„ორბანი ცბიერი პოლიტიკოსია, მას ბევრჯერ დაუდია ვეტო, მაგრამ შემდეგ რაღაცის სანაცვლოდ მოუხსნია“
თამთა ჩაჩანიძე
20.03.2026

უნგრეთი ევროკავშირის ფარგლებში უკრაინისთვის 90 მილიარდი დოლარის გამოყოფას კვლავ ბლოკავს და ამის წინაპირობად ისევ „დრუჟბას" ამუშავებას ასახელებს. ევრობლოკი აცხადებს, რომ გეგმა „ბ" და ვეტოს დასაძლევად ინსტრუმენტები აქვს, თუმცა არ აკონკრეტებს რა სახის მექანიზმია უკრაინის დახმარების გამოყოფისთვის.

ევროპელი ლიდერები უკრაინის დახმარების კუთხით ვიქტორ ორბანის პოზიციის გამო კვლავ ჩიხში აღმოჩნდნენ, თუმცა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც ირწმუნებიან, რომ დაბრკოლების მიუხედავად უკრაინას დახმარებას მაინც გაუწევენ.

კაია კალასმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ „ოპტიმისტურად არის განწყობილი" და უნგრეთის პრემიერთან შეთანხმება მოხერხდება.

„ვნახოთ, რა მოხდება. ალტერნატივები არსებობს, მაგრამ ამას ყველა ჩვენგანისგან პოლიტიკური გამბედაობა სჭირდება", - აღნიშნა კაია კალასმა.

მან ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და მხარეებს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.

„ახლო აღმოსავლეთში ომიდან სარგებელს რუსეთი იღებს. ესკალაცია უნდა დასრულდეს", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

„ჩვენ შევასრულებთ დაპირებას, ასე თუ ისე", - თქვა მან ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა თქვა, რომ უკრაინისთვის სესხის ბლოკადა პირდაპირ კავშირშია დრუჟბას მილსადენის მეშვეობით ნავთობის აღდგენასთან, რომელიც კონფლიქტით დაზარალდა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან მექანიზმების გამოძებნას დრო სჭირდება, ამიტომ ერთ-ერთი გზ, ან რუსული მილსადენ „დრუჟბას" გახსნაა, ან უნგრეთში არჩევნები.

„აპრილში უნგრეთში არჩევნები ტარდება, ოპოზიციურ პარტია „ტისას" გააჩნია საკმაოდ კარგი შანსები, რომ ორბანს მოუგოს. შესაბამისად, ეს საკითხი უკვე ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გადაწყდება. შემთხვევით არაა, რომ უნგრეთის არჩევნების მესამე დღეს ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრაა დანიშნული, სადაც ეს საკითხი უნდა გადაწყდეს.

  • ვახტანგ მაისაია: „აპრილში უნგრეთში არჩევნები ტარდება, ოპოზიციურ პარტია „ტისას" გააჩნია საკმაოდ კარგი შანსები, რომ ორბანს მოუგოს. შესაბამისად, ეს საკითხი უკვე ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გადაწყდება"

„თავად ევროკავშირის მექანიზმს რაც შეეხება, იქ არის გარკვეული პროცედურები, რომლის მეშვეობით შეიძლება თანხები გადანაწილდეს, რომელსაც კონსენსუსი არ სჭირდება და ეს უკვე ევროკავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილოების საფუძველზე მოხდება, მაგრამ ეს დროს მოითხოვს.

„თუ კონსენსუსი არ შედგა, მერე მოლაპარაკებაც შეიძლება. ორბანი საკმაოდ ცბიერი პოლიტიკოსია, მას ბევრჯერ დაუდია ვეტო, მაგრამ შემდეგ რაღაცის სანაცვლოდ მოუხსნია. „დრუჟბის" ამუშავების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უკრაინა დახმარებას მიიღებს. აქ შეიძლება აშშ-ც ჩაერიოს, რადგან ამერიკელებმა გარკვეულ რუსულ კომპანიებს სანქციები მოუხსნეს, როგორც ჩანს, ეს დიდ თამაშებზეა საუბარი და სავარაუდოდ ირანის ომთანაა კავშირში", - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×