ნატალია ჯვარიძე
30.03.2026

ესპანეთმა ირანზე თავდასხმებში ჩართული აშშ-ის თვითმფრინავებისთვის თავისი საჰაერო სივრცე დახურა, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა ჟურნალისტებს განუცხადა. „არ ვიძლევით არც სამხედრო ბაზების გამოყენების და არც საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას ირანში ომთან დაკავშირებული ქმედებებისთვის", - განაცხადა მინისტრმა.

ესპანური გამოცემა El Pais-ი, რომელმაც პირველმა გაავრცელა ეს ინფორმაცია, წერს, რომ საჰაერო სივრცის დახურვა აიძულებს სამხედრო თვითმფრინავებს, გვერდი აუარონ ესპანეთს ახლო აღმოსავლეთში მათი სამიზნეებისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ ეს არ მოიცავს საგანგებო სიტუაციებს, ამ შემთხვევაში თვითმფრინავებს ტრანზიტის ან დაშვების უფლება მიეცემათ.

სამხედრო წყაროებმა გაზეთ El Pais-ს განუცხადეს, რომ ესპანეთმა ქვეყნის საჰაერო სივრცეზე წვდომაზე ასევე უარი უთხრა მესამე ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში განლაგებულ აშშ-ის თვითმფრინავებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გასულ ოთხშაბათს ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ესპანეთმა შეერთებულ შტატებს როტას და მორონის ბაზების გამოყენებაზე უარი უთხრა.

„ჩვენ უარი ვუთხარით შეერთებულ შტატებს როტას და მორონის ბაზების გამოყენებაზე ამ უკანონო ომისთვის. ყველა ფრენის გეგმა, რომელიც ირანში ოპერაციებთან არის დაკავშირებული, უარყოფილია. ყველა მათგანი, მათ შორის თვითმფრინავების საწვავის შევსების გეგმა", - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის რა პოზიცია აქვს ამერიკასთან დაკავშირებით.

„გარკვეული ქვეყნების ნაწილი ალბათ, ესპანეთს მიბაძავს, ზოგი არა, რადგან, ერთის მხრივ, ნაწილი ამერიკის და მისი პოლიტიკისადმი შედარებით ლოიალურად განწყობილია და ეს არ უკავშირდება მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციას, ზოგიერთი მათგანი კი, პირიქით.

მაგალითად ბრიტანეთმა მისცა უფლება, რომ ამერიკამ მისი სამხედრო ბაზები გამოიყენოს, ესპანეთი კი ამ აზრს არ იზიარებს. გააჩნია ქვეყანას, მაგრამ, ცალსახად ვერ ვიტყვით, ნატოს მოკავშირე ქვეყნები უარს იძახიან, რომ ამერიკას მხარში დაუდგენ. მოკლედ, ნატოს წევრი სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილებაა",- განაცახადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×