მარიამ ვეკუა
30.03.2026

შეერთებული შტატები ამ ეტაპზე უკრაინისთვის განკუთვნილ იარაღს ახლო აღმოსავლეთში არ გადაამისამართებს - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ირანში მიმდინარე ომის ხანგრძლივობამ და რეგიონში სამხედრო საჭიროებებმა ვაშინგტონის შემდგომი გადაწყვეტილებები შეცვალოს.

შეერთებულ შტატებს უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთში იარაღი არ გადაუმისამართებია, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმორ ზელენსკიმ. მისივე თქმით, მომავალი გადაწყვეტილებები რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის იმაზეც, რამდენ ხანს გაგრძელდება ირანში მიმდინარე ომი.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: „რაც შეეხება იარაღის გადამისამართებას - მსგავსი ქმედებები არ განხორციელებულა "

„რაც შეეხება იარაღის გადამისამართებას - მსგავსი ქმედებები არ განხორციელებულა. ვერ გეტყვით, რა მოხდება მომავალში. ვფიქრობ, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული," - განაცხადა მან. პრეზიდენტის განცხადებით, ომის ხანგრძლივობა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. „ვიმედოვნებ, ასეთი ნაბიჯები არ იქნება," - აღნიშნა მან.

„ჩვენ ვხედავთ, რა გამოიყენა შეერთებულმა შტატებმა; გვესმის, რა მოცულობის იარაღი იქნა გამოყენებული. ასევე ვხედავთ, რა აქვს ირანს და ახლა ამ შესაძლებლობებს უფრო დეტალურადაც ვიგებთ. ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. და ზოგადად გვესმის, რა სჭირდება ირანს რუსებისგან. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები როგორც უკრაინაში, ისე ახლო აღმოსავლეთში."

გამოცემა ვოშინგტონ პოსტმა, სამ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონი უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართებას განიხილავს, რადგან ირანის წინააღმდეგ ომი აშშ-ის არმიის ყველაზე მნიშვნელოვან საბრძოლო მასალებს ამცირებს.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ხშირად გადაადგილებს იარაღს ერთი რეგიონიდან მეორეში. „ჩვენ ამას მუდმივად ვაკეთებთ. გვაქვს უზარმაზარი რაოდენობის საბრძოლო მასალა. ის გვაქვს სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, გერმანიაში და მთელ ევროპაში. სავსე ვართ. და ზოგჯერ ვიღებთ ერთ ადგილას და ვიყენებთ მეორეში," - განაცხადა მან, როცა ჰკითხეს, გადაამისამართებს თუ არა აშშ უკრაინისთვის განკუთვნილ ნაწილ საბრძოლო მასალას ახლო აღმოსავლეთში.

უკრაინა ზავისთვის მზადაა

ამ პროცესების პარალელურად კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სააღდგომო ზავის დადებისთვის მზადაა.

„ჩვენ მზად ვართ აღდგომის დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტისთვის. ჩემი აზრით, გულწრფელად რომ ვთქვა, ნორმალური ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ სიცოცხლეს, საუბრობენ ცეცხლის შეწყვეტასა და ომის დასრულებაზე სამუდამოდ და არა მხოლოდ რამდენიმე დღით. მაგრამ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ნებისმიერი კომპრომისისთვის, გარდა კომპრომისისა, რომელიც ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს ეხება", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ ფორმატს და ზოგადად, ომის დასრულებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ღირსებას და დამოუკიდებლობას არ დაკარგავს.

„მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა. სრული ცეცხლის შეწყვეტა, ცეცხლის შეწყვეტა ენერგეტიკის სექტორში, ცეცხლის შეწყვეტა სასურსათო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სექტორებში, ანუ ზღვაზე და ჰაერში. სრული ცეცხლის შეწყვეტა - რაკეტებისა და დრონების გარეშე, ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გარეშე. ეს ყველაფერი შევთავაზეთ და ღია ვართ. თუ „რუსები" მზად იქნებიან, ჩვენც მზად ვართ. დაე, შემოგვთავაზონ ნებისმიერი ვადა - მზად ვართ ამ საკითხის გადასაჭრელად", - განაცხადა ზელენსკიმ.

რა მოხდება თუ აშშ შეიარაღებას ახლო აღმოსავლეთისკენ გადაამისამართებს?

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, ჯერჯერობით, ამის შანსი არ არის, თუმცა, თუ ეს მოხდა, უკრაინას მდგომარეობას გაურთულებს.

"ჯერჯერობით, ამის შანსი არ ჩანს, თუმცა, თუ ეს მოხდა სიტუაცია ცოტა გართულდება. რადგან უკრაინა მაინც მიბმულია დასავლეთის ამ გაწეულ დახმარებებს, მათ შორის სამხედრო დახმარებებს, ფინანსურ დახმარებას, ყოველ შემთხვევაში ამერიკელების ფინანსური დახმარება მნიშვნელოვანია, ფინანსური დახმარება თუ შეუზღუდა, მაშინ ეს საკმაოდ რთული თემა იქნება უკრაინისთვის, რადგან ამ შემთხვევაში ევროკავშირს მოუწევს ამერიკული დახმარების კუთხით ჩანაცვლება."

მაისაია ამბობს, რომ თუ ამერიკელებმა უკრაინისთვის გადაცემული პატრიოტები უკან დაიბრუნეს, ამასაც უკრაინისთვის ნეგატიური ეფექტი ექნება.

"თუ ამერიკელებმა, დავუშვათ, უკრაინისთვის გადაცემული პატრიოტები უკან დაიბრუნეს ეს პრობლემური იქნება, იმის ფონზე, რომ რუსები ახალ ტაქტიკაზე გადავიდნენ- "ფუტკრების გუნდის" ტაქტიკაზეა საუბარი."- განაცხადა მაისაიამ.

კითხვაზე, ახლო აღმოსავლეთის პროცესების პარალელურად, უკრაინის საკითხი ხომ არ იქცა მეორეხარისხოვნად, ექსპერტი გვპსუხობს: "ვფიქრობ, უკრაინის თემაც საკმაოდ აქტუალურია, ახლო აღმოსავლეთის დიდი რეგიონი ერთ კონტექსტში მოიაზრება, შესაძლოა რომ ამ ორი კონფლიქტის დონე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს."

კითხვაზე რა ვითარებაა ფრონტზე, მაისაია ამბობს: "ფრონტის ხაზზე ჯერჯერობით მდგომარეობა სტაბილურად მიმდინარეობს, ფრონტზე მიდის ჩვეულებრივი პოზიციონერება, ხელშესახებ უპირატესობა არცერთ მხარეს არ გააჩნია."

 

ვოლოდიმირ ზელენსკი: „რაც შეეხება იარაღის გადამისამართებას - მსგავსი ქმედებები არ განხორციელებულა "

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×