ინვესტორები ცდილობენ შანსი ხელიდან არ გაუშვან და შექმნილი ქაოსით მაქსიმალური სარგებელი მიიღონ
თამარ ვეფხვაძე
19.03.2026

საერთაშორისო ბაზარზე, ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა, სამაგიეროდ ოქრო გაიაფდა. მართალია, ეს მხოლოდ ორი დღის შედეგია, თუმცა მას შემდეგ, რაც ირანსა და ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები დაიწყო, სხვა მოცემულობა გამოიკვეთა. ფინასისტები ამას ბირჟის ტენდენციებით ხსნიან და ამბობენ, რომ ვინაიდან ირანსა და ახლო აღმოსავლეთში ომია და ჰორმუზის სრუტეს მთლიანად ირანი აკონტროლებს, ინვესტორებისთვის ეს ერთგვარი სიგნალია, კაპიტალი გაძვირებულ ნავთობში დააბანდონ. სწორედ ამით აიხსნება უცნაური ტენდენცია, როდესაც ნავთობი მკვეთრად ძვირდება, ხოლო ოქრო იაფდება. 

ირანში ომის დაწყებიდან „ბრენტის“ მარკის ნავთობი საგრძნობლად გაიზარდა. 1 ბარელის ფასი ჯერ 119 დოლარამდე გაძვირდა, ხოლო შემდეგ, რამდენიმე საათში 110 დოლარზე ჩამოვიდა. ამავე პერიოდში, 1 ბარელი ამერიკული „ლაითი“ ჯერ 97 დოლარი, შემდეგ 95 დოლარი გახდა. რაც შეეხება ოქროს, იგი ორშაბათიდან მოყოლებული იაფდება, ხოლო გუშინ 1 უნცია დღის განმავლობაში ჯერ 4 690 დოლარამდე, ხოლო რამდენიმე საათში 4 590 დოლარამდე გაიაფდა.  

2026 წლის მარტის შუა რიცხვებიდან მოყოლებული „ბრენტის“ მარკის ნავთობი 100-114 დოლარის ფარგლებში მერყეობს.  აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი გამორიცხავს ფასის 200 დოლარამდე ზრდას, თუმცა რისკი ძალიან მაღალია. ფასის ზრდას იწვევს მიწოდების შეფერხება, რაც თავის მხრივ, ახლო აღმოსავლეთში შექმნილ კონფლიქტს, მათ შორის, ყატარის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს უკავშირდება და ზრდის მიწოდების ჯაჭვის წყვეტის რისკს. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი ნავთობის გაძვირებას უწყობს ხელს.

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ბირჟებზე, ნავთობის ფასის მკვეთრმა მატებამ შეუქცევასი ხასიათი მიიღო, ვაშინგტონმა ჯერ რუსული ნავთობი გაათავისუფლა სანქციებისგან, შემდეგ ვენესუელას შეუმსუბუქა შეზღუდვები და გუშინ კი აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა საერთოდ დაუჯერებელი განცხადება გააკეთა - შესაძლოა, ირანულ ნავთობს ამერიკამ სანქციები დროებით მოუხსნას კიდეც. ბესენტმა „ფოქს ნიუსს“ განუმარტა, რომ საუბარია იმ ირანულ ნავთობზე, რომელიც უკვე ზღვაშია დატვირთული. აშშ-ის ხელისუფლებამ, შესაძლოა, ეს გააკეთოს იმისთვის, რომ ნავთობზე ფასი დააგდოს და ამით ირანელებს შემოსავალი შეუმციროს.

„მომდევნო დღეებში, ჩვენ, შესაძლოა, სანქციები მოვუხსნათ ირანულ ნავთობს, რომელიც ახლა ზღვაში იმყოფება. საუბარია, დაახლოებით, 140 მილიონ ბარელზე. წინასწარი დათვლებით, ეს 10 დღის ან ორი კვირის მარაგია და მიდის ჩინეთში. შესაბამისად, ჩვენ გამოვიყენებთ ირანულ ნავთობს, ირანელებისვე წინააღმდეგ, დავაგდებთ რა, ფასებს მომდევნო 10 ან 14 დღის განმავლობაში“, - განაცხადა სკოტ ბესენტმა.

რაც შეეხება ოქროს, 2026 წლის მარტის შუა რიცხვების მონაცემებით, მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა, რამაც 1 უნციაზე, დაახლოებით, 5100 დოლარამდე შეადგინა. თუმცა, გუშინ საღამოს, 1 უნცია ოქროს ჯერ 4 690 დოლარამდე, ხოლო დღეს უკვე 4 590 დოლარამდე გაიაფდა. 

როგორც წესი, ომის დროს, ნავთობიც და ოქროც ძვირდება და ეკონომისტები ამას „ომის შოკს“ უწოდებენ, მაგრამ რას ნიშნავს და როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ „ბრენტის“ მარკის ნავთობი გაძვირდა, მაგრამ ამერიკული - არა და რაც მთავარია, ოქრო გაიაფდა? ფინანსისტი ნიკა შენგელია „რეზონანსთან“ საუბრისას ამას ბირჟის ჩვეულებრივ ქმედებას უწოდებს და ინვესტორების რეაქციით ხსნის.

