
საქართველოს დელეგაცია პრემიერის მეთაურობით ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას დაესწრო, სადაც ირაკლი კობახიძე სიტყვითაც გამოვიდა. ამავე კონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიდეომიმართვა გავრცელდა, რომელმაც უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს 12 აპრილის არჩევნებში მხადრაჭრა გამოუცხადა.
ქართული ოპოზიციის აზრით, ვიზიტის რეალური მიზანია, რომ უნგრეთმა საქარტველოს ხელისუფლებას აშშ-სთან ურთიერთობების დალაგებაში უშუამავლოს.
ანალიტიკოსთა ნაწილს უნგრეთის შუამავლობაში ეჭვი ეპარება, ნაწილი კი ფიქრობს, რომ გზავნილები აუცილებლად მივა ამერიკის ადმინისტრაციამდე.
საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში 12 აპრილსაა ჩანიშნული. ამ ფონზე განსაკუთრებით ნიშანდობლივია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ბუდაპეშტში დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც, „როიტერსის" ინფორმაციით, აპრილის დასაწყისში შედგება. დასავლური მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ ვიზიტი შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ მხარდაჭერის დემონსტრირება.
ამ მხრივ ორბანს მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძეც. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ესაა აშშ-სთან „შეტენვის ოპერაცია". როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგუალავა აღნიშნავს, „ორთა ბატონთა მსახურება არ გამოვა".
„ოცნების" აშშ-თან შეტენვის ოპერაცია გრძელდება. კობახიძე ამ მგლოვიარობის ჟამს უნგრეთში ჩავიდა. ალბათ ხვდებით, რომ ორბანს ის არჩევნებში ვერ დაეხმარება. სიმართლე ისაა, ბუდაპეშტში კონსერვატორული კონფერენცია ტარდება. მას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი დაესწრება. აი, ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ გავარდა უწმინდესის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე უნგრეთს", - წერს უგულავა.
„პატრიარქის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთიდან აკოორდინირებს დაკრძალვის პროცედურებს? ორი დღე ვერ მოიცადა კაცმა, საქართველოშიც კი არ გაჩერდა, ორბანთან გაიქცა, იქნებ ამერიკელებს დამალაპარაკოსო", - წერს „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორბანს ღია სრული მხარდაჭერა გამოუცხადა 21 მარტს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის ფარგლებში ვიდეომიმართვაში.
„დიდი პატივია მისი მხარდაჭერა. მას წინა არჩევნების დროსაც დავუჭირე მხარი და გაიმარჯვა", - თქვა ტრამპმა.
კობახიძე კონფერენციაზე
ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე სიტყვის შესავალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს ხსოვნას დაუთმო. მისი შეფასებით, „პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა".
კობახიძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ მეზობელ რეგიონებში მშვიდობა მალე აღდგება და „სამხედრო დაპირისპირებას დიალოგი ჩაანაცვლებს". როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს სტაბილურობა შემთხვევითი არ არის, ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია.
„ის სტაბილურობა, რომელსაც საქართველო დღეს ფლობს, შემთხვევითი არ არის. ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია. პროგნოზირებადმა მმართველობამ და მშვიდობისადმი ერთგულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებასა და ეროვნული მდგრადობის ზრდაში. ამ მიდგომის შედეგად გამოირჩევა საქართველო; მას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის დონე გააჩნია - 2021 წლიდან საშუალო წლიური 9.3%",- განაცხადა კობახიძემ.
მისივე შეფასებით, „ქრისტიანული კულტურული საფუძველი კვლავ რჩება ჩვენი საზოგადოების იდენტობის ცენტრალურ ნაწილად".
„ისტორიის განმავლობაში ჩვენი წინაპრები ევროპას იმ სივრცედ აღიქვამდნენ, სადაც მათი ქრისტიანული იდენტობა იქნებოდა დაცული. შესაბამისად, საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით - ჩვენი მემკვიდრეობის, რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით, რაც თავისთავად ურთულესი ამოცანაა.
„გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ევროპა დაიბრუნებს თავის სუვერენიტეტს, ქრისტიანულ იდენტობასა და ეკონომიკურ ძლიერებას მანამ, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
- ვიქტორ ორბანი: „ევროკავშირის მხრიდან მუდმივი ზეწოლისა და ლიბერალების მხრიდან მუდმივი ძირგამომთხრელი საქმიანობის მიუხედავად, სწორედ ის იცავს საქართველოს სუვერენიტეტს. დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი ქვეყანა საქართველოა".
თავის მხრივ ვიქტორ ორბანმაც ხაზი გაუსვა კობახიძის ვიზიტის მნიშვნელობას.
„დღეს ჩვენთან ერთად არის პატრიოტი ჩემპიონი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კავკასიიდან, რომელიც რუსული დათვის ხახაშია. ევროკავშირის მხრიდან მუდმივი ზეწოლისა და ლიბერალების მხრიდან მუდმივი ძირგამომთხრელი საქმიანობის მიუხედავად, სწორედ ის იცავს საქართველოს სუვერენიტეტს. დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი ქვეყანა საქართველოა", - განაცხადა ორბანმა.
ვიზიტის მნიშვნელობა
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს ვიზიტი სჭირდებოდა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს.
