
თბილისში, სასტუმრო "Panorama 360 Hotel“-ში, 22 წლის რუსეთის მოქალაქე ალინა კამბაროვა გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა, რომელიც უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს, რამდენიმე დღის წინ მოხდა. ალინა კამბაროვა ნიჟნი-ნოვგოროდიდან თბილისში 16 მარტს ჩამოვიდა. ეს მისი პირველი ვიზიტი არ ყოფილა - ის საქართველოში მანამდეც, ნახევარი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა. რუსეთში მხოლოდ დროებით, ოჯახის მოსანახულებლად და ჯანმრთელობის საკითხების მოსაგვარებლად დაბრუნდა.
17 მარტს, 01:40 საათზე ალინა უკანასკნელად გამოჩნდა სოციალურ ქსელში. მან მეგობარ ალექსეის ვიდეო-შეტყობინება გაუგზავნა, სადაც სასტუმროს ნომრიდან ხედს აჩვენებდა და "ძილი ნებისა“ უსურვა.
ამის შემდეგ გოგონა ზარებსა და შეტყობინებებს აღარ პასუხობდა. შეშფოთებულმა მშობლებმა თბილისში მყოფ მეგობარს, ალექსეის სთხოვეს სასტუმროში მიეკითხა. 19 მარტს ალექსეიმ სასტუმროს მფლობელისგან შეიტყო, რომ ალინა ჯერ კიდევ 17 მარტს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.
მამა აცხადებს, რომ ალინას ქცევაში საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ. სასტუმროს ნომერი მას მეგობრებმა სამი დღით დაუჯავშნეს, რათა მგზავრობის შემდეგ ძალები აღედგინა.
როგორც რუსული მედია წერს, ალინა სასტუმროში იმ მამაკაცთან ერთად შევიდა, რომელიც აეროპორტში დახვდა, თუმცა ცხედრის პოვნისას ის ადგილზე არ იმყოფებოდა.
"გუშინ ვესაუბრეთ გამომძიებელს. დანიშნულია ექსპერტიზა. პირველადი დათვალიერებით, ძალადობრივი სიკვდილის კვალი სხეულზე არ აღინიშნებოდა“, - ამბობს ალინას მამა.
ამჟამად ოჯახი ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ელოდება, რათა გაირკვეს, რა გახდა სრულიად ჯანმრთელი, 22 წლის გოგონას უეცარი გარდაცვალების მიზეზი.