„ზოგადად, „ბრენტის“ ტიპის და ამერიკულ ნავთობს შორის სხვაობა 2-6 დოლარის ფარგლებში მერყეობს ხოლმე, მაგრამ ამერიკული ნავთობიდან ხარისხიან საწვავს ვერ მიიღებთ, თუ არ შეურევთ „ბრენტის“ ტიპის ან რუსულ ნავთობს, ანუ მძიმე ნავთობპროდუქტებს. ასეთი ნავთობპროდუქტები აქვს ვენესუელას, ირანსა და რუსეთს. მოგეხსენებათ, ირანში რა ხდება და იმის გამო, რომ ჰორმუზის სრუტეს მთლიანად თეირანი აკონტროლებს, ამიტომ ახლა ინვესტორი ხვდება, რომ ნავთობში უფრო მეტი ფულის გაკეთება შეიძლება ყიდვა-გაყიდვით, ვიდრე ოქროში. შესაბამისად, ინვესტორებისთვის ახლა ოქროს ფუნქცია შეითავსა ნავთობმა. 

ირანში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, როდესაც ნავთობი პირველად გახდა 120 დოლარი და მერე დაბლა ჩამოვიდა მისი ფასი, ვთქვი, რომ ნავთობი 93 დოლარამდე გაიაფდებოდა და მერე ისევ გააგრძელებდა ზემოთ სვლას. ეს არის ტექნიკური ანალიზის პასუხი, ამიტომ გასაკვირი არაფერია. ნავთობის ფასი დარჩება 100 დოლარს ზემოთ, ვიდრე არ დარეგულირდება სიტუაცია ირანსა და ახლო აღმოსავლეთში“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ. 

„რეზონანსის“ კითხვაზე, რას მიანიშნებს საფონდო ბირჟების ბოლოდროინდელი ტენდენცია, ექსპერტმა გვიპასუხა, რომ ბირჟებზე განსაკუთრებული არაფერი ხდება, პირიქით, ინვესტორები ცდილობენ ფული მოიგონ ნავთობის ფიუჩერსებით. 

„ნავთობის ფასი უფრო მოძრავია და ამიტომ გადმოინაცვლეს ინვესტორებმა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოქროს უფრო მეტად გაიაფდება. ასე არ მოხდება, რა თქმა უნდა, შეიძლება 4300-4400 დოლარამდეც ჩამოვიდეს 1 უნციის ფასი, მაგრამ შემდეგ ისევ გააგრძელებს აღმასვლას“, - დასძინა ნიკა შენგელიამ.  

ირანსა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ საომარ მოქმედებებს უკავშირებს ნავთობის ფასის ზრდას ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე. კონფლიქტების დროს, ნავთობის გაძვირება ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს ყოველთვის ასე ხდებოდა. რაც შეეხება განსხვავებას „ბრენტის“ მარკის ნავთობსა და ამერიკულ „ლაითს“ შორის, გიორგი ცუცქირიძემ ეს იმით ახსნა, რომ „ბრენტი“ საერთაშორისო ბენჩ-მარკაა, ხოლო ამერიკულ ნავთობს პირდაპირი შეხება არ აქვს კონფლიქტთან. 

„ის, რაც ნავთობის საერთაშორისო ბირჟაზე მოხდა, ერთგვარი ომის შოკია. „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასის ასე ავარდნა კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ტრეიდერები ელოდებიან, როდის დასრულდება კონფლიქტი ჰორმუზის სრუტეში. 

რაც შეეხება ამერიკულ ნავთობს, ის არა საზღვაო გადაზიდვებთან, არამედ სახმელეთო გადაზიდვებთანაა დაკავშირებული და ამიტომ ამ კონფლიქტთან შეხება არ აქვს. მართალია, ამერიკული ნავთობის ფასი მიჰყვება „ბრენტის“ ფასს სტაბილურ ვითარებაში, მაგრამ მაღალი შოკის დროს აღარ მიჰყვება, რადგან უშუალოდ ამერიკულ ნავთობს არ ეხება ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ეფექტი. ბოლოს და ბოლოს, ნავთობის 20% გადის ჰორმუზის სრუტით და ეს სრულად ჩაიკეტოს, ნიშნავს, რომ 20%-ით ნაკლები იქნება მიწოდება, რაც 15-20 მილიონი ბარელია დღეში. ტრამპის მუქარა, რომ ირანის მარაგებს ააფეთქებდა, პირდაპირ აისახება ნავთობის ფასზე და ამის შედეგია „ბრენტის“ მარკის ნავთობის გაძვირება“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას გიორგი ცუცქირიძემ. 

ტრამპის განცხადებებს უკავშირებს ნავთობისა და ოქროს ფასის ცვლილებას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე. სწორედ ტრამპის განცხადებებმა, ასევე პუტინთან გამართულმა მისმა დიალოგმა გააჩინა რუსული ნავთობის გაიაფების მოლოდინი, რის გამოც ნავთობის ფასი ჯერ შემცირდა, აგრამ შემდეგ ისევ გაიზარდა. 

„ირანსა და ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, ნავთობის ფასმა დაიწყო ზრდა გამომდინარე იქიდან, რომ ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მიმოსვლა, პრაქტიკულად, შეჩერებულია. ამიტომ, ვიდრე საომარი მოქმედებები გაგრძელდება, მუდმივად უნდა ველოდოთ მსგავს რყევას ნავთობის ბაზარზე. ეს კი, ბუნებრივია, განაპირობებს ფასის ცვალებადობასაც. 

გარდა ამისა, როგორც ნავთობის, ასევე ოქროს ბაზარი ძალიან მგრძნობიარეა, შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, რომელსაც ვისმენთ მსოფლიო ლიდერებისგან, შესაძლოა, მყისიერად აისახოს ბირჟებზე. აქედან გამომდინარე, ვიდრე სიტუაცია არ დასტაბილურდება, უნდა ველოდოთ, რომ ამგვარი ქაოსი ნავთობისა და ოქროს ღირებულებაზეც გამოუდმებით აისახება“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×