
„ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესების ინიციატივა ახლა აშშ-ის ხელშია, ხელისუფლების შეფასებით, თბილისმა საკუთარი ნაბიჯები უკვე გადადგა, ხოლო შემდგომი პარტნიორობის აღდგენა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მზად იქნება ვაშინგტონი დიალოგისთვის, ვაშინგტონი კი ამბობს, რომ ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, პირიქით, "ოცნებამ" უნდა გამოიჩინოს ინიციატივა.
"ქართული ოცნების" დეპუტატი არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ ბურთი აშშ-ს მოედანზეა.
"ბურთი არის აშშ-ის მოედანზე. ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით ღიანი, რომ ჩვენი ურთიერთობა აბსოლუტურად და თვისობრივად სხვა ეტაპზე იყოს გადასული" - განაცხადა გორდულაძემ.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური ალიანსი ვაშინგტონში ვიზიტისთვის ემზადება. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა „ტვ პირველთან" განაცხადა, ზუსტად იცის, რომ ეს ვიზიტი აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში იქნება.
"ოცნებაში" ამ ინფორმაციასაც ეხმიანებიან, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ "ამ ალიანსს ქართულ პოლიტიკაში წარმატების ის ხარისხი არ აქვს, რომელსაც მოელის"
"როდესაც ქართულ პოლიტიკაში წარმატების ის ხარისხი არა გაქვს, რომელსაც მოელი, მათ შორის საზღვარგარეთელი პოლიტიკოსების თუ სხვადასხვა სტრუქტურის მხარდაჭერის მიუხედავად, გვაქვს საფუძველი ვეფიქროთ, რომ ნებისმიერი მოგზაურობა მიმართულია ერთისკენ - როგორმე მოიძიონ, მოიკვლიონ ან განავითარონ ურთიერთობები გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ადამიანებთან, რომლებსაც თავისი შეხედულებები აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით და ამ მიმართებით ჰქონდეთ მხარდაჭერა მაშინ, როდესაც მხარდაჭერის დეფიციტია ქართულ საზოგადოებაში",- ამბობს ვოლსკი.
"ოცნების" ხშირი განცხადებები ურთიერთობის გადატვირთვაზე
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახლა სახდეპში რთული ვითარებაა, ხელისუფლების ეს განცხადებები კი იმის დემონსტრირებაა, რომ პარტნირობა "ჩვენს გამო არ შეწყვეტილა.
- პეტრე მამრაძე: "სახელმწიფო დეპარტამენტში მეტად რთული ვითარებაა, საქართველოს მიმართ ჩამოყალიბებული არავითარი კურსი აღარ არსებობს. ქვედა დონეზე დარჩა ის ვარიანტი, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო"
"სახელმწიფო დეპარტამენტში მეტად რთული ვითარებაა, საქართველოს მიმართ ჩამოყალიბებული არავითარი კურსი აღარ არსებობს. ქვედა დონეზე დარჩა ის ვარიანტი, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო, საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯები და ზედა დონეზე საქართველო აღარ აინტერესებთ.
"ეს სრულიად უსამართლო მიდგომაა, რომ ურთიერთობის აღდგენისთვის უნდა გვაჩვენოთ, რომ თქვენ ამის ღირსები ხართო, ეს ძალიან სახიფათო რამაა. იმედი მაქვს, ჩვენი ხელისუფლება არავითარ ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რადგან, ძალიან კარგად მახსოვს სტრატეგიული პარტნიორობა, როცა 2008 წლის ივლისის ბოლოდან 1-ელ აგვისტომდე ერთობლივი წვრთნები ჩატარდა და ვნახეთ ამას რაც მოჰყვა.
"ვფიქრობ, ახლა ხელისუფლებას ამ განცხადებებით იმის დემონსტრირება უნდა, რა პოლიტიკაც ევროკავშირის მიმართ აქვს, რომ ჩვენ მზად ვართ, თუ თქვენგან იქნება წინადადება, მაგრამ ჩვენი ინიციატივით არ იქნება. ეს პარტნიორობა ჩვენს გამო არ შეწყვეტილა და გვინდა რომ აღდგეს.
ჩვენმა ხელისუფლებამ ისეთი ნაბიჯები არ უნდა გადადგას, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტში ითხოვდეს დაბალი დონის ჩინოვნიკები და რომელიც არაა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის სასარგებლო.
"მე არ ვიტყვი, რომ ჩიხია, მაგრამ აი ასეთი განსხვავებული მიდგომებია",- განაცხადა მამრაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დელეგაციების გაგზავნა საქმეს არ შველის, "ოცნებამ" პოლიტიკა უნდა შეცვალოს.
- ვახტანგ ძაბირაძე: "აშშ-ში ძალიან კარგად იციან საქართველოში რა ხდება. რეალობა ასეთია, რომ დელეგაციების გაგზავნა არაა საჭირო,საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვა"
"დელეგაციების გაგზავნა რომ საქმეს შველოდეს, რამენაირად ბილეთის ფულს იშოვიდნენ და ყოველ დღე გააგზავნიდნენ. დელეგაციების გაგზავნა კი არა, იმ პოლიტიკის შეცვლაა საჭირო, რომელსაც "ქართული ოცნება" აწარმოებს.
"ის პოლიტიკას არ ცვლის, აშშ-ს მიმართ გარკვეულ სიჩუმეს ინარჩუნებენ, მაგრამ, ტრამპსაც თურმე დიფ სტეიტი მართავს, მაგრამ, ამის იქით არ მიდიან, ევროპა ხომ საერთოდ ფეხებში ჰყავთ გაგდებული და ვისაც როგორ მოესურვება ყველა ბრუნვაში ლანძღავენ. აშშ-ში ძალიან კარგად იციან საქართველოში რა ხდება. რეალობა ასეთია, რომ დელეგაციების გაგზავნა არაა საჭირო, საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვა.
"შეხვედრაზე ისინი უარს არ იტყვიან, მაგრამ ყველა შეხვედრაზე ერთი საკითხი დგება - დაიცავით ადამიანის უფლებები, ნუ გაქვთ უკუსვლა დემოკრატიულ პროცესებში - ეს უნდა გამოასწორონ, ოპოზიციას რომ აბრალებენ რა, ამერიკას სხვა წყაროები არ ჰყავს, გარდა იმისა,რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მიაწოდონ ეს ინფორმაცია? თუ ამ პრობლემებს აღმოფხვრის "ოცნება", კი ბატონო, დაელაპარაკებიან",- განაცხადა ძაბირაძემ.