რეზონანსი
22.03.2026

ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას, ხალხს, დიდი განსაცდელი, ან დიდი სიხარული აერთიანებს,  - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. 

მისი განცხადებით, საქართველოს თითოეული შვილი, მთელი სისავსით გრძნობს, რამდენად დიდია დანაკლისი, რომელსაც ილია მეორე ტოვებს, ვინაიდან, ქვეყანა ემშვიდობება ეპოქას, რომელსაც მისი სახელი ერქვა. 

„დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში სწორედ ასეთი მომენტი დგას - მილიონობით ქართველი მდუმარედ ვხვდებით დიდ განსაცდელს და სწორედ ამ გამაყრუებელ მდუმარებაში, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა ისმის, ამ ქვეყნის თითოეული შვილი მთელი სისავსით გრძნობს, თუ რამდენად დიდია დანაკლისი, რომელსაც ტოვებთ... ამ სიჩუმეში ვემშვიდობებით ეპოქას, რომელსაც თქვენი სახელი ერქვა. 

დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის სულიერ შვილებად, შვილებად - მოძღვრისა, რომელმაც როგორც მთელი სიცოცხლე, გარდაცვალებაც საკუთარი სამწყსოს - ქართველი ხალხის ერთ მუშტად შეკვრასა და გაერთიანებას მიუძღვნა. 

უწმინდესო და უნეტარესო - დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის...

ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი...“,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×