
კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის შემდეგ ყველაზე აქტუალური საკითხია, თუ ვინ გახდება ახალი პატრიარქი. შესაბამისი პროცედურები რამდენიმე საფეხურს მოიცავს და ეკლესიის მეთაურის არჩევა, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში მოხდება. მთავარ კანდიდატად ამ ეტაპზე მეუფე შიო განიხილება, რომელიც ილია მეორე თავის სიცოცხლეშივე გამოაცხადა თანამოსაყდრედ. თუმცა, ეს არ იძლევა სრულ გარანტიას, რომ მომდევნო პატრიარქი სწორედ ის იქნება, რაზეც ისტორიული პრცედენტებიც მეტყველებს.
საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ეროვნებით უნდა იყოს ქართველი;
- უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი;
- უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება;
- ასაკით უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლისა;
- უნდა იყოს ბერი.
კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვლების შემდეგ, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე მის მოვალეობას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ასრულებს.
თავისი თანამოსაყდრე პატრიარქმა ილია მეორემ სიცოცხლეშივე, 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელა - სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
საეკლესიო წესების თანახმად მოსაყდრე იწვევს წმ. სინოდს. საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად. კრებაზე სინოდის ყველა წევრს ერთი საპატრიარქო კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს, მათ შორის საკუთარი თავისაც. ის სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ცხადდება პატრიარქობის კანდიდატად და შემდგომში კენჭს იყრიან სინოდის გაფართოებულ კრებაზე.
გაფართოებული კრების მოწვევა ხდება საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა. ანუ, შესაბამისად, 26 აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში. კრებას ესწრებიან როგორც უშუალოდ სინოდის წევრები, ასევე სხვა სასულიერო პირები და მრევლის წარმომადგენლებიც.
გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს უფლება აქვს კანდიდატთა შესახებ აზრი გამოთქვან, თუმცა, წესისამებრ, კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მხოლოდ მღვდელმთავრები მონაწილეობენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს - ანუ, სინოდის 39 წევრისგან მინიმუმ 20 ხმა.
თუ დასახელებული 3 კანდიდატიდან ხმათა ნახევარზე მეტს ვერცერთი ვერ შეაგროვებს, კენჭისყრა ხელმეორედ ტარდება. ამჯერად მასში მონაწილეობს მხოლოდ ის ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში უფრო მეტი ხმა მიიღო.
ისტორიული პარალელები
ისტორიკოსი შალვა მინდაძე წერს, რომ მსგავსი შემთხვევა, რაც ახლა შეიქმნა საქართველოს ეკლესიაში, ისტორიაში რამდენჯერმე უკვე იყო.
„თუ საკითხს ფართო ისტორიული გაგებით შევხედავთ და ჩავრთავთ იმ შემთხვევებსაც, როცა მოქმედმა პატრიარქმა სიცოცხლეშივე ვინმე გამოარჩია, დატოვა ან წერილობით განსაზღვრა მოსაყდრედ, მაშინ ისტორიულ მასალაში რამდენიმე პრეცედენტი ჩანს.
„ყველაზე მკაფიოდ იკვეთება პატრიარქი კალისტრატე და მელქისედეკი. სერგო ვარდოსანიძის მიხედვით, კალისტრატემ 1943 წლის სექტემბერში მელქისედეკი მოსაყდრედ გამოარჩია, ხოლო მელქისედეკი მოგვიანებით, 1952 წელს აირჩიეს კათოლიკოს-პატრიარქად. ეს არის ყველაზე მტკიცე ისტორიული მაგალითი იმისა, რომ პატრიარქის სიცოცხლეშივე გამორჩეული მოსაყდრე შემდეგ თავად გახდა პატრიარქი.
