თამთა ჩაჩანიძე
23.03.2026

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე თამარ ბაგრატიონი ვაშინტონში გაემზავრა, აშშ-ს პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით. ის მონაწილოებას მიიღებს 24-25 მარტს დაგეგმილ გლობალურ სამიტში სახელად "ერთად უკეთესი მომავლისათვის, რომლის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების უზრუნველყოფა.

ოპოზიციაში ამბობენ, პირველი ლედი ერთ კონკრეტულ ღონისძიებაზე მიიწვიეს და ეს აღქმული ვერ იქნება, როგორც ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობა.

ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ვიზიტი ურთიერთობების აღდგენის კუთხით დადებითს შეიტანს, თუმცა უახლოეს პერიოდში ამ მხრივ ძვრებს არ უნდა ველოდოთ. ნაწილი კი ამბობს, რომ "ყინული დაიძრა".

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 23 მარტს აშშ-ს საელჩომ დაწერა, რომ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი ჩამოვიდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი კი შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს, დაათვალიერებს ფოთის პორს და ეწვევა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს.

„მოხარული ვართ მივესალმოთ პიტერ ანდრეოლის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს საქართველოში.

"ის შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს. იგი, ასევე, გაემგზავრება ფოთში, რათა დაათვალიეროს პორტში განხორციელებული ამერიკული ინვესტიცია და ეწვევა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს", - ნათქვამია საქართველოში აშში-ის საელჩოს ინფორმაციაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ყაველაშვილის პრესსამსახური წერს ბაგრატიონის ვიზიტის დეტალებზე.

„სამიტის ფარგლებში მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში უმასპინძლებს. დისკუსიების მიზანია ციფრულ ეპოქაში ბავშვთა კეთილდღეობის მიმართ პირველ პირთა მეუღლეების მხარდაჭერის შეფასება და მათ საერთო ვალდებულებებზე მსჯელობა.

"მრგვალი მაგიდის ფორმატით შეხვედრამდე კი სამუშაო სესია გაიმართება, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი უმასპინძლებს. სამუშაო სესიის ფარგლებში მოეწყობა დისკუსია, რომლის მონაწილეები გაეცნობიან იმ პრაქტიკულ მიდგომებსა და ინოვაციურ ინსტრუმენტებს, რომლებიც ციფრულ ეპოქაში ბავშვებს შესაძლებლობების გამოყენებასა გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

"მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის „ერთად უკეთესი მომავლისთვის" ფარგლებში ღონისძიებები 24 და 25 მარტს გაიმართება. მასში საქართველოს პირველ ლედისთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზდრობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბაგრატიონის ვიზიტის გავლენა ორმხრივ ურთიერთობებში

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თამარ ბაგრატიონის ვიზიტი, ურთიერთობების პერსპექტივაში დადებითან იმოქმედებს, თუმცა. უახლოეს მომავალში, სანამ ომები არ დასრულდება, ძვრები ამ მხრივ მსალოდნელი არაა.

  • პეტრე მამრაძე: "ახლა ისეთი ფაზაა, რომ სანამ ომები არ დასრულდება, მანამდე საგარეო ასპარეზზე თვისობრივ თანამიმდევრულ ძვრებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ არცაა საჭირო. საქართველოს ხელისუფლებას ყველასთან პრაგმატული ირთიერთობა აქვს, ვისთანაც საჭიროა"

"ეს თვისთავად კარგი ფაქტია, მოგეხსენებათ, ბაგრატიონის ქალბატონი ოთხი შვილის დედაა და იქ თემატიკაცაა, რომელიც ბავშვებს და ქალების როლს ეხება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კონგრესში, სენატსა, ან ადმინისტრაციაში რაღაცა ძვრები დაიწყება. ახლა ის დრო არაა, რომ რაღაც თანამიმდევრული, სტაბილური პროცესი წარიმართოს.

