა, მცირე დამაბალანსებელი ეფექტი მოახდინოს, მაგრამ სპეციალისტები დიდ შეღავათს ვერც ამაში ხედავენ, იმდენად რთულია გლობალურ ბაზრებზე არსებული მდგომარეობა, გამოსავალი არსაით ჩანს.
რაც შეეხება ,,პლატცის" ფასებს, ამ დროისთვის 1 ტონა ბენზინი 1028 დოლარი ღირს, ხოლო დიზელის ფასი 1157დოლარია. ეს მასშინ, როცა ირანის ომამდე 1 ტონა ბენზინი 709 დოლარი ღირდა, ხოლო 1 ტონა დიზელი - 726 დოლარად იყიდებოდა,
კომპანია ,,სენტას" დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ერთადერთი შეღავათია ის, რომ საქართველოში გაძვირება არ არის ისეთი მასშტაბის, რასაც გლობალურ ბაზრებზე აქვს ადგილი. ამის მიზეზად იმპორტიორი კომპანიებში არსებულ მარაგს მიიჩნევს, რის გამოც მასშტაბური მატება აქამდე საცალო ფასზე არ ასახულა.
,,უკიდურესად ცუდი მდგომარეობაა ბაზრებზე, ძალიან მოკლე დროში ავარდა ნავთობის ღიდებულება და ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება. ბუნებრივია, ფასი ჩვენთანაც შეიცვალა, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორც უცხოურ ბაზრებზე ჰქონდა ადგილი, მატება იმ ტემპით და სიმძაფრით არ მომხდარა. ამას, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ კომპანიებს გარკვეული მარაგი გააჩნდათ, რომლის გამოისობითაც საწვავი საქართველოში შედარებით ნაკლებად გაძვირდა. პრობლემა მართლაც მასშტაბურია, რადგან 30-35%-ით და მეტადაც არის საწვავის ფასი გაზრდილი, რაც უკვე საგანგაშოა.
ახლა უკვე იმ მდგომარეობაში ვართ, როცა გლობალური სიტუაცია ყოველდღიურად უარსედება, არა მარტო მოწოდება, მოპოვებაც შეწყვიტეს და ეს კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. ის, რომ რუსეთიდან ექსპორტი მოიხსნა, სურათს ჯერჯერობით ვერ ცვლის, თუმცა გარკვეული შეღავათი იქნება. როგორ იმოქმედებს ეს ფასებზე, ჯერ ადრეა საუბარი, ბევრი სხვა ფაქტორიცაა, რაც საწვავის ღირებულებაზე მოქმედებს, ამიტომ პროგნოზს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ", - განუცხადა "რეზონანსს" ზაალ იაკობიძემ.
ფასების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი ანალიტიკოსებიც, რომელთა შეფასებითაც, მოკლე ან საშუალოვადიან პერიოდში დინამიკა უკეთესობისკენ არ შეიცვლება, პირიქით, შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს.
თავისუფალ ბიზნესმენთა ასოციაციის დამფუძნებელი პაატა ბაირახტარი ვარაუდობს, რომ ტენდენცია გაგრძელდება, სანამ ირანში დაძაბულობა არ მოიხსნება და არსებული დეფიციტის შევსების შესაძლებლობა არ გაჩნდება.
,,საწვავის ფასთან დაკავშირებით ქართველი მომხმარებლისთვის პოზიტიური სიახლე ნამდვილად არ არის. საკმაოდ რთული მდგომარეობაა მსოფლიო ბირჟებზე. პარალიზებულია ჰორმუზის სრუტე და საბოლოო ჯამში, ამან გამოიწვია მიწოდების ჯაჭვის დარღვევა. ახლა სახეზეა დეფიციტი, რომელიც გაღრმავდა იმის გამოც, რომ ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების დიდმა ნაწილმა ახლო აღმოსავლეთში მოპოვება ან შეაჩერეს დროებით, ან გაანახევრეს.
