
საქართველოში მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი ანაკლიაში იმყოფებოდა, სადაც მშენებარე ნავსადგური დაათვალიერა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს პირველ რიგში ნიშნავს, რომ აშშ-ს საქართველოში შენარჩუნებული აქვს ინტერესები, რაც, შესაძლოა, ურთიერთობის გაუმჯობესების საფუძველი გახდეს. პრემიერი კობახიძე კი აღნიშნავს, რომ ამერიკელ მაღალჩინოსნებთან ბოლოდროინდელი კონტაქტები აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების თვალსაზრისით ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველია.
თუმცა, ამის პარალელურად, აშშ-მა საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც ამერიკული ვიზის მისაღებად 5-დან 15 ათასამდე დოლარის გირაოს შეტანა მოუწევთ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 26 მარტს პიტერ ანდრეოლი ამერიკულ დელეგაციასთან ერთად ანაკლიაში იმყოფებოდა და მას მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი უწევდა მეგზურობას.
სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული" ახორციელებს.
დღის მეორე ნახევარში კი აშშ-ის სახდეპის წარმომადგენელმა თბილისში ოპოზიციის ლიდერებთან გამართა შეხვედრა.
- ირაკლი კობახიძე: „ერთადერთი კრიტერიუმი ჩვენთვის, რაც მიგვანიშნებს ურთიერთობების რეალურ გადატვირთვაზე, არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება და იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება".
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 მარტს მორიგი განცხადება გააკეთა აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისათვის ერთადერთი კრიტერიუმი, რაც აშშ-სთან ურთიერთობების რეალური გადატვირთვის მანიშნებელი იქნება, არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება და ამ მხრივ „ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს".
„ვინარჩუნებთ ამ ოპტიმიზმს და ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ სუფთა ფურცლიდან და გზამკვლევით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, კონკრეტული გზამკვლევით. მანამდე არსებობდა სტრატეგიული პარტნიორობა, თუმცა ეს იყო მთლიანად ქაღალდზე. სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით ქაღალდზე, არ იყო არც რაიმე კონკრეტული შედეგები, ხელშესახები შედეგები, არც ეკონომიკის კუთხით, არც ვაჭრობის კუთხით, არც პოლიტიკური კუთხით, პირიქით, ზუსტად ამ პერიოდში, როცა ჩვენ ჯერ კიდევ გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობა, წინა ადმინისტრაცია საქართველოში გვიწყობდა რევოლუციებს. ეს იყო სტრატეგიული პარტნიორობა.
„ჩვენ გვინდა რეალური სტრატეგიული პარტნიორობა და ამიტომ ვამბობთ ამას, რომ სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ საუბარი და კონკრეტული გზამკვლევი უნდა გვქონდეს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული.
- პაატა ზაქარეიშვილი: „მათთვის მნიშვნელობა აქვთ პორტებს, რკინიგზებს და ა.შ. ამერიკისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორი კი არა, ტერიტორიაა".
„პოლიტიკა არის პრაგმატული მოვლენა. ორი ქვეყანაა, ორივეს აქვს თავისი ინტერესები და ეს ინტერესები უნდა დაბალანსდეს და ეს დაბალანსებული ინტერესები უნდა იყოს ასახული სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ შეთანხმებაში. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ საჯაროდ, დახურულ კარს მიღმა. კიდევ ერთხელ, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ ეს ყველაფერი გახდება შესაძლებელი. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ შეგვიძლია, ეს საჯაროდ დავაფიქსიროთ.
„ერთადერთი კონკრეტული კრიტერიუმია ჩვენთვის, რომელიც იმის დასტური იქნება, რომ გადავდივართ ახალ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობების, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, ეს არის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ. ეს არ უნდა იყოს ქაღალდზე რაღაც დოკუმენტის გაფორმება, ეს უნდა იყოს რეალური ხელშესახები შედეგების მქონე სტრატეგიული პარტნიორობა, მთლიანად ამაზე ვართ კონცენტრირებული და ამას ვამბობთ ღიად, საჯაროდაც და დახურულ კარს მიღმაც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ ერთადერთი კრიტერიუმი ჩვენთვის, რაც მიგვანიშნებს ურთიერთობების რეალურ გადატვირთვაზე, არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება და იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება. ჩვენ ამისათვის გავაკეთებთ ყველაფერს", - აღნიშნა კობახიძემ.
ვიზიტი ანაკლიაში
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ანაკლიაში ვიზიტი ტრამპის პირველი ვიზიტის გაგრძელებაა.
- რამაზ საყვარელიძე: „თუკი ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი არსებობს, ეს უკვე გულისხმობს, რომ ამას კიდევ რაღაც უნდა მიემატოს... მოლაპარაკება ყველაფერზე შეიძლება."
„ნამდვილად საინტერესო ფაქტია, რომ ანდრეოლი ანაკლიას ესტუმრა. სავარაუდოდ, ეს ვიზიტი გარკვეული თვალსაზრისით, გაგრძელებაა იმის, როცა ტრამპი პირველი პრეზიდენტობის დროს საქართველოში მადლენ ოლბრაიტი ჩამოვიდა და ანაკლიაზე განცხადება გაავრცელა, რომ ჩინეთი ამ პროცესში არ შემოუშვათო. ალბათ, მაშინ გამოთქმული ყურადღება ანაკლიის პორტის მიმართ არ ჩამქრალა და შესაძლოა ეს ვიზიტიც ამ ინტერესის გამოხატულებაა.
