
ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობის გამო გადაზიდვის ტარიფები მკვეთრად იზრდება. ფაქტობრივად არ დარჩა საფერო, სადაც ირან-ისრაელ-ამერიკის დაპირისპირებამ უარყოფითად არ იმოქმედა. პირველ რიგში, ნავთობპროდუქტების გაძვირება გამოიწვია, რამაც დომინოსებრი ეფექტი თითქმის ყველა დარგზე მოახდინა, განსაკუთრებით კი ტრანსპორტირების ტარიფებს შეეხო. ეს კი საბოლოო ჯამში პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს.
რადგან ირანის კრიზისიდან მცირე დრო გავიდა, საქართველოში საქონლის არსებულ მარაგს, აღნიშნული ცვლილება ჯერჯერობით არ შეხებია, თუმცა სამომავლოდ ფასების გაზრდა გარდაუვალია, თუნდაც იმ მიზეზით, რომ კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე გადაზიდვის ღირებულებამ 20-25%-ით მოიმატა.
ბიზნესის წარმომადგენლების შეფასებით, ამ მოცემულობას პროდუქციისა თუ მომსახურების გაძვირება აუცილებლად მოჰყვება. დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუკი ნავთობის ფასი ომამდე არსებულ ნიშნულს არ დაუბრუნდა, ეს პროდუქტის ფასზე აისახება. ასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა რიჟამაძემ აღნიშნა, რომ მომხმარებელი ამას დაახლოებით 1-1.5 თვეში იგრძნობს.
„საწვავის გაძვირებას თან ახლავს საერთაშორისო გადაზიდვის გაძვირებაც, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გარკვეული ტვირთბრუნვა უკვე პრობლემურია. ნავთობპროდუქტების ფასის ზრდასთან ერთად მატულობს შიდა ლოგისტიკური მომსახურების ხარჯიც, რომელიც კომპანიებს პროდუქციის განაწილებისთვის სჭირდებათ.
ამ ეტაპზე საბოლოო ფასწარმოქმნაში ეს ცვლილება სრულად ასახული არ არის. თუ პროცესი მოკლევადიანი იქნება, კომპანიები შეეცდებიან ფასი მინიმალურად გაზარდონ ან საერთოდ არ ასახონ ეს ცვლილება მომხმარებელზე. თუ ტენდენცია გაგრძელდა და პროგრესირებადი გახდა, საბოლოოდ პროდუქციის ღირებულებაზე აუცილებლად აისახება.
ფასზე ზეწოლას სამი ძირითადი კომპონენტი ქმნის: საერთაშორისო მომწოდებელთან პროდუქციის გაძვირება, ტრანსპორტირების ხარჯის ზრდა და შიდა ლოგისტიკური ხარჯის მატება. შესაბამისად, თუ გლობალური ბაზრის დასტაბილურება არ დაიწყება, შესაძლებელია, რომ საბოლოოდ პროდუქტები 1–1.5 თვის შუალედში ეტაპობრივად გაძვირდეს“, - განაცხადა რიჟამაძემ.
ვითარება მართლაც არასახარბიელოა. უკვე გაძვირებულ ტარიფებზე საუბრობს "აიბექს ლოგისტიკის" დირექტორი ლევან თათარაშვილი. ბოლო დროს განვითარბულმა მოვლენებმა მოთხოვნის ზრდა გამოიწვია და როდესაც მოთხოვნა მაღალია, ფასიც მზარდია.
,,საზღვაო გადაზიდვის ტარიფები ჩინეთი-ინდოეთის მიმართულებით, უკვე გაძვირებულია. მომატებულია სახმელეთო გადაზიდვის ტარიფებიც, რაზეც საწვავის გაძვირება პირდაპირ აისახება ხოლმე. მოგეხსენებათ, ცენტრალურ აზიაში ტვირთი ირანის გავლით შედიოდა. სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში ირანიდან ხდებოდა ტრანსპორტირება. ახლა მთელი ეს ტვირთი ფოთზე წამოვიდა და ჩვენი გავლით შედის ცენტრალურ აზიაში. შესაბამისად, მოთხოვნა მაღალია და თავისთავად, როცა მოთხოვნა მაღალია, ფასიც მაღალია.
ომის დაწყების შემდგომ გადაზიდვა დაახლოებით 20-25%-ით გაძვირდა. ეს კი, აუცილებლად იქონიებს გავლენას სამომხმარებლო პროდუქტების ფასზე. ცხადია, ტრანსპორტირება რომ უძვირდება იმპორტიორ კომპანიას, შემ დეგ იგი თავისთავად თვითღირებულებაში აისახება. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, მცირედით ალბათ, მაგრამ მაინც გაძვირდება. საბოლოო ჯამში, ეს თავად იმპორტიორებზეა დამოკიდებული.
დაახლოებით ერთ თვეში ან თვენახევარში თითქმის ყველა იმპორტული პროდუქცია გაზრდილი ღირებულებით შემოვა. თუ ვითარება შედარებით დარეგულირდება და ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, მაშინ სხვა მოცემულობა იქნება, მაგრამ ამ ეტაპისტვის დასკვნების გაკეთება ძნელია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. ამ ეტაპისთვის მე ვფიქრობ, რომ ტრანსპორტირების ტარიფები კიდევ უფრო მოიმატებს", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ლევან თათარაშვილმა.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სტაბილიზაციაზე საუბარი სრულიად არალოგიკურია. ნაადრევად მიჩნია რაიმე დასკვნების გამოტანა იმპორტიორ თენგიზ ფაცაციას. მისი ვარაუდით, გაძვირებული მომსახურება პროდუქციასაც გააძვირებს, მაგრამ ეს საგანგაშო არ იქნება.
,,ბუნებრივია, ამ ყველაფერს გაძვირება მოჰყვება. ეს ბუნებრივი პროცესია. ყველაფერს, საბოლოო ჯამში, ბაზარი არეგულირებს. ამ ეტაპისთვის, საწვავი დაახლოებით 10-12%-ით გაძვირდა. ფაქტია, გაძვირებული ტრასპორტირება პროდუქციის თვითღირებულებაზე მოქმედებს. საქონელი ჩვენს კომპანიას ჯერ არ გაუძვირებია, გვქონდა მარაგი და ამ მხრივ პრობლემები არ შეგვქმნია, მაგრამ ახალი ტვირთი, რომელიც დაახლოებით თვენახევარში ჩამოდის, უკვე გაძვირებულია. მისი გადაზიდვის ხარჯი გაზრდილია. ამიტომაც, ცხადია, ფასი დაკორექტირდება და დახლებზე მცირე ცვლილებებით გამოჩნდება.
სამწუხაროდ, მატება გარდაუვალია. ეს გლობალური მოვლენების თანმდევი პროცესია და ჩვენ თავს ზემოთ ძალა არა გვაქვს. რაც არ უნდა, რთულად მოსასმენი იყოს, გაზრდილი ხარჯი და მომსახურება, საერთო ჯამში, მომხმარებელზე გადადის.
რამდენი პროცენტით გაძვირდება ესა თუ ის პროდუქტი, ამაზე წინასწარ საუბარი ძნელია. ფასს ზოგადად ბაზარი ადგენს, მაგრამ ფაქტია, რომ მომსახურების გაძვირება პროდუქციის ფასის ცვლილებაში გარკვეულ წვლილს შეიტანს და უახლოეს პერიოდში დახლებზე პროდუქციის ღირებულება დაკორექტირდება", - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას თენგიზ ფაცაციამ.