"ახლა 340-მა წამყვანმა სამხედრო პირმა - პენსიაზე გასულებმა ძალიან ცნობილმა გენერლებმა, თუ უშიშროების სამსხურის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, მათი აზრით, იმ დანაშაულებზე, რასაც ტრამპი სჩადის და იმ დიდ ზარალსა და ზიანზე, რასაც აშშ-ს პრეზიდენტი თავისი მოქმედებით სახელმწიფოს და მის უსაფრთხოებას აყენებს და შესაბამისად, დასავლეთის სიმყარეს და ეს პროცესები ღრმავდება.

"ირანის ომთან დაკავშირებით, ტრამპის განცხადებები და ქმედებები ზოგჯერ დღეში სამჯერ საპირისპიროდ იცვლება. ახლა ისეთი ფაზაა, რომ სანამ ომები არ დასრულდება, მანამდე საგარეო ასპარეზზე თვისობრივ თანამიმდევრულ ძვრებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ არცაა საჭირო. საქართველოს ხელისუფლებას ყველასთან პრაგმატული ურთიერთობა აქვს, ვისთანაც საჭიროა.

"გვახსოვს "ფორმულამ" გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტიდან წერილი, რომ ვნახოთ საქართველო ახლა რა ნაბიჯებს გადაადგამსო, ამას დავაკვირდებით და თუ ეს სათანადო იქნება, მაშინ კი ვიფიქრებთო, მაგრამ რას ნიშნავს ეს? სტრატეგიული პარტნიორობა თუ მოიშალა, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, მოიშალა ამ მოთხოვნებით - იარაღის მიწოდებაზე, მეორე ფრონტის გახსნაზე და გვახსოვს კელი დეგნანის არაერთი განცხადება, რომ საქართველოს და უკრაინას ერთი მტერი ჰყავს და უნდა დაასაბუთოთ ვის მხარეს ხართო.

"ახლა აქეთ რომ გეუბნებიან ნაბიჯები უნდა გადმოდგაო... ასეთი პარტნიორობა ნამდვილად არ სჭირდება საქართველოს, როცა საქართველოს აკისრებენ იმ ვალდებულებას, რომელიც ქვეყნისა და ხალხისთვის საზიანოა",- განაცხადა მამრაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ურთიერთიბების გამოსწორების პერსპექტივაში თამარ ბაგრატიონის ვიზიტი დადებითად იმოქმედებს.

  • ედიშერ გვენეტაძე: "როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი წარმატებები იქნება მიღწეული, რადგან ყინულის დნობა დაიწყო და ისევ სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი"

"ურთიერთობის გამოსწორების პერსპექტივაში ეს ვიზიტი ძალიან დადებითად იმოქმედებს. ამას წინათ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია იყო წასული და როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი წარმატებები იქნება მიღწეული, რადგან ყინულის დნობა დაიწყო და ისევ სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი.

"როგორც ჩვენი ხელისუფლება ლაპარაკობდა, ურთიერთობა ფაქტობრივად სუფთა ფურცლიდან იწყება. ეს კიდევ ერთი ლახვარის ჩაცემაა იმ ძალებისთვის, რომლებიც ქილიკობდნენ და ლაპარაკობდნენ, რომ ქალბატონ მელანია ტრამპს არავინაც არ მიუწვევიაო - ახლა გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ, "ძაღლი ყეფს,ქარავანი მიდის",- განაცხადა გვენეტაძემ.

რას ამბობენ ოპოზიციაში

"გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის, გიგა ფარულავას შეფასებით, ეს ვიზიტი აღქმული ვერ იქნება, როგორც ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობა.

„რას შეიძლება ნიშნავდეს? ერთ კონკრეტულ ღონისძიებაზე მიიწვიეს პირველი ლედი. ბუნებრივია, ეს აღქმული ვერ იქნება, როგორც ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობა. გვახსოვს, რომ გასულ კვირას შტატების ადმინისტრაციამ საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის ვიზების მიღება კიდევ უფრო მეტად დაამძიმა.

"ეს არის პასუხი „ოცნების" არაკომპეტენტური და მავნებლურ პოლიტიკის შედეგებზე, რასაც ბოლო წლებია ვხედავთ. შესაბამისად, ამ ვიზიტით განსაკუთრებული მოლოდინი, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა გადაიტვირთება ნამდვილად არ გვაქვს", - განაცხადა გიგა ფარულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×