
ანა ბერუაშვილი, ცეკვის მასწავლებელი რუსთავიდან თამუნა მუსერიძის პოდკასტს სტუმრობდა და თავისი ცხოვრების უმძიმესი ამბავი გაუზიარა მაყურებელს. ანას მონათხრობის თანახმად, ძალიან მძიმე პირობებში იზრდებოდა. დედა ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, მამამ თავიდანვე უარი თქვა შვილებზე და ანა დებთან ერთად ბებიასთან, დედის დედასთან ცხოვრობდა. სანამ მისი ამბით სოციალური მუშაკები არ დაინტერესდნენ და მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს.
"ძაან გაჭირვებულ ოჯახში გავიზარდეთ, სამი დანი ვართ. ერთი ძმა გარდაცვლილი მყავს... ერთ ოთახში გვიწევდა რვა ადამიანს ცხოვრება... ბებია გვზრდიდა რაღაც პერიოდი. ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ ბიძები. ერთი ავადმყოფი იყო...
დედას ცოტა სხვა ცხოვრება ჰქონდა არჩეული, სამწუხაროდ. ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, მანაც ძაან რთული ცხოვრება გამოიარა... რაც გავიზარდე უფრო გავიაზრე რაღაცები, მაგრამ მაინც დღემდე ვერ ვპატიობ...არასდროს არ არის გვიანო, მაგრამ ჩემთვის უკვე გვიანია, როცა მჭირდებოდა, მაშინ არ გვედგა გვერდში... დედას უწევდა ამ ალკოჰოლის გამო ძალიან ბევრი ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რამაც ჩვენ ცხოვრება დაგვინგრია...
ახლა იხდის ბოდიშებს და უნდა, რომ ყველაფერი გამოსწორდეს, მაგრამ მე მეგვიანება უკვე ეს ყველაფერი.. მეცოდება, მინდა, რომ მთელი ცხოვრება ჯანმრთელი იყოს, ცოცხალი, მაგრამ ვეღარ აღვიქვამ... ძაან მიჭირს იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მიყვარდა და ყველაზე მეტად გამიცრუა იმედები...
მამა არ დაინტერესდა ჩვენით, ამიტომ არც ვახსენებ და არც ვამბობ, რომ მყავდა ან მყავს, იმიტომ, რომ თავისი გზა აირჩია... არც ვეძებ მას...
სოციალურად დაუცველები ვიყავით და სპეციალურ სკოლაში დავდიოდით. ჩაცმა იყო თუ ჭამა იყო, ჩვენზე ზრუნავდნენ და იქიდან მომქონდა ხოლმე ჩემი პატარა დისთვის საჭმელი. იქ შეგვეძლო, რომ წამოგვეღო იმიტომ რომ არანაირი პირობები სახლში არ გვქონდა, კარი არ გვქონდა...
ჯანმრთელობის პრობლემებიც, ფსიქოლოგიური პრობლემებიც, ყველაფერი, რაც დღემდე გვაქვს. მაგ წარსულის ბრალია...
ერთ დღეს ბიძამ იძალადა ფიზიკურად, იმიტომ, რომ სამ დას შორის მე ყველაზე მეტად ვგავდი დედაჩემს და აჩემებული ვყავდი.
წავედი სკოლაში და ნახეს, რომ დალურჯებული ვიყავი. რომ ნახეს დალურჯებები, მასწავლებელმა ძალიან დიდი რეაგირება მოახდინა, სოციალური მუშაკები ჩაერივნენ, მალაპარაკეს და მოვყევი, რომ სახლში სვამდნენ, ოჯახში ჩხუბი იყო, სულ პოლიცია, მოკლედ, ძაან აჟიოტაჟი იყო ჩემს სახლში... სოციალური მუშაკები ჩაერივნენ და დაიწყო ჩემი მინდობით აღზრდაში გადაყვანა.
ანას თქმით, მინდობით აღზრდაში თავდაპირველად მხოლოდ ის გადაიყვანეს, რადგან უმცროსი და ძალიან პატარა იყო, უფროს და კი უკვე სრულწლოვანი იყო. მოგვიანებით, უმცროსი დაც მასთან ერთად მოხვდა ოჯახში..."
ანა ამბობს, რომ უფროსი და ზრუნავდა დებზე ყველაზე მეტად და მოგვიანებით, როცა მუშაობაც დაიწყო და შეეძლო მათზე მეურვეობის აღება, წამოიყვანა დები და ყველაფერი გაუკეთა, რაც კი შეეძლო. ყველაფერი, რაც ვერ გააკეთეს მშობლებმა თუ ნათესავებმა. ბებიამ გაყიდვაც კი სცადა უმცროსი დის, უბრალოდ, თანხა არ აღმოჩნდა მისაღები... რაც შეეხება დედას, მას ჩამორთმეული ჰქონდა მეურვეობის უფლება და ანას თქმით, ის დღესაც ცდილობს შვილებთან ურთიერთობას, მაგრამ...
"ჩემმა დამ მაქსიმალურად გააკეთა ყველანაირი დავით და ბრძოლით, რომ საბოლოო ჯამში ორივე თავისთან წაგვიყვანა. რომ გათხოვდა, მერეც რამდენიმე წელი მასთან ვცხოვრობდით, სანამ მე ფეხზე დავდგებოდი...
დედა მაშინ ისევ ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული... რამდენიმეჯერ მნახა, როცა მინდობით აღზრდაში ვიყავი, მაგრამ ფსიქოლოგიური ძალადობა გამოსდიოდა... სულ გვპირდებოდა, სულ გვეუბნებოდა, რომ აი, დე, წაგიყვანთ და კარგად ვიცხოვრებთ და სულ მაგ პირობებით ვიყავით, სულ დაპირებებში და სულ კარებთან ვიდექით, რომ წაგვიყვანდა...
სულ ცდილობდა, დღესაც ცდილობს, მაგრამ მე უკვე კარებს ვეღარ ვუხსნი, ძაან მიჭერს... პატიების უნარი ნაკლებად მაქვს, იმიტომ, რომ ცხოვრებამ ჩამომიყალიბა ეს, სამწუხაროდ, და ვერ პატიობ იმას, რომ ცხოვრება წაგვართვა ფაქტობრივად".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე