რეზონანსი
22.03.2026

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 22 მარტს პრაქტიკულად მთელმა საქართველომ გააცილა ბოლო გზაზე. ცერემონია სამგლოვიარო გალობისა და უწყვეტი ზარების რეკვის ფონზე ჩატარდა, რასაც ათიათასობით ადამიანი დაესწრო. სამებაში იმყოფებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიების ოფიციალური დელეგაციები. მათ შორის მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველიც, რომელმაც წესის აგებაში მიიღო მონაწილეობა.

ამ დღეს საქართველოში ხუთი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური იმყოფებოდა: მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I; სრულიად ბულგარეთის პატრიარქი, უწმინდესი დანიელი; სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი, უნეტარესი იოანე; ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი და ამერიკის მიტროპოლიტი ტიხონი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონია ორგანიზებულად ჩატარდა.

სამების საკათედრო ტაძარში სინოდის წევრებმა წირვა დილის 9 საათზე დაიწყეს. დაახლოებით 12 საათისთვის სამებაში მივიდა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლად უწმინდესი ბართლომეოს პირველი. მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება.

მსახურების შემდეგ, ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მსოფლიო პატრიარქმა, ასევე საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ. სამების ტაძარში იმყოფებოდნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები და საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსული დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნიდან.

თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო, რომ დაკრძალვის დღეს სამების ტაძარი რიგითი მოქალაქეებისათვის დაიკეტებოდა და შესვლა მხოლოდ საგანგებო საშვებით იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა, საზოგადოების დიდი მოთხოვნით, საპატრიარქომ ეს გადაწყვეტილება შეცვალა. მოქალაქეების ნაწილმა ღამე ტაძართან გაათენეს, მაგრამ პატრიარქს პატივი მაინც ვერ მიაგეს. ამიტომ წირვის მიმდინარეობისას მათ ტაძარში შესვლის უფლება მიეცათ, მაგრამ შეზღუდულად.

დაახლოებით 3-ის ნახევარზე პატრიარქი სამებიდან გამოასვენეს. სამებიდან სიონამდე ჯარისკაცთა კორიდორი იყო მოწყობილი.

  • მსოფლიო პატრიარქი: „ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივღირსეული მწყემსმთავარი; პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი ყოვლად კეთილსა და ერის მოყვარე საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი".

პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკა.

მოსაყდრე შიომ სიონში მცირე პანაშვიდი ჩაატარა, რის მერე ტაძარში მყოფნი როგრიგობით დაემშვიდობნენ პატრიარქს.

მსოფლიო პატრიარქის გზავნილი

წესის აგების შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეო პირველმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ „ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივღირსეული მწყემსმთავარი; პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი ყოვლად კეთილსა და ერის მოყვარე საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი".

„ასევე, ღმერთმა ღირს ჰყო იგი, რომ საქართველოს ეკლესია გამოეყვანა კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან დამოუკიდებლობისა და თავისუფალი, ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში, სიმშვიდითა და დამღუპველი მშფოთვარე მღელვარებების გარეშე. საძირკვლიდან აღედგინა იგი, სასულიერო დასი, მონაზვნობა, ღვთისმეტყველება, კატეხიზაცია, სასულიერო განათლება, ლიტურგიკული და სულიერად სასარგებლო თეოლოგიური წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოცემა. სოციალური ქველმოქმედება და კაცთმოყვარეობა, ახალი ტაძრებისა და მონასტრების აშენება ან ძველთა საძირკვლიდან აღდგენა, ქვეყნის შიგნით მისიონერობა, ერესებისა და უცხო პროპაგანდის წინააღმდეგობის გაწევა, ეკლესიათშორისი, ქრისტიანთშორისი და რელიგიათაშორისი ურთიერთობები და დიალოგები, განხეთქილებისათვის დამახასიათებელი ტენდენციების შეკავება და აღკვეთა, შერიგებისა და მეგობრობის ხიდების აგება საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური და ეროვნულ ცხოვრების ჯგუფებს შორის, ხალხის და მისი ხელისუფლების მხარდაჭერა და განმტკიცება კრიტიკულ ვითარებებში, როცა საფრთხე შეექმნა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ისე საპატრიარქოს იურისდიქციას - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მრავალ მიმართულებათაგან, რომელშიც პატრიარქი ილია მეორე ღვთის სიყვარულში დიდად წარემატა და ეს ყოველივე არა დიდი ძალით, ეკონომიკური თუ ამქვეყნიური, არც ძალაუფლებით, არამედ ყოველის მპყრობელი უფლის სულით", - განაცხადა ბართლომეოს პირველმა.

