რეზონანსი
23.03.2026

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ირანის მიერ განხორციელებულმა სარაკეტო იერიშებმა, დიდ ნავთობკომპანიებს მილიარდობით ზარალი მიაყენა.

როგორც გამოცემა წერს, დაზიანებული ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში დაბრუნებას, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება, თუმცა ფასების ზრდა ამ ეტაპზე დანაკარგის ნაწილობრივ კომპენსირებას უწყობს ხელს.

"როდესაც ირანულმა რაკეტებმა კატარში მდებარე Pearl-ის თხევადი გაზის გადამამუშავებელ საწარმოს დაარტყეს, მათ ფაქტობრივად გათიშეს Shell-ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი აქტივი - გიგანტური ქარხანა, რომელიც კომპანიის გლობალურ ოპერაციებში ერთ-ერთ ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებულ და მომგებიან ობიექტად ითვლება.

კატარის განცხადებით, ზიანი იმდენად დიდია, რომ მისი ორი საწარმოო ხაზიდან ერთის გაჩერება, სულ მცირე ერთი წლით არის მოსალოდნელი", - იუწყება WSJ.

გამოცემის თანახმად, დასავლური ნავთობის ინდუსტრიის ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია ირანის სამიზნედ იქცა აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე ომში.

"Exxon Mobil-ი, რომელსაც კატარში სხვა მსხვილ ნავთობკომპანიებთან შედარებით უფრო დიდი ინტერესები აქვს, ანალიტიკოსების შეფასებით, თავისი ნავთობისა და გაზის წარმოების დაახლოებით მეხუთედს ახლო აღმოსავლეთიდან იღებს.

Chevron მართავს ისრაელის სანაპიროსთან მდებარე მსხვილ გაზის აქტივებს, რომლებიც მას ამჟამად შეჩერებული აქვს, ხოლო ConocoPhillips ფლობს წილებს კატარის გაზის აქტივებში. Goldman Sachs-ის მონაცემებით, TotalEnergies-ის წლიური საოპერაციო შემოსავლის დაახლოებით 17% მოდის იმ ნავთობსა და გაზზე, რომელიც ჰორმუზის სრუტის მიღმაა მოქცეული - სწორედ ეს ვიწრო საზღვაო არხი აკავშირებს სპარსეთის ყურეს გლობალურ ბაზრებთან", - აღნიშნულია სტატიაში.

როგორც WSJ წერს, ახლო აღმოსავლეთის პროექტებმა კომპანიებს დიდი მოგება მოუტანა, თუმცა, ამავე დროს ისინი უფრო მეტად გახადა დაუცველი რეგიონის გეოპოლიტიკური კონფლიქტების მიმართ. რაც შეეხება გასულ კვირაში სპარსეთის ყურეში ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ესკალაციას, ამან ომის ახალი ფაზა აღნიშნა, რაც ენერგომომარაგების კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას გულისხმობს.

"ახლა კომპანიები იმგვარ შეფერხებებს აწყდებიან, რომლებიც შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ირანის თავდასხმები კატარის გაზის ინფრასტრუქტურაზე განსაკუთრებით შემაშფოთებელია გლობალური ეკონომიკისთვის, ქვეყნის როლის გათვალისწინებით, როგორც მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის მეორე უდიდესი მიმწოდებლისა. დასავლური კომპანიები იმაზე დებენ ფსონს, რომ საწვავზე გლობალური მოთხოვნა კიდევ გაიზრდება, მაშინაც კი, როცა ეკონომიკები ცდილობენ თანდათან შეამცირონ დამოკიდებულება სხვა წიაღისეულ საწვავებზე.

ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად, კატარის ბუნებრივი აირის ობიექტები დაზიანდა, რის შედეგადაც Exxon-ი წელიწადში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის შემოსავალს დაკარგავს, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული QatarEnergy-ის მიერ მიყენებული ზიანისა და შემოსავლების დანაკარგის შეფასებით, შეკეთებას შესაძლოა ხუთი წელი დასჭირდეს. Exxon-მა გასულ წელს 330 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააფიქსირა", - წერს WSJ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×