მარიამ ვეკუა
30.03.2026

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში განთავსებულმა ნატოს თავდაცვის სისტემებმა განეიტრალეს.

დღეს, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, რის შემდეგაც იგი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში განთავსებულმა ნატოს საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა.

"ირანიდან გაშვებულად და თურქეთის საჰაერო სივრცეში შესული ბალისტიკური საბრძოლო საშუალება განეიტრალდა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში განთავსებული ნატოს საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებების მიერ," -ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, თუმცა, ინციდენტის ზუსტი ადგილი არ დაუკონკრეტებიათ.

მსგავსი ინციდენტი უკვე მეოთხეა მას შემდეგ, რაც აშშ-ისრაელმა ომი ირანთან დაიწყო. მიმდინარე თვის დასაწყისში ნატოს სისტემებმა მსგავსი სამი შემთხვევაც აღკვეთეს, რამაც ანკარას პროტესტი და თეირანის მიმართ გაფრთხილება გამოიწვია.

წინა სამ შემთხვევაში თეირანი უარყოფდა, რომ რაკეტების გაშვება მისი ბრძანებით განხორციელდა და ანკარას ერთობლივი გამოძიების ჩატარებაც შესთავაზა. სამინისტროს განცხადებით, თურქეთის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ საფრთხეზე ყველა საჭირო ზომა „მტკიცედ და დაუყოვნებლივ" მიიღება.

წინა ინციდენტების შემდეგ ნატომ თურქეთში ორი დამატებითი პატრიოტი რაკეტების თავდაცვის სისტემა განათავსა. გავრცელებული ცნობების მიხედვით წინა ირანული რაკეტების სამიზნე აღმოსავლეთ თურქეთში განთავსებული თანამედროვე რადარის სისტემა და სამხრეთ თურქეთში მდებარე ინჯირლიკის ავიაბაზა იყო, სადაც ნატოს ძალები, მათ შორის ასეულობით აშშ-ის სამხედრო პირი, არიან განთავსებულები.

ანკარა ასევე აცხადებს, რომ არ დაუშვებს საკუთარი საჰაერო სივრცისა და სამხედრო ბაზების გამოყენებას ირანის წინააღმდეგ მიმართულ დარტყმებში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×