„თუმცა ოპოზიციასთან შეხვედრის ფუნქცია რა არის? ესე იგი ამას გარკვეული პოლიტიკური კონტექსტი აქვს და ამიტომ, სავარაუდოდ, ამერიკელებს ოპოზიციის აზრიც აინტერესებთ", - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს:
„მათ აინტერესებთ კავკასიის ტერიტორია. მათთვის მნიშვნელობა აქვთ პორტებს, რკინიგზებს და ა.შ. ამერიკისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორი კი არა, ტერიტორიაა".
ხელისუფლების ოპტიმიზმის საფუძველი
რამაზ საყვარელიძის აზრით, აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული ინტერესები იკვეთება, რაც ხელისუფლებას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
„თუკი ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი არსებობს, ეს უკვე გულისხმობს იმას, რომ ამას კიდევ რაღაც უნდა მიემატოს, განვითარდეს და ა.შ. თუ ინტერესი არ არის, ეს ურთიერთობებისთვის დამღუპველია, თორემ როცა არსებობს, მოლაპარაკება ყველაფერზე შეიძლება. ალბათ ეს ქმნის ხელისუფლებისთვის ოპმტიმიზმის საფუძველს.
„ზუსტად არ ვიცით რას ელოდება ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებისგან, რადგან მათი ზოგადი ფრაზა საკმარისი არ არის. ის, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია ითხოვდა, შესაძლოა არ აღმოჩნდეს ტრამპის მოთხოვნების ნუსხაში. ასევე ვხედავთ როგორ იცვლება დამოკიდებულებები, თუნდათ ჩინეთთან დაკავშირებით. სანამ ეს საკითხები ცხადი არ იქნება, იქამდე რას ითხოვს ამერიკა, ძნელი სათქმელია ჩვენნაირი ხალხისთვის, რომლებსაც კაბინენტებში წვდომის საშუალება.
„მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც კაბინენტებშია გარკვეული საკითხები და პროცესი ჩამოყალიბების მდგომარეობაშია, რადგან ამერიკის დამოკიდებულება ჩინეთის მიმართაც არ არის გამოკვეთილი. ირანის ომმა ამერიკის ის გეგმები შეაჩერა, რაც მას ჰქონდა ჩინეთთან კონტაქტის თვალსაზრისით. პრაქტიკულად, უნდა ველოდოთ როგორ დალაგდება გეგმები, რა სახეს მიიღებს და მხოლოდ ამის შემდეგაა მოსალოდნელი საქართველოს მიმართულებით დეტალების დაზუსტება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, „ქართულ ოცნებას" ოპტიმიზმი ემყარება მხოლოდ სურვილს, რომ ამერიკის ადმინისტრაციასთან სტრატეგიული ურთიერთობები ჰქონდეს.
„ოპტიმიზმის საფუძველს სურვილი აძლევს და მეტი არაფერი. ანუ სურვილი, რომ მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს აუხსნას, რომ ამერიკასთან მიმართებით რაღაც დინამიკა არსებობს. ყველამ დავიმახსოვროთ, რომ ნებისმიერი დადებითი სიტუაცია მაშინ დაიწყება, როცა ამერიკა განაცხადებს ამის შესახებ. მაგალითად, ჯეი დე ვენსი კავკასიაში იმყოფებოდა, მაგრამ საქართველოში არ ჩამოვიდა. შემდეგ იტალიაში ოლიმპიადის გახსნას დაესწრო, სადაც ყაველაშვილს შეხვდა, თუმცა ვერც კი მიხვდა ვინ იყო, ყოველ შემთხვევაში არაფერი დაუწერია. სამაგიეროდ ყაველაშვილმა დაწერა - კარგი შეხვედრა გვქონდაო". ახლა მისი ცოლია ამერიკაში და ამათმა დაწერეს ვიღაცაზე, რომ კარგად შეაქოო. თვითონ ამერიკელები ხმას არ იღებენ.
„პირველი ნიშანი მაშინ გამოჩნდება, როცა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები დაიწყებენ ლაპარაკს, რომ ქართულ მხარესთან საერთო ენას ეძებენ. მანამდე ვერაფერს ვიტყვით საბოლოო შედეგზე. როცა კობახიძეს ტრამპი მიიღებს, ეს იქნება იმის აღიარება, რაც „ქართულ ოცნებას" უნდა. ვიდრე ეს სურათი არ შეიქმნება, მანამდე ყველაფერი დემაგოგიაა.
„ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდება იმ კანონების უარყოფას, რაც სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მიიღეს და პოლიტპატიმრების გათავლისუფლებას. არ ვიცი რას იზამენ, თუმცა „ოცნებას" კარგი შანსი აქვს, მაგალითად, ახალმა პატრიარქმა თხოვნით მიმართოს პოლიტპატიმრების შეწყალებაზე. როცა ამას იზამენ, მერე შეიძლება რაღაცაზე საუბარი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".