„მეორე მნიშვნელოვანი შემთხვევაა მელქისედეკ III და დავით დევდარიანი. წყაროები მიუთითებენ, რომ მელქისედეკ III-მ, თავდაპირველად ნაუმ შავიანიძისთვის მოსაყდრეობის შეთავაზების შემდეგ, დავით დევდარიანი დანიშნა ქორეპისკოპოსად და მოსაყდრედ. სხვა ტექსტში პირდაპირ წერია, რომ პატრიარქის წერილობითი განკარგულებით დავით დევდარიანი მოსაყდრედ ცხადდებოდა. თუმცა მელქისედეკის გარდაცვალების შემდეგ, 1960 წლის 11 იანვარს წმინდა სინოდმა დავითის ნაცვლად მოსაყდრედ ეფრემი აირჩია. მაშასადამე, ეს არის შემთხვევა, როცა სიცოცხლეშივე დატოვებული მოსაყდრე პატრიარქი ვერ გახდა, რადგან გადაწყვეტილება სინოდმა შეცვალა.
„მესამე, ყველაზე სადავო და ისტორიოგრაფიულად რთული შემთხვევაა ეფრემ II და დავით დევდარიანი. წყაროებში ფიქსირდება, რომ არსებობდა 1972 წლის 17 მარტით დათარიღებული წერილობითი განკარგულება, რომლის მიხედვითაც ეფრემ II თავისი გარდაცვალების შემდეგ მოსაყდრედ დავითს ტოვებდა; ამავე დროს იგივე ისტორიული კვლევა აღნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილი ამ დოკუმენტს მოგვიანებით ჩართულ ინტერპოლაციად მიიჩნევდა. მიუხედავად ამ დავისა, ფაქტია, რომ 1972 წლის 7 აპრილს წმინდა სინოდმა დავით დევდარიანი მოსაყდრედ აირჩია, ხოლო 1-ლ ივლისს XI საეკლესიო კრებამ იგი კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ამიტომ ეს შემთხვევა არსებობს, მაგრამ მისი „სიცოცხლეშივე გამოცხადებული მოსაყდრის" კატეგორიაში შეტანა სრულად უეჭველი არ არის", - წერს მინდაძე.
- შალვა მინდაძე: „ამ ფართო კატეგორიიდან უდავოდ ერთხელ მოხდა, რომ მოსაყდრე შემდეგ პატრიარქი გახდა - ეს იყო მელქისედეკი; ხოლო სადავო დოკუმენტის ჩათვლით, ეს რიცხვი ორამდე შეიძლება გაიზარდოს დავით დევდარიანის შემთხვევის დამატებით."
ისტორიკოსი დასკვნის სახით წერს:
„თუ ვითვლით მხოლოდ შიოს ზუსტად მსგავს, თანამედროვე, წინასწარ და ოფიციალურად გამოცხადებულ მოდელს, ასეთი პრეცედენტი ქართულ ეკლესიაში ერთია. თუ ვითვლით ფართო ისტორიულ კატეგორიას, სადაც პატრიარქმა სიცოცხლეშივე გამოარჩია ან წერილობით დატოვა მოსაყდრე, მაშინ გვაქვს სამი ძირითადი შემთხვევა - კალისტრატე-მელქისედეკი, მელქისედეკი-დავითი და ილია II-შიო; და ერთი სადავო შემთხვევა - ეფრემ II-დავითი.
„ამ ფართო კატეგორიიდან უდავოდ ერთხელ მოხდა, რომ ასეთი მოსაყდრე შემდეგ პატრიარქი გახდა - ეს იყო მელქისედეკი; ხოლო სადავო დოკუმენტის ჩათვლით, ეს რიცხვი ორამდე შეიძლება გაიზარდოს დავით დევდარიანის შემთხვევის დამატებით."
მინდაძის თქმით, „საქართველოს ეკლესიის ისტორიაში სიცოცხლეშივე გამოცხადებული მოსაყდრის პატრიარქად გახდომა ძალიან იშვიათი მოვლენაა."
„შიოს ზუსტად მსგავსი თანამედროვე პრეცედენტი ფაქტობრივად არ გვხვდება; ფართო ისტორიული გაგებით კი ასეთი შემთხვევები რამდენიმეა, მაგრამ მათგან უდავოდ წარმატებული ყველაზე მკაფიო მაგალითი სწორედ კალისტრატეს მიერ გამორჩეული მელქისედეკია. დანარჩენ შემთხვევებში ან სინოდმა შეცვალა არჩევანი, ან დოკუმენტის სანდოობა ისტორიკოსთა შორის სადავო დარჩა", - წერს ისტორიკოსი.