ნატალია ჯვარიძე
23.03.2026

სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ აქტიურად განიხილება, თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სინოდის მოწვევაზე საუბარი ჯერ არ არის, თუმცა დასძინა, რომ პატრიარქმა 9 წლის წინ ანდერძში მოსაყდრედ, მეუფე შიო ჩაწერა.

ჯაღმაიძის თქმით, სამგლოვიარო დღეებში პოლიტიკური მოტივით სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა, რაც საზოგადოებაში დაპირისპირების საგანი ხდებოდა.

„ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა, ვინც პანაშვიდებზე ვერ შეძლო მოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ 24 საათის განმავლობაში ღია იყო სამების ტაძარი და ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, თუმცა, პატრიარქის საფლავზე მოსვლა ყველას შეუძლია. [წმინდა სინოდის შეკრებაზე] ჯერ არაფერი თქმულა. განწყობა ჯერ ისევ სამგლოვიაროა, თუმცა ძალიან დავიტვირთეთ საორგანიზაციო საკითხებით. თან გლოვა და თან პატივის მიგება საკმაოდ მძიმე ტვირთია ყველასთვის.

რაც ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ საზოგადოებაში, ის ერთსულოვნება შესანარჩუნებელია და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვიღაც ცდილობს, რომ რაიმე პროცესი ამ მოვლენიდან პოლიტიკურ შეფასებებში გადაიტანოს და ყველას ვთხოვ, რომ ცრუ ინფორმაციების, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან, როგორიც იყო მსოფლიო პატრიარქის მსახურებასთან დაკავშირებით, რაც იყო სრული სიცრუე, თავი შეიკავოს.

ამ ყველაფერთან ერთად გვიწევს იმაზე ლაპარაკი, იყო თუ არა ასე. ამ დღეების განმავლობაში საკამათო თემების ძალით მონახვა ხდებოდა, რათა ხელოვნურად მომხდარიყო მოსახლეობის დაყოფა მხარეებად. ნუ ავყვებით მსგავს თემებს, როგორც მგლოვიარე ოჯახი არ აჰყვება წვრილმანებს. ეს იქნება ჩვენი პატივის მიგება პატრიარქისადმი, რომ მეორად თემებს, რომლებსაც მხოლოდ განხეთქილება მოაქვს საზოგადოებაში, ნუ ავყვებით. რაიმე საეჭვო ინფორმაცია თუ გავრცელდება, გადაამოწმეთ ოფიციალურ წყაროსთან. მუდმივად მზად ვართ, რომ რეალობა მოგაწოდოთ და აგიხსნათ", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა პატრიარქის ანდერძი, ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ ილია მეორის ანდერძი არის ის, რომ მან სიცოცხლეში თავისი მოსაყდრე დაასახელა.

„მას შემდეგ, რაც პატრიარქმა 2017 წლის 23 ნოემბერს გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველ კომენტარის გასაკეთებლად, როდესაც მივდიოდი ტელევიზიაში, უწმინდესმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. მედო ფურცელი და ვიწერდი მის საუბარს, ეს ფურცელი დღესაც შენახული მაქვს. მან ასეთი რამ თქვა: რომ „არის მითქმა-მოთქმა, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძში [მაშინ გახსოვთ, რომ ძალიან უხერხული თემები ტრიალებდა, თითქოს ქამარზე ჰკიდია სეიფის გასაღები და ა.შ.], ასე რომ ამბობენ, ქამარზე ჰკიდია გასაღებიო თუ აქ არის, ან იქ არისო, ახლა ამ თემებით რომ აღარ დაინტერესდნენ, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და ხმამაღლა გამოვაცხადეო, რათა აღარ ჰქონდეს ბჭობაო". ამიტომ, უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ, ეს არის ანდერძი", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ამასთან, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, პატრიარქობის რამდენი კანდიდატი შეიძლება გამოიკვეთოს და რა გამოწვევები ელოდება მას უპასუხა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით „სინოდის წევრებს, ჯერ არც კი უსაუბრიათ".

