ნატალია ჯვარიძე
19.03.2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს სოხუმსა და ცხინვალშიც გლოვობენ, თუმცა მისი ფიგურის მიმართ გარკვეული კრიტიკა შეინიშნება. ზოგიერთი ამბობობს, რომ პატრიარქ ილიას შეეძლო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში უკეთესი როლი ეთამაშა, სხვები კი მართმადიდებელ მრევლს გულწრფელად უსამძიმრებენ.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აფხაზურ და სამხრეთ ოსურ საზოგადოებებში არსებულ განწყობებს აღწერს და ამბობს, რომ ილია მეორის მიმართ დადებითი რეაქციების გარდა, კრიტიკაც შეინიშნება. ის ასევე ხაზს უსვამს მუსლიმი თემის დამოკიდებულებას ილიას მიმართ.

  • მამუკა არეშიძე: „სოხუმიდან ბევრმა დამირეკა და გულისტკივილი გამოხატა. სხვათა შორის, უფრო მეტად ცხინვალიდან დამიკავშირდნენ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს."

„აფხაზურ და ოსურ პრესაში თავშეკავებულობაა. რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, განსაკუთრებით აფხაზების მხრიდან კრიტიკა შეინიშნება. საუბარი არის იმაზეც, რომ ილია II-მ ყველაფერი გააკეთა, რათა აფხაზეთის ეკლესია რუსეთის საპატრიარქოს არ ეცნო და ამის გამო მის მიმართ გარკვეული აგრესიაც არის. თუმცა, ამის მიუხედავად, სოხუმიდან ბევრმა დამირეკა და გულისტკივილი გამოხატა. სხვათა შორის, უფრო მეტად ცხინვალიდან დამიკავშირდნენ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან თბილი დამოკიდებულება ვიგრძენი საქართველოში მცხოვრები მუსლიმებისგან, არა მხოლოდ ამ რელიგიის რიგითი მიმდევრების, არამედ სასულიერო პირებისგან როგორც აზერბაიჯანულ თემში, ისე აჭარაში.

„აჭარის მუფტი, ჯემალ პაქსაძემ დამირეკა და ერთი ეპიზოდი გაიხსენა, რომელიც 15 წლის წინ მოხდა. ის პატრიარქ ილიასთან, საპატრიარქოში შეხვედრაზე იყო, მოახლოვდა მუსლიმური ლოცვის დრო - 5 საათი. მას არაფერი უთქვამს, თუმცა, რასაკვირველია, ილიამ მათი ლოცვის დროები იცოდა და უთხრა, რომ მასთან ელოცა. გაიყვანა მის მოსასვენებელ ოთახში და ლოცვის უფლება მისცა. წარმოიდგენეთ, სხვა რელიგიის წარმომადგენელი საპატრიარქოში ლოცულობს. ამ კაცმა მითხრა, რომ მაშინ მივხვდი, ილია წმინდანი არისო", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

  • პაატა ზაქარეიშვილი: „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ აფხაზები მაინც ამბობენ - ილიას შეეძლო უკეთესი როლი ეთამაშა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებშიო."

კონფლიქოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უფრო მეტად ნეიტრალურ-დადებითი განწყობებია.

„აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ აფხაზები მაინც ამბობენ - ილიას შეეძლო უკეთესი როლი ეთამაშა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებშიო. ერთი-ორმა დაწერა, რომ კრიტიკულ ვითარებაში მან „ქართული მხარე" დაიკავა და ჯობდა ნეიტრალური პოზიცია დაეჭირა. ზოგმა ასევე არასწორი ინტერპრეტაცია გაიხსენა, როცა თბილისში სამოქალაქო ომი იყო, ილიამ თქვა - „ქართველთა მკვლელი არ ცხონდებაო", თუ რაღაც ამ ტიპის, რამაც აფხაზეთში სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია - თუ არაქართველს მოკლავ, შეიძლებაო?! ილიას ეს არ უგულისხმია, მაგრამ დღემდე ახსოვთ და ზოგადად, ეს ლეგენდა ასე აწყობთ.

„ილიას ახლოდან ვიცნობდი, ვიცოდი მისი განწყობები და გამორიცხულია ასე ეფიქრა. თუმცა ის არავინ გაიხსენა, როცა ომამდე აფხაზეთში მიდოდა და არ გაატარეს.

„ამის მიუხადავად, იქაურმა საკმაოდ ავტორიტეტულმა 5-6-მა კაცმა დამირეკა და ჩემი საშუალებით მთელ საქართველოს მოგვისამძიმრა. უფრო ნეიტრალურ-დადებითი განწყობებია, ვიდრე უარყოფითი, აგრესიული არ არის. ყოველ შემთხვევაში, „ტელეგრამ" არხებზე ასეთი მდგომარეობაა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×