
ვაშინგტონში ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით დისკუსია სულ უფრო მწვავდება, სხვადასხვა წყაროები ადასტურებენ, რომ ამისთვის "სწრაფი ტემპით" მზადებაც კი მიდის, თუმცა, სამხედრო ანალიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ სახმელეთო ოპერაცია აშშ-სთვის უკიდურესი და ყველაზე სარისკო სცენარია.
მზარდი დაძაბულობის მიუხედავად, ჩანს, რომ მხარეები რადიკალური სცენარისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ და მხოლოდ გაფრთხილებებით და მცირე უკანდახევებით შემოიფარგლებიან.
წერტილოვანი საჰაერო დარტყმები და დიპლომატიური ზეწოლა, ეს ანალიტიკოსებს მიუთითებს იმაზე, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო ჩარევა ამ ეტაპისთვის ნაკლებსავარაუდოა, თუმცა, სრულიად გამორიცხულ სცენარად არ მიიჩნევენ.
მხარეთა პოზიციები
როგორც "იერუსალიმ პოსტი" ორ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, აშშ-ს მაღალჩინოსნებმა ისრაელსა და სხვა მოკავშირეებს აცნობეს, რომ შეერთებულ შტატებს კუნძულ ხარგის დასაკავებლად სახმელეთო ოპერაციის გარდა "სხვა ალტერნატივა არ აქვს".
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა "იერუსალიმ პოსტთან" ინტერვიუში, რომ „აშშ-ის სამხედროებმა დააჩქარეს ათასობით საზღვაო ქვეითი და საზღვაო ფლოტის პერსონალის განლაგება ახლო აღმოსავლეთში". ბოლო დღეებში კი აშშ-ის ადმინისტრაციაში დაიწყო დისკუსიები იმის შესახებ, უნდა დაიკავონ თუ არა კუნძული, რათა ირანი აიძულონ და ჰორმუზის სრუტე გახსნან.
აღსანიშნავია, რომ სპარსეთის ყურეში მდებარე ხარგის კუნძული ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარ ცენტრს წარმოადგენს, ნედლი ნავთობის 90% კი ჩინეთში გადის.
ამერიკული მედიის თანახმად, აშშ 5 ათასამდე საზღვაო ქვეითს სწრაფი ტემპით აგზავნის და მათ გადასროლას მხარს ამერიკული ავიაგანამადგურებლები უჭერენ.
ამის საპასუხოდ ირანის თავდაცვის საბჭომ განაცხადა, რომ თუ ირანის სანაპიროებს ან კუნძულებს თავს დაესხმებიან, თეირანი, დანაღმვის გზით, სპარსეთის ყურის მარშრუტებს დაბლოკავს.
„მტრის მიერ ირანის სანაპიროებზე ან კუნძულებზე თავდასხმის ნებისმიერი მცდელობა, ბუნებრივია, და საერთო სამხედრო პრაქტიკის შესაბამისად, გამოიწვევს სპარსეთის ყურეში და სანაპიროებზე წვდომის მარშრუტებისა და საკომუნიკაციო ხაზების დანაღმვას სხვადასხვა ტიპის საზღვაო ნაღმებით, მათ შორის მცურავი ნაღმებით, რომელთა გაშვებაც სანაპიროებიდან არის შესაძლებელი.
"ამ შემთხვევაში, მთელი სპარსეთის ყურე პრაქტიკულად დიდი ხნის განმავლობაში ჰორმუზის სრუტის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება. ამჯერად, ჰორმუზის სრუტესთან ერთად, მთელი სპარსეთის ყურე პრაქტიკულად დაიბლოკება და ამაზე პასუხისმგებლობა მუქარის გამავრცელებელ მხარეს დაეკისრება", - აღნიშნულია ირანის თავდაცვის საბჭოს განცხადებაში.
ამასთან, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში ირანს წარმომადგენელმა ალი მუსავიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის ყველასთვის ღიაა მტრების გარდა.
„ჰორმუზის სრუტე ყველასთვის ღიაა, მტრების გარდა. გემებისა და მათი ეკიპაჟების უსაფრთხოება მოითხოვს კოორდინაციას ირანის ხელისუფლებასთან", - აღნიშნა ალი მუსავიმ.
მისი თქმით, თეირანი მზადაა კოორდინაცია გაუწიოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას და სხვა ქვეყნებს საზღვაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და მეზღვაურების დასაცავად. მუსავის მტკიცებით, დიპლომატია ირანის პრიორიტეტად რჩება, მაგრამ „აგრესიის სრული შეწყვეტა, ურთიერთნდობა და გარანტია უფრო მნიშვნელოვანია".
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რომ თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში არ გახსნის, აშშ მის ელექტროსადგურებს დაარტყამს და გაანადგურებს. ამის საპასუხოდ კი, ირანის სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომთუ აშშ ირანის ელექტროსადგურებს თავს დაესხმება, რეგიონში აშშ-ის ინფრასტრუქტურა თეირანის სამიზნე გახდება.
დაიწყება თუ არა სახლემეთო ოპერაცია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ პერაციას დაიწყებს, ეს იქნება შეზღუდული ტიპის და არა მთლიან ირანზე.
