
ირანს უკვე არაბული სახელმწიფოებიც ემუქრებიან და მის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყებას არ გამორიცხავენ. ამ მხრივ განსაკუთრებით მკაცრი განცხადებები კეთდება კატარსა და საუდის არაბეთში. მეორეს მხრივ, ირანს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც აფრთხილებს საპსაუხო მოქმედებების შესახებ. ირანი კი, მედიის ინფორმაციით, რეგიონში არსებულ ქვეყნებს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პრინც ფეისალ ბინ ფარჰანის განაცხადებით, საუდის არაბეთი უფლებას იტოვებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ირანის წინააღმდეგ საპასუხო სამხედრო ზომებს მიმართოს.
მისი თქმით, „ის ნდობა, რაც ადრე ირანთან მიმართებით არსებობდა, სრულიად განადგურდა".
- საუდის არაბეთი: „უფლებას ვიტოვებთ, საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ზომებს მივმართოთ. ჩვენი ქვეყნისა და ეკონომიკური რესურსების დაცვას არ მოვერიდებით".
„ირანიდან ზეწოლას პოლიტიკურად და მორალურად საპირისპირო შედეგი მოჰყვება. მას მეზობლებთან საუბრის არ სჯერა და მეზობლებზე ზეწოლას ცდილობს, რაც, შემიძლია კატეგორიულად აღვნიშნო, რომ არ იმუშავებს.
„უფლებას ვიტოვებთ, საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ზომებს მივმართოთ. ჩვენი ქვეყნისა და ეკონომიკური რესურსების დაცვას არ მოვერიდებით", - განაცხადა პრინცმა ფეისალ ბინ ფარჰანმა.
- კატარი: „ირანის სასტიკმა თავდასხმებმა რეგიონის ქვეყნებზე ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა მშვიდობიანი მოსახლეობის, სამოქალაქო ობიექტებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების მიზანში ამოღებით."
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ხუთშაბათს საგანგებო განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ ირანის სასტიკმა აგრესიამ ყველა წითელი ხაზის გადაკვეთა. მათი შეფასებით, ირანის მხრიდან რეგიონის ქვეყნებზე განხორციელებული დარტყმები საერთაშორისო სამართლის პრინციპების აშკარა დარღვევაა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ირანის სასტიკმა თავდასხმებმა რეგიონის ქვეყნებზე ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა მშვიდობიანი მოსახლეობის, სამოქალაქო ობიექტებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების მიზანში ამოღებით. სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს კატარის სახელმწიფოს სრულ სოლიდარობას მოძმე ერების მიმართ და მხარდაჭერას ყველა იმ ზომის მიმართ, რომელსაც ისინი იღებენ მათი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად", - აღნიშნულია განცხადებაში.
მანადმე, კატარის ბუნებრივი აირის ობიექტზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის სამხედრო და უსაფრთხოების ატაშეები, თანამშრომლებთან ერთად, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მათ ქვეყნის 24 საათის განმავლობაში დატოვება მოსთხოვა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით კი, თუ ირანი თავს დაესხმება კატარს, აშშ მასიურად ააფეთქებს სამხრეთ პარსის გაზის მთელ საბადოს.
- დონალდ ტრამპი: „თუ კატარის თხევადი ბუნებრივი აირის საბადოზე კვლავ თავდასხმა განხორციელდება, უყოყმანოდ გავაკეთებ ამას".
„ისრაელი, ახლო აღმოსავლეთში მომხდარი მოვლენების გამო გაბრაზების გამო, სასტიკად დაესხა თავს ირანში მდებარე სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს სახელით ცნობილ მსხვილ ობიექტს. შედარებით მცირე ნაწილი დაზარალდა", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
მისი მტკიცებით, შეერთებულმა შტატებმა არაფერი იცოდა ამ კონკრეტული თავდასხმის შესახებ, კატარიც არანაირად არ იყო ჩართული მასში და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს მოხდებოდა.
„სამწუხაროდ, ირანმა არ იცოდა ეს, ან სამხრეთ პარსზე თავდასხმასთან დაკავშირებული არცერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და გაუმართლებლად და უსამართლოდ დაესხა თავს კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ობიექტის ნაწილს. ისრაელი აღარ განახორციელებს თავდასხმას ამ უაღრესად მნიშვნელოვან და ძვირფას სამხრეთ პარსის საბადოზე, თუ ირანი გაუაზრებლად არ გადაწყვეტს თავდასხმას ძალიან უდანაშაულო, ამ შემთხვევაში, კატარზე. ასეთ შემთხვევაში აშშ, ისრაელის დახმარებით და თანხმობით ან მის გარეშე, მასიურად ააფეთქებს სამხრეთ პარსის გაზის მთელ საბადოს ისეთი ძალითა და სიმძლავრით, როგორიც ირანს აქამდე არასდროს უნახავს. არ მინდა ამ დონის ძალადობისა და ნგრევის ავტორიზაცია ირანის მომავალზე გრძელვადიანი შედეგების გამო, მაგრამ თუ კატარის თხევადი ბუნებრივი აირის საბადოზე კვლავ თავდასხმა განხორციელდება, უყოყმანოდ გავაკეთებ ამას", - აცხადებს ტრამპი.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ამერიკა კიდევ ერთხელ გააძლიერებს ირანის წინააღმდეგ დარტყმებს. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკის სამხედრო ოპერაციები მიზანმიმართულად და გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. ჰეგსეთის ინფორმაციით, აშშ-მა 120-ზე მეტი ირანული საზღვაო ხომალდი ჩაძირა და 11 წყალქვეშა ნავი განადგურდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ „სქაი ნიუსის" ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ 19 მარტს რამდენიმე სატელეფონო საუბარში სცადა სხვა რეგიონული ძალების მხარდაჭერის მოპოვება. თურქეთში, ეგვიპტესა და პაკისტანში თავის კოლეგებთან საუბრისას, არაღჩიმ მოუწოდა სიფხიზლისა და კოორდინაციისკენ, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებულ „დესტაბილიზაციისა და ესკალაციის გამომწვევ ქმედებებს".