
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ივნისში დაასრულებს. კაშიას წერილს ეროვნული ნაკრები ავრცელებს. გზავნილში კაპიტანი განმარტავს, რომ ნაკრების მაისურით ბოლო მატჩს ივნისში, რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
„მსურდა, ეს გადაწყვეტილება პირადად მეთქვა თქვენთვის - საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, ჩემი ქომაგებისთვის და მთელი ქვეყნისთვის. 38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ.
წესით, ეს ფრაზა პასუხობს ყველა კითხვას ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ნამდვილად ხანგრძლივი, საინტერესო და მოგონებებით სავსე იყო ეს საფეხბურთო თავგადასავალი. ბედნიერი ვარ, რომ წლების განმავლობაში ვემსახურები ჩემს ქვეყანას და წარმოვადგენ სპორტის იმ სახეობას, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ. მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა სხვადასხვა თაობის გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად. უდიდესი პატივია ვიყო ასეთი ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და საამაყო გუნდის კაპიტანი. ჩვენ ერთად მივაღწიეთ არა მხოლოდ ჩვენს მიზნებს, არამედ თითოეული ქართველის დიდ ოცნებას - ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. ამ გზასთან დაკავშირებული თითოეული მომენტი ჩემთვის ისტორიაზე მეტია. თითოეულ მწვრთნელთან და გუნდის წევრთან გატარებული ყოველი წუთი დაუვიწყარია - ამაზე უფრო ვრცლად აუცილებლად ვისაუბრებთ.
გამორჩეულია ყველა ემოცია, რომელსაც გულშემატკივრებისგან, როგორც სტადიონზე, ისე მის გარეთ ვგრძნობ. სწორედ ისინი ამრავალფეროვნებენ ჩემს კარიერას. თითოეული სიტყვა და ფრაზა, რომელიც თქვენგან მომისმენია, ჩემთვის ძვირფასია. უახლოეს ორ შეხვედრას ახლა მეც უკვე, როგორც გულშემატკივარი, დაველოდები, ხოლო ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან, ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ. შევხვდებით - ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე“, - წერს კაშია.
წერილში კაშიამ ასევე კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატა და საქართველოს მიუსამძიმრა.