მარიამ ვეკუა
29.03.2026

2025 წელს საქართველოში 37 867 ბავშვი დაიბადა და ეს ბოლო 32 წელიწადში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამავე პერიოდში გარდაცვლილთა რიცხვმა 44 319 შეადგინა, რაც დაბადებულთა რაოდენობას 6 452-ით აღემატება და ქვეყნის დემოგრაფიულ კრიზისზე მიანიშნებს. ექსპერტები გამოსავლად შობადობის მატერიალურ წახალისებას ასახელებენ.

2025 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებული 37 867 ჩვილიდან 19 856 ბიჭი და 18 011 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, შობადობა წინა წელთან შედარებით 4.1%-ით შემცირებულია, ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

წლების მიხედვით საქართველოში შობადობის პიკი 2014 წელს აღინიშნა, როდესაც 60,635 ბავშვი დაიბადა, მას შემდეგ კი ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება.

ოფიციალური სტატისტიკა

2025 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (14 334 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (191 ბავშვი).

ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, ოჯახში რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა 35.9-დან 36.6%-მდე, მეორე შვილის წილი შემცირდა და შეადგინა 32.9%, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 29.1%.

2025 წელს, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 23.2-დან 21.9%-მდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი გაიზარდა 69.5-დან 70.4%-მდე. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 7.3-დან 7.7%-მდე გაიზარდა.

2025 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 27.4 წლით განისაზღვრა.

2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 0.8 პროცენტით მეტია და 44 319 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (12 743 ადამიანი), ხოლო ყველაზე ნაკლები - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (585 ადამიანი).

2025 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.6 პრომილე შეადგინა. 2025 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.1 პრომილე შეადგინა.

2025 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -6 452 ერთეულით განისაზღვრა.

ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, თბილისის, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონების გარდა.

რამ მიგვიყვანა ამ შედეგებამდე

დემოგრაფი ავთო სულაბერიძე თქმით, ეს სტატისტიკა საბოლოო დასკვნის გაკეთების საშალებას არ იძლევა, თუმცა ფაქტია, რომ შობადობა ყოველწლიურად კლებულობს:

„საქსტატის ეგ შეფასება საბოლოო არ არის, მაგრამ ჩვენი გამოკვლევითაც ჩანს, რომ შობადობა ყოველწლიურად მცირდება. მეტსაც გეტყვით, ჩვენი გამოკვლევით, დაახლოებით 20 წლამდე ასაკის ქალბატონებში ფაქტობრივად შობადობა არ ყოფილა ბოლო 10 წელიწადში."

  • ავთო სულაბერიძე: „კვლევები გვიჩვენებს, არის ნიშნები რომ შობადობა გაიზარდოს. ვფიქრობ, ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება ნორმალურია და ახლა საჭიროა მატერიალური წახალისება".

სულაბერიძე საუბრობს მიზეზებზეც, თუ რამ გამოიწვია შობადობის ასეთი კატასტროფული ვარდნა:

„აქ მრავალი ფაქტორია - სწავლა, შემოსავლები, კარიერა, მიგრაცია. საქართველოდან ბოლო წლებში განსაკუთრებით მეტი ადამიანი გავიდა, განსაკუთრებით ქალები. სხვა პრობლემებიცაა, მათ შორის საბინაო პრობლემებიც. აი, სწორედ ეს მიზეზები ავლენს გავლენას შობადობის ვარდნაზე."

როგორც ექსპერტმა თქვა, საჭიროა შობადობის მატერიალური წახალისება.

„ჩვენ ვამუშავებთ პროგრამას, რომ პარლამენტში წარვადგინოთ. ვნახოთ, როგორ მოიწონებენ. შობადობის ოპტიმიზაციას, სტიმულიზაციას გულისხმობს. ბევრი წინადადებაა, რომელსაც ჯერ არ ვამხელთ. როგორც კვლევები გვიჩვენებს, არის ნიშნები რომ შობადობა გაიზარდოს. ვფიქრობ, ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება ნორმალურია და ახლა საჭიროა მატერიალური წახალისება ბავშვის დაბადებისას. ალბათ მიიღებს პარლამენტი ამას.

„უნდა გაიზარდოს მაჩვენებელი. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს შენარჩუნდეს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შობადობა გაიზარდოს, განსაკუთრებით დაბალ ასაკში", - განაცხადა სულაბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×