„ფაშინიანის გამარჯვების შემთხვევაში, სომხეთი უკვე ინსტიტუციონალურად დაიწყებს წამოსვლას რუსეთისგან“
თამთა ჩაჩანიძე
30.03.2026

სომხეთში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები უკვე აღიქმება როგორც არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური ბრძოლა, არამედ რეგიონული არჩევანი - დასავლეთსა და რუსეთს შორის. ჩანს, რომ მოქმედი პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის პოზიციები ჯერ კიდევ შედარებით ძლიერია, თუმცა ბევრი გარემოება ფაშინიანს გამარჯვების 100%-იან გარანტიას არ აძლევს.

ანალიტიოსთა შეფასებით, თუ ფაშინიანმა გაიმარჯვა, ევროპის ინტერესები გაძლიერდება სომხეთში, რაც მომავალში გავლენას მოახდენს, როგორც რეგიონზე, ისე საქართველოზე.

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს არის დაგეგმილი. მმართველმა „სამოქალაქო თანხმობის" პარტიამ კანდიდატების სია ორრაუნდიანი შიდა საარჩევნო პროცესის მეშვეობით განსაზღვრა.

სომხეთის მმართველმა პარტიამ, „სამოქალაქო თანხმობა", პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საპარლამენტო არჩევნებში მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინა.

რა გავლენა ექნება სომხეთის არჩევნებს რეგიონზე

ყოფილი სახელწმიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სომხეთის არჩევნების შედეგებს რეგონსა და საქართველოზე გავლენა უთუოდ ექნება.

  • პაატა ზაქარეიშვილი: "ფაშინიანს დიდი უპირატესობა აქვს და მოსახლეობის დიდ ნაწილში მაინც მხარდაჭერას ინარჩუნებს. პლუს ამას, ემატება სომხეთის მიერ გაცხადებული ევროკავშირისკენ სწრაფვა, რაც ჩვენ გვაწყობს, რეგიონს აწყობს"

"ფაშინიანს საკმაოდ მაღალი შანსი აქვს, მას პრაქტიკულად კონკურენტი არ ჰყავს. იქაური ოპოზიცია ძალიან სუსტია, ისინი პრორუსულ კორუმპირებულ სახეებს წარმოადგენენ. ამ ფონზე, ფაშინიანს დიდი უპირატესობა აქვს და მოსახლეობის დიდ ნაწილში მაინც მხარდაჭერას ინარჩუნებს.

"პლუს ამას, ემატება სომხეთის მიერ გაცხადებული ევროკავშირისკენ სწრაფვა, რაც ჩვენ გვაწყობს, რეგიონს აწყობს. თუ ფაშინიანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა, გაძლიერდება ევროპის ინტერესები სომხეთის მიმართ, რაც მომავალში საქართველოს გამოადგება, როცა უკრაინის კონტექსტში ვითარება შეიცვლება და საქართველოს მოუწევს უფრო მკაფიო პოზიცია ჩამოაყალიბოს ევროპის მიმართ.

"სომხეთში რუსეთის გავლენები იგივე დარჩება, იქ გიუმრის სამხედრო ბაზაა, რომლის გაყვანა ასე იოლი არ იქნება. გარდა ამისა, სომხეთში ძლიერი რუსული ეკონომიკაა, ბევრ ბერკეტებს ფლობს რუსეთი და იქ რუსული გავლენები ძლიერია.

"საქართველო თავისი მოდუნებული პოლიტიკით ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე უფრო წინაა, ვიდრე სომხეთი. საქართველოში რუსული გავლენები არის, მაგრამ არა ისეთი ლეგალური და ინსტიტუციონალური, როგორც სომხეთში, ის უფრო მეტადაა ჩართული რუსულ პროექტებში, ვიდრე საქართველო.

"ამ ფონზე, სომხეთისთვის რუსული გავლენებიდან გამოსვლა ჯერჯერობით გადაულახავი პრობლემაა, მაგრამ, თუ ფაშინიანის გამარჯვების მერე, ევროკავშირი დაინტერესდება და უფრო მეტ ინვესტიციებს ჩადებს, ამის შემდეგ სომხეთი დაიწყებს გათავისუფლებას რუსეთისგან.

"სომხეთი ჯერჯერობით ევროპისკენ მიდის, მაგრამ ფაშინიანის გამარჯვების შემთხვევაში, ის უკვე ინსტიტუციონალურად დაიწყებს წამოსვლას რუსეთისგან, ეკონომიკური ბერკეტების ჩახსნას და ა.შ."- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რას ამბობს ფაშინიანი

ფაშინიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტიამ შიდა კენჭისყრის ორი ტური ჩაატარა და შედეგები საბოლოოდ დადასტურდა. მისივე თქმით, კენჭისყრის შედეგებზე საჩივარი არ შეტანილა.

„მადლობას ვუხდი ჩემს ყველა თანაპარტიელს კიდევ ერთხელ ნდობის გამოხატვისთვის და ჩემთვის პატივის მონიჭებისთვის, რომ პარტია „სამოქალაქო თანხმობის" საარჩევნო სიას ვუხელმძღვანელო და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიყო", - განაცხადა ფაშინიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×