
სამების საკათედრო ტაძართან ხალხის უწყვეტ ნაკადს ბოლო არ უჩანს - მოქალაქეები საათობით ელოდებიან, რათა უკანასკნელი პატივი მიაგონ კათოლიკოს-პატრიარქს, რომლის დაკრძალვა კვირას, 22 მარტს გაიმართება.
„წირვას მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი, დაახლოებით, 11 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას," - უთხრა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.
მისივე თქმით, 22 მარტს, სამების საპატრიარქო ტაძარში შესვლა საშვებით იქნება დაშვებული.
„შემდეგ იქნება სიტყვით გამოსვლა, ქადაგება სხვადასხვა მოღვაწეებისა, უწმინდესის შესახებ. უკვე შემდეგ სიონში გადავასვენებთ უწმინდესს და იქ დაიკრძალება. ოფიციალურად სტუმრების სიას გამოაქვეყნებს საპატრიარქოს გვერდი."
„ფიზიკურად ხედავთ რა ხდება, მეტროდან იწყება მოქალაქეების რიგები, უწყვეტად მრავალი საათის განმავლობაში და მით უმეტეს დაკრძალვის დღეს ბევრად მეტი ადამიანი იქნება. ალბათ, გადაჭედილი იქნება მთელი ტერიტორია, სამებიდან სიონის ტაძრამდე. ტაძარში შესვლაზე იქნება გარკვეული შეზღუდვები, მხოლოდ საშვებით იქნება დაშვება. სასულიერო პირებიც შეზღუდულად იმსახურებენ წირვის დროს და შესვლა იქნება მხოლოდ საშვებით. ეზოში მოქალაქეები, დიდი ალბათობით, ჩვეულებრივად იქნებიან. ეგეც გაირკვევა, დადგენის პროცესია როგორ იქნება პროტოკოლი. ისევე როგორც მედიაზე. შიგნით არ იქნება დაშვება, გარეთ გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ.
- „მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი, დაახლოებით, 11 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12 საათისთვის ველოდებით აქ."
რაც შეეხება გადასვენებას, ზუსტად ვერ გეტყვით, რომელზე იქნება გადასვენება, რა დროს მობრძანდება მსოფლიო პატრიარქი, რამდენ ხანს გაგრძელდება წესის აგება, სიტყვით გამოსვლა, გამოსვენება, დაახლოებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე, სავარაუდოდ", - განაცხადა იოვანე მჭედლიშვილმა.
ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. კვირას, მისი ანდერძის თანახმად, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
„ხალხის ნაკადი არ წყდება"
სამების ტაძართან იმ მოქალაქეების ნაკადი არ წყდება, რომლებსაც კათოლიკოს-პატრიარქისთვის უკანასკნელი პატივის მიგება სურთ. გუშინ პატრიარქის ნათლულებმა თეთრი ვარდებით მსვლელობა გამართეს.
სამების საპატრიარქო ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხით იყო სავსე მთელი ღამის განმავლობაში. ასობით მოქალაქეს რიგში ღამის გათენებაც მოუწია.
საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, 21 და 22 მარტს, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სამგლოვიარო ზარი ეკლესია-მონასტრებში პატრიარქის დაკრძალვის დღის - 22 მარტის ჩათვლით დაირეკება.
პარალელურად, სიონის ტაძარში ილია II-ის დაკრძალვისთვის მზადება მიმდინარეობს. პატრიარქის განსასვენებელი ადგილი სიონში, მარცხნივ, საკურთხეველთან შეარჩიეს.
აქვე, აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები 21-22 მარტს მოქალაქეებისთვის მეტროთა და ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.