2022 წლის შემდეგ არ მახსოვს ნავთობზე 100 დოლარზე მაღალი ნიშნული. ეს ყველაფერი გავლენას იქონიებს საქართველოზეც. ორჯერ უკვე შეიცვალა ავტოგასამრთ სადგურებზე ფასი და ეს ტენდენცია გაგრძელდება მომავალშიც. მით უმეტეს, ჯერ არ უჩანს პირი, რომ პროცესები განეიტრალდება, მიუხედავად იმისა, რომ ტამპმა და დიდი შვიდეულის ქვეყნებმა გარკვეული ნაბიჯები გადადგეს, სანქციები შეარბილეს. ფაქტია, ეს მდგომარეობას ვერ ცვლის და მიწოდების პრობლემა მაინც არის. კონფლიქტის დასრულების გაყინვამდე ან გაუქმებამდე ვითარება არ შეიცვლება", - აღნიშნა ბაირახტარმა.
მისი აზრით, ერთ-ერთ დამარეგულირებლად შეიძლება განვიხილოთ სავალუტო კურსი, თუმცა დიდ იმედს ვერც ეს მიმართულება იძლევა.
,,ლარმა 1 კვირის წინ საკმაოდ მკვეთრი რყევა განიცადა, არადა, ბევრი რამ ახლა ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზეა დამოკიდებული. ასე დანამდვილებით ჯერჯერობით ვერც კურსის სტაბილურობაზე ვისაუბრებთ.
ვერავინ გაგცემთ პასუხს, სანამდე გაძვირდება საწვავი საქართველოში. ბევრი მდგენელის მიხედვით ყალიბდება ფასი, რაც ყველა კომპანიის შემთხვევაში განსხვავებულია", - დასძინა პაატა ბაირახტარმა ,,რეზონანსთან" საუბრისას.
შედარებით დადებითი მოლოდინი აქვს ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძეს, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში, ფასების ნაწილობრივ კორექციასა და შედარებით სტაბილიზაციას არ გამორიცხავს. სოციალურ ქსელში ექსპერტი წერს, რომ ნავთობის ფასების ზრდის შესაძლო გავლენა საქართველოში ინფლაციასა და სასურსათო ფასებზე, აქტუალობას არ კარგავს.
"მოცემულ ეტაპზე, ნავთობის ბაზარი „შოკის ფაზაშია“, რაც განპირობებულია ფასების მაღალი დონით და გაურკვევლობის ზრდით. ფიუჩერსული მრუდის ანალიზი აჩვენებს, რომ ბაზარი ამ ეტაპზე იმყოფება ორმაგი გაყიდვის პირობებში, რაც მიუთითებს, რომ მომავალი კონტრაქტების ფასები მაღლაა მიმდინარე სპოტ ფასზე. ეს სტრუქტურა ხშირად ასახავს ბაზრის მოლოდინს ფასების შესაძლო სტაბილიზაციისა და მომავალი პერიოდისთვის მიწოდების დეფიციტის შემცირების კუთხით. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში, მოსალოდნელია შედარებითი სტაბილიზაცია და ფასების ნაწილობრივი კორექცია“, - დაწერა გიორგი ცუცქირიძემ.
საქართველოში მოქმედ ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ფასის ცვლილება 7 მარტიდან დაიწყო. ბოლო ცვლილების მიხედვით, რიგ სადგურზე ფასები 8-12 თეთრით არის გაძვირებული, ხოლო ზოგიერთ ქსელში დიზელის ფასის მატება 18 თეთრია. ამასთან, საქართველოში მოქმედ სადგურებზე ფასი უფრო მეტად დიზელის ტიპის საწვავზე გაიზარდა. უფრო მეტად გაძვირდა საწვავი მცირე აგს-ზე, სადაც 1 ლიტრი ბენზინი 30 თეთრით გაძვირდა, ხოლო დიზელი - 35 თეთრით.