„ალბათ, რამდენიმე დღე დაგვჭირდება, დაღლილობა... ფაქტობრივად, სინოდის წევრების უმრავლესობას, ვინც საორგანიზაციო საკითხებით იყო დაკავებული, არ გვძინებია. ცოტას დავისვენებთ. წინა დღეებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სიონის ტაძარში ნაკადი არ შეწყდება. ვფიქრობ, კიდევ და კიდევ მოუნდებათ აქ მოსვლა", - აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.

ახალი პატრიარქის არჩევაზე პოლიტიკური განცხადებებიც კეთდება - „ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი წერეთელის განცხადებით, „გლოვის დღეებმაც დაგვანახა, რომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესში ხელისუფლების გავლენა იქნება, კარგად გამოჩნდა, ვინ ხელმძღვანელობდა დაკრძალვის საკითხებს - ამ პროცესშიც ავტოკრატიული სურათი დაიხატა.

„ეს იქნება ძალიან რთული პროცესი. პროგნოზების გაკეთება, ალბათ, არ შეიძლება. სახელდება რამდენიმე სახელი, ვინც შეიძლება იყოს კანდიდატი და ეს იქნება უმძიმესი ტვირთი. ასეთი ავტორიტეტული ადამიანის, სიტყვის ძალის მქონე ადამიანის. დიდი სიყვარულით მოსარგებლე პატრიარქის შემდეგ ამ ფუნქციის შესრულება არის უმძიმესი ტვირთი.

კითხვის არსი იყო, რამდენად ჩაერევა სახელმწიფო ამაშიო - პატრიარქი, როდესაც ძალიან აქტიური იყო, მაშინაც წუხდა ვითარებაზე, რეფორმაზე ფიქრობდა და იცოდა ის სირთულეები, რაც არსებობდა, მაგრამ მისი შეუვალი ავტორიტეტი ბევრ რამეს ფარავდა, აჩუმებდა შიდა სირთულეებს. ახლა შეიძლება ეს ყველაფერი უფრო წინა პლანზე იყოს წამოწეული და ამის დამბალანსებელი მხოლოდ დარჩება, ალბათ, სახელმწიფოს გარკვეული ჩარევა, პიროვნებები, ადამიანები და ა.შ არ მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ვინმეს მითითებით მოხდება, სინოდში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, მაგრამ გავლენა იქნება. გუშინდელმა დღემ და ამ გლოვის დღეებმაც გვანახა, რომ გავლენა ძალიან დიდია," - აღნიშნა წერეთელმა.

ამასთან, „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიგა ფარულავამ თქვა, რომ პატრიარქის არჩევა წმინდა სინოდის გადასაწყვეტია.

„პატრიარქის არჩევა წმინდა სინოდის გადასაწყვეტია. ნებისმიერი მხრიდან ჩარევა არასწორი და მიუღებელია. ამ საკითხზე პოლიტიკურად მსჯელობა და განხილვა მიუღებელია ჩვენთვის. ბუნებრივია, ჩვენ წმინდა სინოდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმებით და დავეთანხმებით", - განაცხადა გიგა ფარულავამ.

"რესპუბლიკური პარტიის" დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „პოლიტიკა უნდა გათავისუფლდეს ეკლესიისგან და პირიქით - ეკლესიაც უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკის მარწუხებისგან".

„თავიდანვე ვიტყვი, რომ საჯარო დისკუსიებში ჩართვას არც ამ და არც სხვა თემებზე არ ვაპირებ. სხვადასხვა მიზეზის გამო, დღეს "რესპუბლიკური პარტია" არ/ვერ საქმიანობს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე. შესაბამისად, ჩვენი ამბიციები და ოპოზიციაში ვინმეს მიმართ პრეტენზიები ნულის ტოლია.

პროდასავლელებს ვგულშემატკივრობ. ვვარაუდობ, რომ ვნებები მეტნაკლებად ჩაცხრა, ცრუ იმედები "ერის გამთლიანებაზე" ან სრული უიმედობა -"ჩვენ აწი ნამდვილად არაფერი გვეშვეელება" მალე გაიფანტება. რეალობა მრავალფეროვანია ქვეყანაშიც, რეგიონშიც და მსოფლიოშიც. შესაბამისად, სამომავლო პერსპექტივებიც სხვადასხვაა",- ამბობს ბერძენიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×