
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „დიდი შერიგებისკენ" ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას, გარკვეულ კომპრომისებზე წავიდეს, რათა ქვეყანაში სიტუაცია განიმუხტოს და რეალური დიალოგის დაწყებისთვის შესაბამისი გარემო შექმნას. ეს იქნებოდა პატრიარქის ანდერძის „სწორად გააზრება", სადაც ურთერთმიტევებასა და შერიგებაზეა აქცენტი.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციას არასწორი შეფასება აქვს, ის დღის წესრიგს არ ქმნის და ჯერ მან უნდა „სცეს პატივი სახელმწიფო ინსტიტუტებს".
„უწმინდესის სიტყვები ყველასთვის ცხადია და დიდი ხანია ამ პოზიციას იცავს, მაგრამ მეორე მხრივ საკითხი დგება, თუ ოპოზიცია რა ნაბიჯებს გადადგამს, მარტო ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები? ოპოზიციას, მე მგონი, არასწორი შეფასება აქვს, მიაჩნია, რომ დღის წესრიგს ის ქმნის. ხელისუფლებას სრულიად მშვიდად, წყნარად შეუძლია ცხოვრების გაგრძელება ისე, რომ სულ არ შეიმჩნიოს ოპოზიციის არსებობა. დიალოგი მისი კეთილი ნება იქნება მხოლოდ.
„რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიცია გაიქცევა და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ უცხოეთს დაძრავს, ეგ ხერხიც უკვე აღარ მუშაობს, ვხედავთ, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს უცხოეთის იმ პოლიტიკურ ჯგუფებზე რაიმე რეაქცია, რომლებთანაც ოპოზიციონერები ასე აქტიურად თანამშრომლობენ.
„თუ ოპოზიცია სიტუაციას ობიექტურად შეაფასებს, ისაა დაინტერესებული მხარე ურთიერთობის ნორმალიზაციაში, რადგან ისინი ძალიან ადვილად შეიძლება აღმოჩნდნენ პოლიტიკის გაღმა და მათი რეიტინგი იმდენად დაბალი შეიძლება იყოს, რომ არჩევნების დროსაც რომ მიიღონ მონაწილეობა, შეიძლება ამანაც შედეგი არ მოუტანოს. ქუჩაში მყოფი ოპოზიცია დიდი წონის არაა, ასე ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს ოპოზიცია, აგერ ამერიკაში მოსახლეობის თითქმის 50% სხვა პარტიის წარმომადგენელია, ესე იგი ოპოზიციაა. ქუჩაში რომ დადიან, ეს იგი ქუჩის ოპოზიციაა - ამით არაფერი არ იცვლება", - განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, რას ნიშნავს „ქართული ოცნების" „კეთილი ნება" და რა შემთხვევაში შეიძლება გამოიჩინოს მან ეს, საყვარელიძემ გვითხრა:
„თუკი კეთილი ნების ნიშნები ჯერ ოპოზიციამ გამოავლინა. სიკეთეს სიკეთეთ პასუხი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ აქამდე ხომ სულ აგრესიული იყო ოპოზიცია? იქ კობახიძე ივანიშვილის პრემიერიაო, ეს ხომ ქვეყნისთვის, უმრავლესობისთვის, ივანიშვილისთვის და კობახიძისთვის შეურაცხყოფაა? ამ სტილში როცა აქვს ოპოზიციას ურთიერთობა, მის მიმართ კეთილი ნების გამოვლენა ბუნებრივია ხელისუფლებას არ ენდომება.
„ოპოზიციის მხრიდან კეთილი ნება კი იქნება ის, რომ არ იყოს აგრესიული, პატივი სცეს უმრავლესობის არჩევანს, სახელმწიფო ინსტიტუტებს და ჩაჯდეს უკვე ამ ინსტიტუტების ცხოვრების წესში და ქუჩას თავი დაანებონ. ქუჩა და ჯანჯღარი კარგი რომ იყოს, ევროპულ ქვეყნებში რევოლუციები იქნებოდა და არ არის. ევროპელები აქ ცდილობენ რევოლუცია მოხდეს, ოღონდ თავისთან რევოლუციის გაკეთებას არ ჩქარობენ, იმიტომ, რომ ეს კარგი საქმე არაა", - განაცხადა საყვარელიძემ.
- რამაზ საყვარელიძე: „თუკი კეთილი ნების ნიშნები ჯერ ოპოზიციამ გამოავლინა. სიკეთეს სიკეთეთ პასუხი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ აქამდე ხომ სულ აგრესიული იყო ოპოზიცია?"
ოპოზიციონერ პოლიტიკოს არმაზ ახვლედიანის თქმით, „თუ ჩვენ გვაქვს პატრიარქის ხათრი, დიდი შერიგება უნდა მოხდეს, რისკენაც პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას მან, ვის ხელშიც ბერკეტებია".
„ყველაზე დიდი პატივისცემა მისი ხსოვნის მიმართ, მისი მემკვიდრეობის მიმართ იქნებოდა, თუ ვის ხელთაც არის ძალაუფლება, ანუ დღევანდელი ხელისუფლება, დათმობს და წავა გონივრულ კომპრომისზე საქართველოში დიდი ეროვნული თანხმობისთვის. თუ ის ამ პირველ ნაბიჯებს გადადგამს, ჩვენც გადავდგამთ. არ მაქვს არავითარი მანდატი ოპოზიციის მხრიდან, რომ ვთქვა, ვინ რა ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ მჯერა, მოიძებნებიან ასეთი ადამიანები. ვალდებული ვართ, თუ ეს ვერ გავაკეთეთ აქამდე, გავაკეთოთ ახლა, როცა ძალიან განსხვავებული და უცნაური შანსი მოგვეცა - გადავდგათ ნაბიჯები დიდი ეროვნული თანხმობის მისაღწევად საქართველოში, სამართლიანობის საზეიმოდ.
„ყველაზე დიდი პატივისცემა პატრიარქის ხსოვნისა და მისი მემკვიდრეობის სწორად გააზრება და საქართველოსთვის ყველაზე სასიკეთო ნაბიჯის გადადგმა, დღეს ამ ვითარებაში, იქნებოდა სწორედ ის, თუ ხელისუფლება გადადგამდა რამდენიმე მნიშვნელოვან, არსებით კომპრომისულ ნაბიჯს, რაც განმუხტავდა ქვეყანაში ვითარებას და შექმნიდა თვისობრივად ახალ გარემოს იმისთვის, რომ არა მოჩვენებითი, არამედ რეალური დიალოგი დაწყებულიყო საქართველოში სამართლიანი მშვიდობის, სამართლიანობის და ნორმალურობის მისაღწევად",- თქვა ახვლედიანმა „პალიტრანიუსთან".