პოლიტიკოსთა სიტყვები

სიტყვით წარმოთქვა „ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმაც. ის ცერემონიას ოჯახთან ერთად ესწრებოდა.

  • ბიძინა ივანიშვილი: „დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულიერ შვილებად".

„ამ სიჩუმეში ვემშვიდობებით ეპოქას, რომელსაც თქვენი სახელი ერქვა. დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულიერ შვილებად, შვილებად მოძღვრისა, რომელმაც როგორც მთელი სიცოცხლე, გარდაცვალებაც საკუთარი სამწყსოს - ქართველი ხალხის ერთ მუშტად შეკვრასა და გაერთიანებას მიუძღვნა.

„უწმინდესო და უნეტარესო - დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის... ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი...", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სრულიად საქართველოს მიუსამძმრა და განაცხადა:

„დღევანდელ დღეს განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვიძლია შევიგრძნოთ ჩვენი პატრიარქის სიდიადე და სიამაყით შევახსენოთ თავს, თუ რამდენად დიადია ერი, რომლის წიაღშიც ასეთი მოღვაწე შეიძლება იშვას,"

„დღესაც ვფიქრობ პატრიარქზე და მის მოღვაწეობაზე და მახსენდება კიდევ სიტყვები დიდი ქართველი პოეტის ლექსიდან;

„გაშალა ველი ნელმა ნიავმა

და მელანდება მე მის წიაღში

მოხუცი მამა, მოხუცი მამა

სასხლავით ხელში დადის ვენახში".

ცერემონიაზე ასევე სიტყვა წარმოთქვეს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სურვილი და ბოლო სიტყვა

პატრიარქი მისი სურვილისამებრ სიონის ტაძარში დაკრძალეს. ბოლო სიტყვა კი პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა თქვა. მეუფე შიოს თქმით, პატრიარქისთვის სიონის ტაძარი განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო.

„აი, დადგა წუთები, როდესაც ჩვენ სიონის წმინდა ტაძრის ძვალთშესალაგს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი სულიერი წინამძღოლის, მამის, კათოლიკოს-პატრიარქ ილიას ნეშტი.

„განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ამ ტაძრისადმი. აქ დაიწყო მისი 49-წლიანი საპატრიარქო, მოწამებრივი, სამოციქულო ღვაწლი და გზა. სწორედ ამ ტაძარში ჩაისახა მრავალი იდეა, რომელსაც შემდგომ ხორცი შეასხა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, რამაც დიდი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიას, იმ სიწმინდეთა შორის, რომელთა მადლიც მუდამ სდევდა მისი უწმინდესობის მოღვაწეობას და იმ წმინდანთა შორის, იმ პატრიარქთა შორის, რომლებიც წმინდანად შეირაცხნენ მისი ინიციატივითა და მისი ღვაწლით. ამ ყველაფერმა განაპირობა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება სიონის საპატრიარქო ტაძრისადმი, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მან ინება, დაკრძალულიყო სწორედ ამ ტაძარში.

„დღეს ჩვენი გულები სავსეა ემოციებით, გრძნობებით, სიტყვებით. ყველას გვინდა, რაღაც ვთქვათ, გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება და ალბათ, კიდევ ერთი რამე, რაც უნდა ვთქვათ - შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, ყველაფრისთვის, რაც ისე ვერ შევასრულეთ, რაზეც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა და ის გვაკურთხებდა", - განაცხადა მეუფე შიომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×