,,ირანში ხელისუფლების შეცვლა უკვე წარმოუდგენელია და თეირანი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ მის საზღვართან "ტრამპის მარშრუტი" ამოქმედდეს"
ქეთო გოგოხია
23.03.2026

ირანის ომმა ზანგეზურის დერეფნის პერსპექტივა ფაქტობრივად მოსპო. ირანში არსებული მდგომარეობა თუ არ გამოსწორდება ან დღევანდელი ხელისუფლება დარჩება, არც ზანგეზურის პროექტს ექნება მომავალი. თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, არც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აქვს პროექტს მომავალი, რადგან ამ ცვლილებამ რეგიონში ვითარება უფრო მეტადაც შეიძლება დაძაბოს. 

რაც არ უნდა იყოს,  ე.წ. ტრამპის მარშრუტს ირანი აღარ დაუშვებს. აქამდეც, ასე ვთქვათ, ,,მყიფე მშვიდობის" პირობებში, ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება ნაკლებად სავარაუდო იყო. ახლა მით უმეტეს. როგორც ეკონომისტმა ნოდარ კაპანაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, საომარ სიტუაციაში მყოფ ქვეყანას ზანგეზურის დერეფნის განვითარება არანაირად არ აწყობს და არც დაუშვებს.

,,პროექტი თავიდანვე უპერსპექტივო ჩანდა, როგორც წესი, არის განზრახვის ლოგიკა და მეორე მხრივ, მოქმედების ლოგიკა. შეიძლება, ბევრს ჰქონდეს სურვილი, მაგრამ ირანისთვის რამდენად მისაღები იქნებოდა თავის საზღვრიდან რამდენიმე მეტრში  ამერიკული გავლენის მქონე ასეთი მაგისტრალის ამოქმედება? მე ეს ძნელად წარმოსადგენია.  სომხეთ-აზერბაიჯან-ირანს შორის რაღაც  შეთანხმება გასაგები იქნებოდა, მაგრამ ამერიკის მონაწილეობით მსგავსი შეთანხმება ირანისთვის მიუღებელია. 

28 თებერვლიდან უკვე, რა ესკალაციაც მოხდა რეგიონში, ამან პროექტი, ფაქტობრივად, დაასამარა. ეს არ არის მხოლოდ ირანისა და აშშ-ს დაპირისპირება,  ძალიან დიდი ძალების კონფლიქტია. თავიდანვე არ მჯეროდა ზანგეზურის პროექტის, მაგრამ მიმდინარე მოვლენებმაც ეს ნამდვილად დაადასტურა. 

ლოგისტიკას სჭირდება გრძელვადიანი მშვიდობიანი პერსპეტივა, რაც ძალთა ამ განლაგებაში და ამ რეგიონში შეუძლებელია, ამერიკა-ისრაელისა  და ირანის ინტერესები ერთმანეთთან სრულ წინააღმდეგობაშია. შესაბამისად, ირანი ვერ დაუშვებს ზანგეზურის დერეფნის ამუშავებას, როცა ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხის - ყოფნა-არყოფნის საფრთხის წინაშეა და ამ დათმობაზე არ წავა. თუ დავუშვებთ, რომ  ხელისუფლება შეიცვალა ირანში, მაშინ რომელი მთავრობა მოვა ქვეყნის სათავეში? სახელმწიფოებრიობა ზოგადად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და რეგიონი კიდევ უფრო კონფლიქტური გახდება, ვიდრე აქამდე იყო. ეს ნიშნავს, რომ ზანგეზურის პროექტის პერსპეტივა მოკვდა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კაპანაძემ.

ეკონომისტმა ასევე აღნიშნა,  რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ტვირთები შევინარჩუნოთ და გავზარდოთ კიდეც, რითაც შუა დერეფნის როლი კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე აინაცვლებს, რასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ფაქტობრივად არც არის.

"შუა დერეფანი ჩვენი დიდი პერსპექტივაა და ასევე გამოწვევაც. ირგვლივ თუ მიმოვიხედავთ, დავინახავთ, რომ  ევროპასა და აზიას შორის სახმელეთო  ერთადერთი მშვიდობიანი ხაზი სწორედ საქართველოზე გადის. გარშემო ყველგან ცეცხლი ანთია. ინტერესი ნამდვილად დიდია, აქ მხოლოდ ჩინეთი და ინდოეთი არ მოიაზრება, აზიის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია. 

