ნატალია ჯვარიძე
29.03.2026

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე, უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკება კვლავ ჩიხშია მოქცეული. შეხვედრები პერიოდულად მაინც ტარდება, თუმცა უშედეგოდ. ამის პარალელურად აშშ-სა და უკრაინას შორის ახალი სკანდალი აგორდა - სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ტყუილში ადანაშაულებენ.

რაც შეეხება ფრონტზე არსებულ სიტუაციას, ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია და რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა არცერთ მხარეს არ აქვს. თუმცა, ანალიტიკოსები მაისის ბოლოს რუსების მიერ დონბასში ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებას პროგნოზირებენ.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: „აისბერგის ძირითადი ნაწილი წყლის ზედაპირზე არ ჩანს. დამიჯერეთ, მე მხოლოდ მცირე ნაწილი ვთქვი".

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს უკრაინის და ევროპის უსაფრთხოებას.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა, როდესაც აშშ კონცენტრირებულია ირანთან საკუთარ კონფლიქტზე, პრეზიდენტი ტრამპი ზეწოლას ახდენს უკრაინაზე, რათა სწრაფად დაასრულოს ომი.

„ახლო აღმოსავლეთი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს პრეზიდენტ ტრამპზე და მის შემდგომ ნაბიჯებზე. სამწუხაროდ, ჩემი შეხედულებით, პრეზიდენტი ტრამპი ჯერ კიდევ უკრაინულ მხარეზე ზეწოლის გაძლიერების სტრატეგიას ირჩევს...

  • მარკო რუბიო: „მე ვნახე როგორ თქვა მან ეს და სამწუხაროა, რადგან მან იცის, რომ ეს სიმართლე არ არის."

„ამერიკელები მზად არიან საბოლოოდ შეათანხმონ ეს გარანტიები მაღალ დონეზე, როგორც კი უკრაინა მზად იქნება ჯარები გაიყვანოს დონბასიდან", - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების ასეთი გასვლა საფრთხის ქვეშ დააყენებს როგორც უკრაინის, ასევე ევროპის უსაფრთხოებას, ვინაიდან ამის შედეგი იქნება რუსეთისთვის რეგიონში მყარი თავდაცვითი პოზიციების გადაცემა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კატეგორიულად უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ ვაშინგტონმა კიევს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონბასიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა. მან ამას „სიცრუე" უწოდა და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინის ლიდერი მსგავს განცხადებებს აკეთებს.

„ეს ტყუილია. მე ვნახე როგორ თქვა მან ეს და სამწუხაროა, რადგან მან იცის, რომ ეს სიმართლე არ არის. ვაშინგტონს უკრაინისთვის ჯარების გაყვანის პირობა არ დაუყენებია", - განაცხადა რუბიომ.

მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებისას კიევისთვის მიწოდებული ინფორმაცია სრულიად სხვა კონტექსტს ატარებდა - საუბარი იყო არა ტერიტორიულ დათმობებზე, არამედ გარანტიების ამოქმედების ვადებზე.

რუბიო აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიები ძალაში მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შევა და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს საკითხი არ ყოფილა მიბმული ტერიტორიების დათმობაზე.

ამის საპასუხოდ ზელენსკიმ ახალი განცხადება გააკეთა და რუბიოს ბრალდებები უარყო:

„მე ტყუილი არ მითქვამს... როგორც იტყვიან, აისბერგის ძირითადი ნაწილი წყლის ზედაპირზე არ ჩანს. დამიჯერეთ, მე მხოლოდ მცირე ნაწილი ვთქვი... ჩვენ ამის (უსაფრთხოების გარანტიები) მიღება ომის დასრულებამდე გვინდა, მაგრამ უარი გვითხრეს. მე განვაცხადე, რომ ეს არ იმუშავებს".

ყოველივე ამის ფონზე, ცალკეული ევროპელი ლიდერების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ რუსეთი უკრაინაში ვერ იმარჯვებს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პარტნიორებს მოუწოდა, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე, მათ შორის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებით.

„გარდიანის" ცნობით, სტარმერმა ჰელსინკიში, ერთობლივი საექსპედიციო ძალების ლიდერების სამიტზე განაცხადა, რომ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება დღის წესრიგის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მისი თქმით, ევროპელებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა უნდა გააგრძელონ და ხელი უნდა შეუწყონ შეიცვალოს ნარატივი, თითქოსდა რუსეთის გამარჯვება გარდაუვლია.

„რეალობა ადგილზე ისაა, რომ უკრაინა მტკიცედ დგას. ბოლო კვირების განმავლობაში მათ ტერიტორიები დაიბრუნეს და დამპყრობლებს საშინელ ფასს ახდევინებენ. ამიტომ, რასაც არ უნდა ეუბნებოდეს პუტინი საკუთარ თავს ოთხი წლის შემდეგ, სიმართლე ისაა, რომ რუსეთი არ იმარჯვებს. ისინი ვერ გაიმარჯვებენ და უნდა შეწყვიტონ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი გზის დაბლოკვა", - აღნიშნა სტარმერმა.

სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ახლა ყველას ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენ არის გადატანილი და ამიტომაც უკრაინასთვის ვერავინ იცლის.

  • ვახტანგ მაისაია: „პუტინი მაისისკენ აპირებს მობილიზაციის გამოცხადებას და დაახლოებით 400 ათასი ადამიანის ომში გაწვევას. აქედან გამომდინარე, ზაფხულში მგონი რუსეთი ფართომასშტაბიან სამხედრო კამპანიის დაწყებას გეგმავს".

„მოლაპარაკებები ჯერჯერობით ჩიხშია შესული, რადგან ამერიკა და ევროპის ქვეყნები მთლიანად ახლო აღმოსავლეთის თემაზე არიან გადართული და სამწუხაროდ, უკრაინისთვის ვერავინ იცლის.

„ამასთან, უკრაინის ფრონტზე ამ ეტაპზე სიწყნარეა. მართალია რუსებმა განახორციელეს სერიოზული, ახალი ტიპის საჰაერო დარტყმა უკრაინის მიმართულებით, მაგრამ შეტევები ბალანსირებულია. უკრაინამ კუპიანსკი დაიბრუნა, რაც ძალიან დიდი წარმატებაა. სხვა მხრივ, რაღაც დიდი გარღვევა არაფერია - სტაბილური მდგომარეობაა.

„როგორც ვიცი, პუტინი მაისისკენ აპირებს მობილიზაციის გამოცხადებას და დაახლოებით 400 ათასი ადამიანის ომში გაწვევას. აქედან გამომდინარე, ზაფხულში მგონი რუსეთი ფართომასშტაბიან სამხედრო კამპანიის დაწყებას გეგმავს, რათა მთელი დონეცკის რეგიონის ოკუპაცია მოახდინოს.

„მოკლედ, მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. პროცესი გაყინული არ არის, თუმცა ძალიან ნელა მიდის. ყველა მოლოდინის რეჟიმშია და ფაქტობრივად, უკრაინებელიც ახლოაღმოსავლეთისკენ გადაერთვნენ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×