ნატალია ჯვარიძე
20.03.2026

ახლო აღმოსავლეთში კვლავ რთული ვითარებაა. ისარელმა ირანის დედაქალაქ თეირანში საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო და ომის გაგრძელება დაანონსა. სავარაუდოდ, ლიკვიდირებულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პრესსპიკერი. ირანის ახალი უზენაესი ლიდერი აიათოლა მოჯტაბა ხამენეი, პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ „ქვეყნის მტრებს უსაფრთხოება არ უნდა ჰქონდეთ". არაბთა გაერთიანებული საამიროების, ქუვეითის, საუდის არაბეთისა და ბაჰრეინის ტერიტორიებზე კი სარაკეტო და დრონებით თავდასხმები გრძელდება.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმების სამიზნე „ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურაა".

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელს სამ მიზანი აქვს : ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა, ბალისტიკური რაკეტების საფრთხის აღმოფხვრა და ირანელი ხალხისთვის თავისუფლების მოსაპოვებლად პირობების შექმნა.

ღამით ირანმა იერუსალიმის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები ისროლა. რაკეტების მოგერიებით გამოწვეული აფეთქებების ხმა ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გაისმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელს სამ მიზანი აქვს : ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა, ბალისტიკური რაკეტების საფრთხის აღმოფხვრა და ირანელი ხალხისთვის თავისუფლების მოსაპოვებლად პირობების შექმნა.

ნეთანიაჰუს სურს უარყოს კიდევ ერთი „ყალბი ამბავი" - რომ ისრაელმა აშშ-მ ირანთან კონფლიქტში ჩაითრია.

„ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ვინმეს შეუძლია პრეზიდენტ ტრამპს უთხრას, რა გააკეთოს? კარგით, რა!" - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა და დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, თუ რა მიაჩნია ამერიკისთვის სასიკეთოდ".

„არავინ შემიყვანია შეცდომაში. არ მჭირდებოდა პრეზიდენტი ტრამპის დარწმუნება, რომ საჭიროა ხელი შევუშალოთ ირანს ბირთვული პროგრამის განვითარებაში, მის მიწისქვეშ გადატანასა და შეერთებული შტატებისკენ ბირთვული რაკეტების გაშვებაში. მან ეს ესმოდა. მან ამიხსნა. მე არ ამიხსნია. ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორობა ერთადერთი გზაა ამ კატასტროფული განვითარების თავიდან ასაცილებლად", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი აიათოლა მოჯტაბა ხამენეი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს უსაფრთხოება უნდა წაართვან.

The Times of Israel-ის ცნობით, მოჯთაბა ხამენეი ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისადმი გაგზავნილ წერილში, რომელშიც ისრაელის მიერ ლიკვიდირებული დაზვერვის მინისტრის, ესმაილ ხატიბის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს პრეზიდენტს ამბობს, რომ სამინისტრომ ესმაილ ხატიბის ლიკვიდირებას ირანის „შიდა და გარე მტრების" უსაფრთხოების ხელყოფით უნდა უპასუხოს.

ხამენეი, რომელმაც მამამისი, 86 წლის აიათოლა ალი ხამენეი შეცვალა, უზენაეს ლიდერად დანიშვნის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. აიათოლა ხამენეი ომის პირველ დღეს, 28 თებერვალს, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.

ამერიკელი და ისრაელელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ მოჯტაბა ხამენეი დაჭრილია.

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიმდინარეობდა რეაგირება ირანიდან მომავალ საფრთხეებზე და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ, შესაძლოა, თავდასხმის მოგერიების გამო აფეთქებების ხმები გაიგონონ.

ქუვეითმა ასევე გააფრთხილა მოქალაქეები საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის შედეგად მოსალოდნელ აფეთქებების ხმებზე და მათ უსაფრთხოების ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდა.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში კიდევ ხუთი დრონი მოიგერია.

სირენების ხმა ისმოდა ბაჰრეინშიც, სადაც ხელისუფლებამ მოსახლეობას უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა „ირანის აგრესიის" შედეგი იყო და რომ ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა საწყობში ხანძარი გამოიწვია.

აღსანიშნავია ისისც, რომ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ნაინი, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პრესსპიკერის თანამდებობას 2024 წლიდან იკავებდა, „მოწამეობრივად დაიღუპა".

ისრაელს, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ ნაინის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე სახელმწიფო ტელევიზიით მისი განცხადება გავრცელდა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პრესსპიკერმა უარყო ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება, რომ ირანს რაკეტების წარმოების შესაძლებლობა აღარ აქვს და აღნიშნა : „ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ომის დროსაც კი ვაწარმოოთ რაკეტები."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×