ნატალია ჯვარიძე
26.03.2026

26 მარტს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის თანახმად, 2024 წლის არჩევნებისა და ამის შემდგომი მოვლენების გამო, მოხდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის „ზოგიერთი ასპექტის პრიორიტეტულობის ხელახალი განსაზღვრა". თუმცა, არის პოზიტიური ჩანაწერიც - რომ საქართველოს თავდაცვის ძალებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ წინსვლა განიცადა. რა ეტაპზეა ნატო-საქართველოს ურთიერთობები და რა პრიორიტეტები აქვს ალიანსს?

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების ფონზე მოკავშირეებმა ნატო-ს საქართველოსთან ჩართულობა განიხილეს".

„აღნიშნულის შედეგად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების, მათ შორის „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" ზოგიერთი ასპექტის პრიორიტეტულობის ხელახალი განსაზღვრა მოხდა", - ნათქვამია მარკ რუტეს 2025 წლის ანგარიშში.

  • მარკ რუტე საქართველოზე: „უმჯობესია ურთიერთობები გავაგრძელოთ, რათა გვქონდეს საშუალება ეს პრობლემები განვიხილოთ, ვიდრე ვთქვათ, რომ ეს არ მოგვწონს და ურთიერთობებს სრულად ვასრულებთ".

ასევე, ანგარიშის თანახმად, საქართველოს თავდაცვის ძალებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ წინსვლა განიცადა, რაც მაისში ჩატარებულ ნატო-საქართველოს წვრთნებში აისახა.

„თბილისში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამივე პარტნიორთან თანამშრომლობას აგრძელებს", - წერია რუტეს ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში „ნატო-ს მრჩევლების დიდი გუნდი ქართველ კოლეგებთან მუშაობას აგრძელებდნენ, თავდაცვის შესაძლებლობებისა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით".

გარდა ამისა, თავად რუტემ ხუთშაბათს საქართველოსთან დაკავშირებით დამატებითი განცხადება გააკეთა.

„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ევროკავშირთან. ასევე, რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობას, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს, რომ პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს. მათ შორის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით კურსი განაგრძოს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ამიტომ, ჩვენ დიალოგი და დისკუსია უნდა შევინარჩუნოთ და პოზიცია უნდა დავიკავოთ, რომ უმჯობესია ურთიერთობები გავაგრძელოთ, რათა გვქონდეს საშუალება ეს პრობლემები განვიხილოთ, ვიდრე ვთქვათ, რომ ეს არ მოგვწონს და ურთიერთობებს სრულად ვასრულებთ", - განაცხადა მარკ რუტემ ანგარიშის წარდგენისას ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაია შეფასებით, ნატოსთან საქართველოს გარკვეული თანამშრომლობა შენარჩუნებული აქვს, მათ შორის სამხედრო.

„როცა ნატო-ს საკითხებზე აქტიურად ვმუშაობდი, დეტალები ვიცოდი, მაგრამ ახლა ამ თემებზე წვდომა არ მაქვს. ამიტომ მიჭირს საუბარი, რა შეიცვალა საქართველოს მიმართულებით. სამხედრო თანამშრომლობა, რაც ნატო-სთვის მნიშვნელოვანია, გრძელდება, რადგან საქართველოს თავდაცვითი ძალები აქტიურად მონაწილეობენ ნატო-ს წვრთნებში. კიდევ სხვა პროცესებიც ვითარდება, მაგრამ არ შემიძლია ყველაფერი ვთქვა. უკანა ნაბიჯების გადადგმაში ალბათ პოლიტიკური ასპექტები იგულისხმება - საქართველოში ანტიდასავლური ძალების გააქტიურება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

  • კორნელი კაკაჩია: „ურთიერთობები წინ ვერ მიდის, მაგრამ სამუშაო თანამშრომლობა რჩება. ნატო ცდილობს საქართველოსთან რაღაც პრაგმატული ურთიერთობები შეინარჩუნოს."

თსუ-ს პროფესორის, კორნელო კაკაჩიას თქმით კი, ნატო ცდილობს საქართველოსთან პრაგმატული ურთიერთობები შეინარჩუნოს.

„სავარაუდოდ, ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში საპარლამენტო არჩევნებმა და პოლიტიკურმა კრიზისმა გავლენა მოახდინა და ის მოცულობითი პროგრამა, რომელითაც საქართველო ხელმძღვანრლობდა, ისეთი აღარაა - რაღაც პროგრამები გაჩერდა, რაღაც დარჩა. ურთიერთობები წინ ვერ მიდის, მაგრამ სამუშაო თანამშრომლობა რჩება. ნატო ცდილობს საქართველოსთან რაღაც პრაგმატული ურთიერთობები შეინარჩუნოს. რა პროგრამები დარჩა და რა შეიცვალა, ვერ გეტყვით", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×