„ხელისუფლებას დიდი არჩევანი არც აქვს, განსაკუთრებით, როცა საქმე ევროპულ ქვეყნებს ეხება. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ქართული დელეგაცია ჩავიდა. ამასთან, ორბანისეული კონსერვატიული მიმდინარეობა გარკვეულწილად ტრამპის შეხედულებებს და პოლიტიკურ ორიენტაციას ეხმიანება.
- ვახტანგ ძაბირაძე: „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა „ოცნების" საქმე... ყველა საშუალებას იყენებენ, რომ რაღაცნაირად მოხვდნენ ტრამპის თვალთახევდის არეში."
„უნგრეთში არჩევნებია და ორბანს ძალიან სჭირდება შექმნას იმიჯი, რომ საგარეო პოლიტიკაში ევროპას არ უპირისპირდება და სხვა ქვეყნებთანაც აქვს ურთიერთობები. იყო ტრამპის მიმართვა, „ოცნება" კი ცდილობს ტრამპთან ურთიერთობები დაალაგოს", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვიზიტი ეროვნული ღირებულებების თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი.
„ვიზიტი უმნიშვნელოვანესია. დღეს მიმდინარეიბს პროცესი „ვინ - ვის". ეს ნიშნავს, რომ, პირობითად, ძველი „ბაიდენისეული", თუ ახალი მსოფლიო, რომელიც ლგბტ პროპაგანდისა და ასეთი უმსგავსობებისგან დაცლილია; ანიქრისტიანული, თუ ქრისტიანული ღირებულებები მსოფლიოს. სწორედ ამიტომ გაიმართა ეს კონფერენცია.
„აშკარად გამოჩნდა, რომ საქართველოს უკავია წამყვანი როლი არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მსოფლიოში - ეს ბატონმა ორბანმა თვითონვე გააჟღერა", - განაცხადა გვენეტაძემ.
უნგრეთი, როგორც შუამავალი
როგორც ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, ნაკლებ სავარაუდოა, რომ „ოცნებას" უნგრეთი აშშ-სთან ურთიერთობების დალაგების მხრივ შუამავლად გამოადგეს, თუმცა, დიდია ალბათობა, რომ ტრამპის თვალთახედვის არეში მოხვდნენ.
„წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა „ოცნების" საქმე. სხვა არანაირი არჩევანი არ აქვთ და ამიტომ ყველა ღონეს ხმარობენ და ყველა საშუალებას იყენებენ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ასე მოხვდნენ ტრამპის თვალთახევდის არეში. თავიანთი მომხრეებისთვისაც სჭირდებათ იმ შთაბეჭდილების შექმნა, რომ ნელ-ნელა სიტუაციას ვალაგებთო.
„ეს ვიზიტი და კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმასთან მიმართებაში, რაც ბელარუსში ხდება პატიმრების გათავისუფლების კუთხით აშშ-ბელარუსს შორის. ეს „ოცნებისთვის" გარკვეული გზმკვლევია, ბოლო-ბოლო შეიძლება პატიმრებით „ვაჭრობა" დაიწყოს და ეს ტრამპისთვისაც მისაღები გახდეს. ორბანს ახლა თავისი გასაჭირი აქვს, მაგრამ ტრამპის თვალთახედვით არეალში რომ მოხვდება ქართული დელეგაციის ვიზიტი, ამის ალბათობა ძალიან დიდია. ამიტომაც წავიდნენ, თორემ ორბანთან მანამდეც იყვნენ.
„ნაკლებ სავარაუდოა, რომ უნგრეთი „ოცნებას" აშშ-სთან დალაგების კუთხით შუამავლად გამოადგეს, რადგან აქ პრობლემა შუამავალი კი არა „ოცნების" პოლიტიკაა. თუ ის აშშ-სთვის მისაღები არ იქნა, გინდა ორბანი იყოს და გინდაც ტალეირანი გააცოცხლონ, მაინც არაფერი ეშველებათ.
„ოცნების" მხრიდან ეს სწორი ნაბიჯი გადაიდგა, ამით ცდილობენ ტრამპის თვალთახედვის არეში მოხვდნენ. ჯერჯერობით მეტი პოზიტიური ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლიათ, აკეთებენ მაქსიმუმს, რისი გაკეთებაც შეუძლიათ",- განაცხადა ძაბირაძემ.
- ედიშერ გვენეტაძე: „საქართველოს რაში უნდა სჭირდებოდეს ორბანის დახმარება ახლა, ამ წუთში?! ურთიერთობა დალაგებულიცაა და გადალაგებულიც... ოპოზიციის საქმე ისეა - „წყალწარებული ხავსს ეჭიდებიდაო".
ედიშერ გვენეტაძე გვეუბნება, რომ ოპოზიცია „წყალწაღებულია და ხავსს ეჭიდება".
„საქართველოს რაში უნდა სჭირდებოდეს ორბანის დახმარება ახლა, ამ წუთში?! ურთიერთობა დალაგებულიცაა და გადალაგებულიც. ამ კონფერენციას თავად აშშ-ის პრეზიდენტმა მიმართა, რომელმაც ეს კონფერენცია უაღრესაც დადებითად შეაფასა და უფრო მეტიც, ორბანს მხარი დაუჭირა მომავალ არჩებნებზე. ამით მემგონი ყველაფერი ნათქვამია და ოპოზიციის საქმე ისეა - „წყალწარებული ხავსს ეჭიდებიდაო", - განაცხადა გვენეტაძემ.