ნატალია ჯვარიძე
20.03.2026

კათალიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას საქართველოს მსოფლიო ლიდერები უსამძიმრებენ. მის წვლილზე საუბრობენ და საქართველოს საელჩოებში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერებს აკეთებენ. დაკრძალვის მსახურებაზე კი მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე და ვატიკანიდან დელეგაცია თბილისში ჩამოვლენ.

  • მარკო რუბიო: „ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას".

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს სამძიმრის წერილს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ილია მეორის სულიერი წინამძღოლობა და ურყევი მემკვიდრეობა თაობებს დაამახსოვრდება.

„ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს. მისი სულიერი წინამძღოლობა და ურყევი მემკვიდრეობა თაობებს დაამახსოვრდებათ. დაე, განისვენოს მშვიდად," - წერია რუბიოს სამძიმრის წერილში.

აზერბაიჯანის პრემიერიალი ასადოვი ხაზს უსვამს ილია მეორის მნიშვნელოვან წვლილს ორი ქვეყნის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში და საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხს და მართლმადიდებელ ეკლესიას უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ჩვენი ეპოქის გავლენიანი სასულიერო მოღვაწის, ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.

„მისმა უწმინდესობამ, ილია II-მ თავისი ცხოვრება მიუძღვნა საკუთარი ხალხისა და უნივერსალური ადამიანური ღირებულებების ერთგულ მსახურებას. კავკასიის რეგიონში მშვიდობის, ერთობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობით, ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მან მილიონობით ადამიანის დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.

„მისმა უწმინდესობამ, ილია ll-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებული ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში.

„ამ მძიმე დანაკლისთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ საქართველოს მთავრობას, სრულიად საქართველოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას", - აღნიშნულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბერის ექინჯიმ საქართველოს ელჩს, არჩილ კალანდიას ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა. ანკარაში, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩანაწერი გააკეთა.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს და მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთ დიდ დანაკლისს. ამ მწუხარების ჟამს ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს თანაგრძნობას და სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ", - ნათქვამია ჩანაწერში.

ილია მეორის გარდაცვალების გამო ასევე სამძიმარს აგზავნის იერუსალიმის, როდოსის და მალტის წმ. იოანეს ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენი:

„მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის სახელით, მსურს, გამოვხატო თქვენ მიმართ, წმინდა სინოდის და ყველა მორწმუნის მიმართ ჩემი უღრმესი სამძიმარი და დაგარწმუნოთ, რომ ამ გლოვის დროს თქვენთვის ვლოცულობთ.

ვანდობ განსვენებული პატრიარქის სულს უფლის მოწყალებას და ვლოცულობ, რომ ყველამ, ვინც მას გლოვობს, ნუგეში ჰპოვოს", - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერს დიდი კომენდატორი, ფრა ემანუელ რუსო.

ამასთან, ეკლესიათა მსოფლიო საბჭო კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ჩვენ, მთელ მსოფლიოში ჩვენს მართლმადიდებელ დებსა და ძმებთან ერთად, მადლობას ვწირავთ ღმერთს პატრიარქ ილია მეორის სიცოცხლისა და მოღვაწეობისთვის. ღმერთმა მისცეს ძალა, მშვიდობა და ნუგეში ყველას, ვინც გლოვობს ამ მწუხარებისა და დანაკლისის ჟამს", - აღნიშნულია საბჭოს გენერალური მდივნის, ჯერი პილეის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×