რეზონანსი
23.03.2026

 პატრიარქის მზიანი ღამე დასრულდა, თუმცა ეს განშორება არ არის მარადიული - სულმა მხოლოდ სხეული დატოვა, უფალთან წავიდა, მაღლა ცაში - ზეციურ საქართველოში. ჩვენ კი ვშორდებით, რადგან შემდეგ სამუდამოდ შევეყაროთ.

განშორება მართლაც მძიმეა, ყველაზე რთული 40 დღეა. ამ დროს მის კეთილ საქმეებზე ზეცაში ანგელოზები, მიწაზე კი შვილები ისაუბრებენ. ობლად დარჩენილი საქართველო, რომლისთვისაც სულიერი მამის წასვლა ჯერ ისევ მოუშუშებელი ტკივილია.

ეს სიტყვა გუშინ მთელს საქართველოს მოედო, პატარა ქვეყანას, რომელიც ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა. მწუხარება, მდუმარება, ბევრი ცრემლი, რთული, დაუსრულებელი გზა დიდი პატივი - ქართული ჯარი, პოლიცია, სტიქაროსნები, მედროშეები, ჩოხოსნები - დიდი, თუ პატარა, ერი და ბერი - ეკლესიისა და ერის საყრდენი, ერთიანობის სიმბოლო უკანასკნელ გზაზე მთელმა ქვეყანამ გააცილა.

93 წლის ასაკში და ნახევარსაუკუნოვანი ეპოქალური მოღვაწეობის შემდეგ წავიდა, თუმცა დატოვა ბევრი - ერთიანი ერი, სითბო, სიყვარული, აღდგენილი ეკლესია-მონასტრები, საეკლესიო გალობა, სასულიერო აკადემიები. 49 წლის განმავლობაში ყოველთვის იდგა ხალხის გვერდით, მუდამ იქ, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა. ყველაზე რთულ დროს, 9 აპრილის, სამოქალაქო ომის თუ აგვისტოს ომის დღეებში.

ნახევარი საუკუნის წინ დაწყებული გზა ქარტეხილებით სავსე და მძიმე იყო. გზა, რომელსაც ახლა, მისმა სულიერმა შვილმა უნდა უხელმძღვანელოს.

ახალი პატრიარქის არჩევამდე დიდი დროა, ყველაფერი კი 40 დღის შემდეგ იწყება.

საქართველოს ეკლესიამ ისტორიის მანძილზე 141 პატრიარქი აირჩია. ილია მეორის გარდაცვალებიდან 2 თვის ვადაში კი, ეკლესიას ახალი წინამძღოლი ეყოლება.

პროცესი რთული და თან ხანგრძლივია. მკაფიოდ გაწერილი, ეტაპობრივი და კანონიკური პროცედურა, ეკლესიაში ათწლეულებია მოქმედებს. გარდამავალ პერიოდში ხელმძღვანელი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიოა, რომელმაც ეკლესიის მართვასთან ერთად ახალი პატრიარქის არჩევის პროცესის ორგანიზება უნდა დაიწყოს. პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, არაუგვიანეს 2 თვისა, პარასკევ დღეს, საპატრიარქოში ქართული ეკლესიის წინამძღვრის ასარჩევად 39 მღვდელმთავრისგან შემდგარი, წმინდა სინოდი უნდა შეიკრიბოს, სადაც მეუფეები მათთვის სასურველ კანდიდატებს დაასახელებენ, შეუძლიათ საკუთარი კანდიდატურის დასახელებაც.

3 კანდიდატს, რომელსაც წმინდა სინოდი შეარჩევს, უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება, უნდა იყოს ეროვნებით ქართველი, ბერი, 40-დან 70 წლამდე. 3 კანდიდატიდან წმინდა სინოდი ხმათა უმრავლესობით ორს შეარჩევს, შემდეგ კი გაფართოებული კრება გაიმართება, სადაც იქნებიან მღვდელმთავრები ყველა ეპარქიიდან, თითო წევრი სამრევლოებიდან, 2 - თბილისის სასულიერო, 4 კი გელათის აკადემიიდან. თათბირში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს, თუმცა გადაწყვეტილებას 39 მღვდელმთავარი იღებს.

142-ე პატრიარქს საქართველო სიცოცხლის ბოლომდე აირჩევს. ასე აირჩიეს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეც 1977 წელს. ადამიანი, რომელმაც ნახევარ საუკუნეში საკუთარი ეპოქა შექმნა და რომელიც, მთელმა ერმა გულწრფელი ტაშით, უკვე ზეციურ საქართველოში გააცილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×