თურქმენეთი ძალიან სპეციფიკური ქვეყანაა, მაგრამ დერეფნით დაინტერესებულია და დიდი სიამოვნებითაც შეუერთდება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ახლა არ აკეთებდეს ხმამაღალ განცხადებებს. ევროპას კიდევ უზარმაზარი ინტერესი აქვს. ამდენად, საქართველო დიდი პერსპექტივის მქონე ქვეყანაა და ამ ტვირთების შენარჩუნების შესაძლებლობა მომავალშიც გვექნება. მთავარია, ინფრასტრუქტურა  იყოს მზად, ამისთვის მიმდინარეობს მაგისტრალების მშენებლობა, ანაკლიის პორტის პროექტიც ამ მიზანს ემსახურება", - განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.

ანალოგიური მოსაზრებისაა ანალიტიკოსი  დავით ჩიხელიძე, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ირანში არსებული ესკალაციის პირობებში და მერეც, ზანგეზურის დერეფნის პროექტს განვითარების პერსპექტივა არ აქვს.

,,რამდენიმე კვირის წინ, როდესაც აზერბაიჯანში ჩამოვარდა ირანული თუ სხვა ქვეყნის დრონი, ფაქტი შეფასდა როგორც ამერიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა. რეგიონში დიდი დაძაბულობაა და ეს არის გრძელვადიანი. მოკლე პერიოდში ასეთი პრობლეები ვერ მოგვარდება. 

რაც  შეეხება კონკრეტულად ზანგეზურის დერეფანს, დღეის მდგომარეობით, მას არ აქვს პერსპექტივა. თუნდაც ესკალაცია დამთავრდეს, რისკები მაინც იარსებებს, რომ რაღაც პერიოოდში შეიძლება დაძაბულობის ახალი კერა გაჩნდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში ამ მიმართულებაზე ტვირთების გატარება ბუნდოვანია, ამას არც ერთი ქვეყანა არ მოისურვებს, თუნდაც უფრო იაფის გადახდა უწევდეს. ეს არის წმინდა პიარკამპანია, მაგრამ რეალურად იდეა განუხორციელებელია. 

არსებობს უკვე მოქმედი დერეფანი, რაც დროში გამოცდილია. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, განავითაროს თავისი პოტენციალი და სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით მშვიდად გაიაროს ტვირთმა. მთავრობის მიერ აღებულმა პოლიტიკურმა კურსმა, რაც არის მშვიდობა და უსაფრთხოება, ამ მხრივ მეტი ნდობა მოიხვეჭა და არაფერი უშლის ხელს, რომ ქვეყანამ საკუთარი დერეფნის როლი და ფუნქცია კიდევ უფრო გააძლიეროს", - განაცხადა ჩიხელიძემ.

ანალიტიკოსის აზრით, ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება წარმოუდგენელია მაშინაც, თუკი ირანში მოცემულობა შეიცვლება და არსებული ხელისუფლება დამარცხდება, რაც ახლა ყველაზე ნაკლებად არის სავარაუდო.

,,ირანში ხელისუფლების შეცვლა არის წარმოუდგენელი იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც დღეს ხდება, თუმცა რომც შეიცვალოს, ასეთ მოკლე პერიოდში მდგომარეობა ვერ გამოსწორდება. ამერიკას აქვს გრძელვადიანი გეგმა, რაც ირანის ოკუპაციას მოიცავს. შესაბამისად, ნაკლებია პერსპექტივა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიძლება ახალი მარშრუტი გაიხსნას", - დასძინა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას დავით ჩიხელიძემ.

ზანგეზურის დერეფნის კონცეფცია პირველად დაფიქსირდა 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ შეთანხმებაში, თუმცა მისი აქტიური განხილვა და პრაქტიკული წინწასვლა განსაკუთრებით გააქტიურდა 2023 წლის მოვლენების და შემდგომი მოლაპარაკებების ფონზე.

რეგიონში დიდად მნიშვნელოვანია ირანის როლი, რომელიც ზანგეზურის დერეფანს აღიქვამს, როგორც რეგიონში მისი გავლენის შემცირების მცდელობას. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო არაერთგზის გამოხატავდა უკმაყოფილებას დერეფნის პროექტთან დაკავშირებით, რაც გეოპოლიტიკურ რისკებს ძალიან ზრდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×