
უნგრელმა ჟურნალისტმა, საბოლჩ პანიმ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნა.
ჟურნალისტის თქმით, საუბარი 2020 წლის თებერვალში შედგა და სტენოგრამაში საუბარია თხოვნაზე, რომ რუსეთმა დახმარება გაუწიოს სლოვაკეთის არჩევნებში სოციალ-დემოკრატების გამარჯვებას.
სტენოგრამა ჟურნალისტის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
„როგორც იცით, 29 თებერვალს სლოვაკეთში არჩევნები გაიმართება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ კოალიციამ არსებობა გააგრძელოს. მესმის, რომ ეს შეიძლება, უცნაურად ჟღერდეს უნგრელი კონსერვატორებისგან, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ სოციალ-დემოკრატების გამარჯვებას, რადგან ისინი ერთადერთი რაციონალური ძალაა სლოვაკეთის პოლიტიკაში, რომელიც უცხოური გავლენის გარეშე მოქმედებს“, – აცხადებს სიიარტო ლავროვთან საუბრის სტენოგრამაში.
ამ პერიოდში სლოვაკეთის სოციალ-დემოკრატიულ-ნაციონალისტურ მთავრობას პრემიერ-მინისტრი პეტერ პელეგრინი ხელმძღვანელობდა.
„ოპოზიცია თუ გაიმარჯვებს, ეს ცენტრალური ევროპის თანამშრომლობისთვის ტრაგედია იქნება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სლოვაკეთის ეროვნულმა პარტიამ, პარლამენტის სპიკერის, დანკოს პარტიამ გადალახოს 5%-იანი ბარიერი. ვიმედოვნებთ, ამას შეძლებენ, თუმცა კოალიციის შენარჩუნების ერთადერთი შანსი მმართველი პარტიის გამარჯვებაა. პრემიერ-მინისტრი პელეგრინი გუშინ აქ იყო და გვითხრა, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრი მას, თუნდაც ნახევარი საათით თუ მიიღებდა, ეს არჩევნებში გამარჯვებას მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს“, – ამბობს სიიარტო ლავროვთან საუბრის სტენოგრამაში, რომელიც უნგრელმა ჟურნალისტმა გამოაქვეყნა.
სტენოგრამის მიხედვით, ლავროვი სიიარტოს პასუხობს: „ეს დიდი თხოვნაა, მაგრამ მას პრემიერ-მინისტრს გადავცემ“.
აღსანიშნავია, რომ იმ დროს პელეგრინის პარტიამ არჩევნები წააგო და ოპოზიციაში გადავიდა, ხოლო სლოვაკეთის ეროვნული პარტია პარლამენტში ვერ მოხვდა. 2024 წლიდან პელეგრინი სლოვაკეთის პრეზიდენტია. როგორც საბოლჩ პანი წერს, სიიარტოსა და ლავროვის საუბარი ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ჩაწერა. ჟურნალისტმა სტენოგრამა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც უნგრულ გამოცემა Mandiner-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო საუბრებზე წვდომა უცხოურმა სადაზვერვო სამსახურებმა ოპოზიციონერი ჟურნალისტის, საბოლჩ პანის დახმარებით მოიპოვეს. მის თანამზრახველად ასევე დასახელდა ანიტა ორბანი, რომელიც გავრცელებული ცნობებით, უნგრეთის არჩევნებში ოპოზიციური „ტისას“ გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდეს. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ პიტერ სიიარტოს წინააღმდეგ მიმდინარეობს „მასშტაბური სადაზვერვო ოპერაცია“.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ფარული მიყურადების ფაქტები თუ დადასტურდება, ეს „სერიოზული შეტევა იქნება უნგრეთის წინააღმდეგ“ და ამ საკითხის შესწავლის განკარგულება გასცა. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემის საფრთხის გამო, ევროკავშირი უნგრეთს მგრძნობიარე საკითხებზე მოლაპარაკებებიდან გამოთიშავს.