მარიამ ვეკუა
23.03.2026

ამ თვის დასაწყისში დონალდ ტრამპი-მა შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიმდინარე ომი ირანთან „პატარა ექსკურსიად" მოიხსენია და თქვა, რომ ის საკმაოდ სწრაფად დასრულდებოდა. „ჩვენ მცირე ექსკურსია გავაკეთეთ, რადგან ჩავთვალეთ, რომ ეს აუცილებელი იყო გარკვეული ბოროტების აღმოსაფხვრელად," - უთხრა ტრამპმა ფლორიდაში რესპუბლიკელ კანონმდებლებს. დღეს ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ირანთან კონსტრუქციული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ირანთან შეთანხმების დადება მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი"-განაცხადა ტრამპმა.

ეჭვს არ იწვევს, რომ ირანმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. მისი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, ომის პირველივე დღეს იქნა მოკლული, მასთან ერთად 40-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირიც. ხამენეის ვაჟი და ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, კი დანიშვნის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა,

განუწყვეტელმა თავდასხმებმა, გააჩინა ბევრი კითხვა მათ შორის, ის, ეხმარება თუ არა რუსეთი ირანს. და ჰყავს თუ არა ამ ომს გარე, ფარული მოთამაშეები. ამ კითხვების პარალელრად, კი ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და აბას არაღჩიმ, სატელეფონო საუბრის დროს სპარსეთის ყურეში არსებული ვითარება განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • გავრცელებული ცნობებით, რუსეთმა ირანს ახლო აღმოსავლეთში მოქმედი ამერიკული სამხედრო გემებისა და ავიაციის ზუსტი ლოკაციები მიაწოდა.

„ირანული მხარის ინიციატივით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სატელეფონო საუბარი გამართა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან. განიხილეს სპარსეთის ყურეში არსებული ვითარება, რომელიც მკვეთრად გაუარესდა აშშ-სა და ისრაელის აგრესიის შედეგად", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

„აბას არაღჩიმ მადლობა გადაუხადა რუსეთის ხელმძღვანელობას ირანის ისლამური რესპუბლიკისადმი მნიშვნელოვანი დიპლომატიური და სხვა სახის მხარდაჭერისთვის, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარებისთვის", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სატელეფონო საუბრის დროს სერგეი ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-სა და ისრაელის დარტყმები კატეგორიულად მიუღებელია და ამან შეიძლება კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.

„ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე აშშ-სა და ისრაელის დარტყმები კატეგორიულ მიუღებელია. ეს მიუღებელ რისკებს უქმნის რუსი პერსონალის უსაფრთხოებას, რეგიონის ყველა ქვეყანას კი, გამონაკლისის გარეშე, კატასტროფული გარემოსდაცვითი შედეგები ემუქრება", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

რუსეთის  ხელი

თუ მათ საჯარო განცხადებებს დავაკვირდებით, რუსეთი და ჩინეთი ირანს მხოლოდ დიპლომატიურ მხარდაჭერას უწევენ - გმობენ შეჭრას და ქვეყნის მეთაურის, უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობას. ამასთან, ისინი დეესკალაციისკენ მოუწოდებენ და სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებისთვის ირანსაც კი აკრიტიკებენ, თუმცა, თეირანის მხარდაჭერა ამით არ შემოიფარგლება.

აშშ-ის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს სამხედრო სამიზნეების შესახებ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის. ადრე. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა ირანს „ცოტათი" ეხმარებოდეს. თუმცა, ირანის მიერ სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის სამხედრო ბაზებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე წარმატებული დარტყმები მიანიშნებს, რომ ეს დახმარება გაცილებით მეტია, ვიდრე ტრამპის მიერ ნახსენები „ცოტა".

გავრცელებული ცნობებით, რუსეთმა ირანს ახლო აღმოსავლეთში მოქმედი ამერიკული სამხედრო გემებისა და ავიაციის ზუსტი ლოკაციები მიაწოდა. რუსეთის თანამგზავრი, Kanopus-V, ირანს 24-საათიან რეჟიმში აწვდის ამერიკული აქტივებისა და სხვა სამიზნეების გამოსახულებებს რეგიონში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე, რომელიც მოსკოვმა თეირანს გადასცა, იყო აშშ-ის სამხედრო ბაზის ზუსტი მდებარეობა ქუვეითში - რის შემდეგაც ირანულმა დრონმა ექვსი ამერიკელი სამხედრო იმსხვერპლა.

გავლენიანი გამოცემები წერენ, რომ მოსკოვი ცდილობს გაიმეოროს ის მოდელი, რაც შეერთებულმა შტატებმა უკრაინის კონფლიქტის განმავლობაში გააკეთა. უკრაინულმა არმიამ აშშ-ის მიერ მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე არაერთხელ დაარტყა რუსეთის ზუსტ პოზიციებს და ათასობით სამხედრო გაანადგურა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩი, რამდენიმე კვირის წინ, ამერიკულ მაუწყებელ MS NOW-თან განაცხადა, რომ როგორც რუსეთი, ისე ჩინეთი ირანს სამხედრო მიმართულებითაც ეხმარებიან.

„ჩვენ წარსულშიც გვქონდა მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც დღემდე გრძელდება და ეს სამხედრო თანამშრომლობასაც მოიცავს," - აღნიშნა არაღჩიმ.

„ირანს მოლაპარაკება სურს"

ირანს შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. დონალდ ტრამპის ცნობით, მხარეები მოლაპარაკებების ფარგლებში „შეთანხმების მნიშვნელოვან პუნქტებზე" შეჯერდნენ.

„შეთანხმების მიღწევა ჩვენც გვსურს. მათთან ტელეფონით ალბათ დღესაც ვისაუბრებთ. ეს კარგი შეთანხმება უნდა იყოს. ომები აღარ უნდა იყოს და ბირთვული იარაღი აღარ უნდა იყოს. მათ ბირთვული იარაღი აღარ ექნებათ. ისინი ამაზე თანახმა არიან", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის თქმით, აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ადამიანთან, რომელიც ყველაზე პატივსაცემი კაცია". „ეს უზენაესი ლიდერი არ არის. მისგან არავის არაფერი გაუგია. არც კი ვიცით, ცოცხალია თუ არა", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე, დონალდ ტრამპმა შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ ვინ გააკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს. „შეიძლება მე და ვინც არ უნდა იყოს შემდეგი აიათოლა. ასევე, იქ რეჟიმის ცვლილების ძალიან სერიოზული ფორმა იქნება", - განაცხადა ტრამპმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×