- ნიკა ჩიტაძე:"ირანი გაცილებით დიდი ქვეყანაა, არსებულ რეჟიმსაც ჰყავს მომხრეები და ამერიკისთვის ირანზე კონტროლის შენარჩუნება გაცილებით უფრო რთული იქნება და თუ სახმელეთო ოპერაციაზე იქნება საუბარი, აშშ შეზღუდული სახით უნდა შემოიფარგლოს"
"შესაძლებელია დაიწყოს, რადგან ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის ვაჭრობის დაახლოებით 20-22% მოდის და ალბათ ამერიკა იძულებული გახდება, რომ ზომები მიიღოს. ირანს რეალურად არ გაუხსნია სრუტე, სადღაც ათი გემი გადაადგილდება, როცა მშვიდობიანობის პერიოდში დაახლოებით ასი გემი გადიოდა.
"თან ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა, მართალია, დასავლეთის ქვეყნებმა მარაგები გახსნეს, მაგრამ, ის რესურსიც ამოიწურება და შესაძლოა ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა იმოქმედოს ჰორმუზის სრუტეში, ოღონდ ირანის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ოპერაცია ძალიან დიდ და კატასტროფულ შედეგს მოიტანს. აშშ-მა ერაყში წლობის განმავლობაში მოუხდა ყოფნა, ისევე, როგორც ავღანეთში.
"ირანი გაცილებით დიდი ქვეყანაა, არსებულ რეჟიმსაც ჰყავს მომხრეები და ამერიკისთვის ირანზე კონტროლის შენარჩუნება გაცილებით უფრო რთული იქნება და თუ სახმელეთო ოპერაციაზე იქნება საუბარი, აშშ შეზღუდული სახით უნდა შემოიფარგლოს",- განაცხადა ჩიტაძემ.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სახმელეთო ოპერაციის დაწყების ალბათობა მაღალი არაა.
"ამ ეტაპზე სახმელეთო ოპერაციის დაყყების ალბათობა მაღალი არაა, რადგან მხარეები ჯერჯერობით პოლიტიკური განცხადებებით არიან დაკავებულები. აგერ ტრამპმა ირანის ახალ ხელისუფლებას 6-პუნქტიანი ულტიმატუმი წაუყენა. ირანმაც პრინციპში პოზიცია შეარბილა. რადგან ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის ნება დართო, სხვათა სორის, ამის გამო 2 მილიონ დოლარს იღებს თითო გემიდან. ამერიკელებმაც მოხსნეს გარკვეული სანქციები ირანულ ნავთობზე.
"კი, ამბობენ, რომ ჰორმუზის სრუტე ყველასთვის ღიაა მტრების გარდა, მაგრამ, როცა ნავთობი გადადის, მტრები და მოყვრები ცოტა პირობოთი საკითხია. ეს უფრო დეკლარაციის გამოა, თუმცა რეალურად ამ ეტაპზე სრუტე გადაკეტილი არაა. მხარეები როგორც ჩანს, ცდილობენ მოლაპარაკებებზე წამოვიდნენ.
"როგორც ვამბობდი, ომის მეორე ფაზა უკვე მიილია, ახლა ეპიზოდური დარტყმებია, რომელიც უფრო ეკონომიკური ომის ფორმატშია. თუ მოლაპარაკებები ჩაიშალა, მაშინ მესამე ფაზა დაიწყება და ალბათ ამერიკელები სახმელეთო ოპერაციას დაიწყებენ.
"ხარგის კუნძული ჰორმუზის სრუტის უფრო შიგნითაა და მათ სრუტე უნდა გაჭრან და გავიდნენ კუნძულზე. არის კიდევ აეროსადესანტო ოპერაციის შესაძლებლობა, მაგრამ ამერიკელებს ეს გამოცდილება 1980 წელს ჰქონდათ, როცა თეირანში ამერიკული საელჩოს პერსონალი უნდა გაეთავისუფლებინათ, მაშინ ამ ოპერაციამ კრახი განიცადა. თუმცაღა, ისიც გავითვალისწინოთ, რომ მაშინ სხვა პირობები იყო და დღეს სხვა.
- ვახტანგ მაისაია: "ეს რთული ოპერაციაა, მაგრამ თუ ხარგი დაიკავეს, ამერიკელები ნავთობის სტრატეგიულ მარაგებს ხელში ჩაიგდებენ და ირანის ეკონომიკაზე ზეწოლის სერიზული ბერკეტი ექნებათ"
"ხარგის გარდა, მობილიზება საჭიროა სამ სხვა კუნძულზე, რადგან ირანის სახმელეთო ჯარებს შეუძლიათ ფარულად ზალპური ცეცხლის საარტილერიოს სისტემებითა და დრონებით ამერიკული დესანტი საფრთხის ქვეშ დააყენოს.
„ეს რთული ოპერაციაა, მაგრამ თუ ხარგი დაიკავეს, ამერიკელები ნავთობის სტრატეგიულ მარაგებს ხელში ჩაიგდებენ და ირანის ეკონომიკაზე ზეწოლის სერიზული ბერკეტი ექნებათ.
"შეიძლება აშშ-ს ხარგის დაკავებით ორი კურდღლის დაჭერა უნდოდეს, რადგან აქედან ძირითადად ნავთობი ჩინეთში გადის, მაგრამ პეკინს ამის ალტერნატივა აქვს, რუსეთთან უკვე შეთანხმებას მიაღწიეს და უკვე რუსული ნავთობის ალტერნატივა უჩნდება",- განაცხადა მაისაიამ.