რა გავლენას იქონიებს პოლიტიკურ პროცესებზე წმინდა სინოდის განჩინება ურთიერთმიტევებასა და შერიგებაზე
თამთა ჩაჩანიძე
19.03.2026

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასა და სხვა პროცედურებთან დაკავშირებული წმინდა სინოდის განჩინება ურთიერთმიტევებასა და შერიგებაზე აკეთებს აქცენტს, რაც პრაქტიულად პირდაპირ ეხმიანება პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს და მხარეებს შორის დიალოგის საჭიროებას. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ბოლო დროს ამ საკითხზე მხარეებმა უკვე ღიად დაიწყეს საუბარი, თუმცაღა შეხების წერტილები ჯერჯერობით ვერ მოძებნეს.

ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ილია II-ის შეგონებების სახელით სინოდის გზავნილი ურთირერთმიტევებაზე შესაძლოა საფუძველი გახდეს როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის, რომ დიალოგისკენ უფრო კონკრეტული ნაბიჯები გადადგან, თუმცა ეს შესაძლოა „დროებითი ზავი" აღმოჩნდეს. მეორე ნაწილის აზრით კი, არსებული პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, სინოდის განჩინების ეს ნაწილი დიდიწილად შეუსრულებელი დარჩება.

„ქართულ ოცნებაში" სინოდის მოწოდებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა, რაც შეეხება ოპოზიციას, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა „მეტად კონსოლიდირდეს ქვეყანა".

„მისი მრევლი იყო აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რაც ამ ქვეყანაში არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტიანულ რელიგიაზე და იმ დატვირთვაზე მართლმადიდებელი ეკლესიის, რომ გაერთიანდეს ქართული საზოგადოება. ამ გახლეჩილობის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ეს გზავნილი, არა მხოლოდ ილია მეორის, არამედ სხვა სასულიერო პირების მხრიდანაც, რადგან ამ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება გაერთიანება.

„ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო, მათ შორის ეს ქრისტიანული ფასეულობებიც და უნდა ვიყოთ მომართული ერთიანობისკენ. ამისთვის უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში. მხოლოდ საუბრით ვერ შემოვიფარგლებით, უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად კონსოლიდირდეს ქვეყანა და ნაკლები ზიზღი, სიძულვილი და მტრობა იყოს", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

სინოდის განჩინება

18 მარტს სინოდმა გამოაქვეყნა „მიმართვა სრულიად საქართველოს", რომელიც ტელეკომპანია „ერთსულოვნების" ეთერში სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა.

როგორც მან აღნიშნა, პატრიარქისადმი სიყვარული მისი შეგონებების აღსრულებაში უნდა გამოვლინდეს.

„დღეს პატრიარქისადმი ჩვენი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონებების აღსრულებაში. უპირველესად, ღვთისა და მოყვასის წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარებაში, ურთიერთმიტევებასა და შერიგებაში. ქრისტესმიერი სიყვარულის აღორძინებით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში მშვიდობიანი თანაარსებობის დამკვიდრებას და საზოგადოების გამთლიანებას. გავაგრძელოთ სვლა ჩვენი წინაპრების მიერ გაკვალულ გზაზე, რომელთან დაბრუნებაშიც შეუფასებელია ისტორიული როლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა", - აღნიშნულია წმინდა სინოდის მიმართვაში.

როგორც მოიქცევიან ხელისუფლება და ოპოზიცია

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ სინოდის განჩინების ის ნაწილი, სადაც ურთიერთმიტევებასა და შერიგებაზეა საუბარი, დიდწილად შეუსრულებელი დარჩება, რადგან იმ შემადგენლობასთან შერიგება და მიტევება, ვინც „ამ დღეებში უკადრებელი იკადრეს", უბრალოდ შეუძლებელია.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „ვფიქრობ, რომ მიმართვის ის ნაწილი, სადაც საუბარია ურთიერთმიტევებასა და შერიგებაზე, დიდწილად შეუსრულებელი დარჩება."

„გაგებით და პატივისცემით ვეკიდები წმინდა სინოდის მიმართვას სრულიად საქართველოს მიმართ, თუმცა, ვფიქრობ, რომ მიმართვის ის ნაწილი, სადაც საუბარია ურთიერთმიტევებასა და შერიგებაზე, დიდწილად შეუსრულებელი დარჩება.

„ჩემთვის, და რატომღაც მგონია ბევრისთვის, წარმოუდგენელია ასეთი რამ თუნდაც იმათთან მიმართებაში, ვინც ამ დღეებში უკადრებელი იკადრეს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

„არაფერს ვამბობ სხვა რამეებზე, რომლის გამოც წესიერი ადამიანის მხრიდან ამ შემადგენლობასთან შერიგება თუ მიტევება უბრალოდ შეუძლებლად მიმაჩნია.

„ვიცი, რომ საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს ამ საკითხზე. მე ჩემსას მოგახსენებთ", - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა სინოდის განჩინებამ პოლიტიკურ დიალოგზე გავლენა იქონიოს, თუმცა ამას შესაძლოა ჰქონდეს დროებითი ზავის ეფექტი.

„შეიძლება გავლენა იქონიოს. თუ „ოცნებას" ვითარების განმუხტვა და პოლიტპატიმრების გამოშვება უნდოდა, ახლა ძალიან კარგი საბაბი აქვთ, რომ პატრიარქის შეგონებების საფუძველზე, რომელიც ერის გაერთიანებასა და ურთიერთშერიგებაზე ზრუნავდა, გამოვიდეს თუნდაც საყოველთაო ამნისტია პოლიტპატიმრებზე. ასეთი დიდი ტრაგედიების დროს კონკრეტული ხელისუფლება შერიგების მიზნით რაღაც ნაბიჯებს დგამდა.

„ნაბიჯები უფრო ხელისუფლებამ უნდა გადადგას, მან უფრო მეტი დააშავა. თუ დიალოგი დაიწყება, ეს უნდა იყოს მომავლისკენ მიმართული. ხელისუფლებას გარკვეულწილად დიალოგი უნდა აწყობდეს კიდეც, რადგან ის იზოლაციაში მოექცა, არ აღიარებენ და ამ იზოლაციიდან გამოსვლა სურთ. მათ წინაშე საფრთხეა და თუ მათში რაციონალური აზროვნების მარცვალი არსებობს, ეს უნდა გამოიყენონ.

  • ნიკა ჩიტაძე: „ახლა ძალიან კარგი საბაბი აქვთ, რომ პატრიარქის შეგონებების საფუძველზე, რომელიც ერის გაერთიანებასა და ურთიერთშერიგებაზე ზრუნავდა, გამოვიდეს თუნდაც საყოველთაო ამნისტია".

„ვფიქრობ, რომ ეს უფრო დროებით ზავი შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ ბევრია დამოკიდებული ივანიშვილი ამაზე რას იტყვის. არაა გამორიცხული, რომ ის სინოდის განჩინებას გამოეხმაუროს, ან დიალოგზე ზოგადი პოზიცია დააფიქსიროს. ეს უფრო თავის გადარჩენის მიზნით - ცალკე „მოსკოვის მექანიზმი", ცალკე ევროპარლამენტის რეზოლუცია, ცალკე ამერიკელი სენატორების მოწოდება აშშ-ს მთავრობისადმი, ასევე ბრიტანეთის სანცქიები და ეს კარგი საბაბია, რომ დიალოგი დაიწყოს", - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×