
ხუდონჰესის აშენების გადაწყვეტილება საბოლოოდ ურყევია და მთავრობას ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვან პროექტების განხორციელებას სწორედ ამ გიგანტური ჰესით დაიწყებს. ამის მთავარი პირობაა, რომ მოსახლეობის ნდობა მოიპოვონ, რა მიმართულებითაც მუშაობა გააქტიურდება. კონკრეტულად რა შეიძლება ადგილობრივებს შესთავაზონ, უცნობია, თუმცა სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ, ეს იქნება სოციალური გარანტიები, ფულადი კომპენსეციები და დასაქმების პერსპექტივა. პარალელურად გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტებიც შეიძლება განხორციელდეს.
ასე წარმოუდგენიათ ენერგეტიკოსებს. საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე კი ირწმუნება, რომ 702-მეგავატიან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა პრინციპულად გადაწყვეტილია. პროექტის განხორციელება შესაძლებელია რამდენიმე მოდელით. სახელმწიფოსა და ინვესტორის ერთობლივი მონაწილეობით, მხოლოდ კერძო ინვესტორის მიერ ან სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებლად. ამ ეტაპზე სახელმწიფოს განსახილველად რამდენიმე ტექნიკურად მომზადებული პროექტი აქვს და არჩევანი გაკეთდება იმ ვარიანტზე, რომელიც გარემოზე ნაკლებ ზემოქმედებას მოახდენს.
"ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებულია ხუდონის 702-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე. პროექტის განხორციელება შესაძლებელია როგორც ინვესტორის, ისე სახელმწიფოს, ან მათი კომბინირებული მონაწილეობით.
ხელმძღვანელობა ამჟამად იკვლევს ტექნიკურად დახვეწილ პროექტებს, რათა აირჩიოს ისეთი, რომელიც ნაკლები ზიანს აყენებს და ნაკლებ რისკს ქმნის გარემოსთვის. ასევე განიხილეს ქსელთან დაკავშირებული საკითხები, სტაბილურობისა და შეზღუდვების გათვალისწინებით. ბირჟის სისტემის დეტალებზე ცალკე შეხვედრა იქნება", - განაცხადა მაია მელიქიძე.
მისი ინფორმაციით, ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე განხილვების მთავარი მიმართულება ქვეყნის დადგმული სიმძლავრეების ზრდაა, რაც ორ ფაზად იგეგმება: პირველი ფაზა 2026-2031 წლებს მოიცავს, ხოლო მეორე – 2031-2036 წლებს. საბოლოო მიზანი 2036 წლისთვის დადგმული სიმძლავრეების 11 500 მეგავატამდე გაზრდაა, რაც უზრუნველყოფს როგორც ქვეყნის ენერგეტიკულ თვითკმარობას, ასევე ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას.
ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მიესალმებიან სექტორში და მიიჩნევენ, რომ მთავარი გამოწვევა ახლა არის მოსახლეობის განწყობა და დამოკიდებულება. შესაბამისად, მთავრობას მოუწევს ადგილობრივებთან დიალოგი და ისეთი პირობების შეთავაზება, რაც მათთვის მისაღები იქნება.
ხუდონჰესის ყოფილი ინვესტორი კომპანია „ტრანს ელექტრიკას“ ტექნიკური დირექტორის დავით მირცხულავამ კი "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, რომ კარგად უნდა შეისწავლონ ევროპული გამოცდილება და ადგილობრივ მოსახლეობას მათთვის მისაღები პირობები შესთავაზონ, რაც ხალხის ნდობას გაზრდის.
,,თუკი რამე გამოწვევაა ხუდონჰესთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან კომუნიკაციას უკავშირდება და ამ კუთხით სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ცხადია, გაითვალისწინებენ უარყოფით განწყობას და ხალხს შესთავაზებენ განსხვავებულ პირობებს, რასაც კანონიც ითვალისწინებს. მათ შორის, ქონების გადასახადის ნაწილის იმ თემში დატოვება, სადაც ენერგოობიექტი შენდება. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ადგილობრივებთან ჯანსაღი კომუნიკაცია შედგეს.
ამ მხრივ საინტერესოა ევროპული გამოცდილება, სადაც მოგების გარკვეულ ნაწილს იმ თემს უნაწილებენ, რომელსაც პროექტი უშუალოდ ეხება. ახალი არგუმენტებითა და შეთავაზებებით, ადგილობრივი მოსახლეობა დიდ სარგებელს ნახავს და შეძლებს, საკუთარ ოჯახს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გარანტია შეუქმნას, ამაზე უარს არავინ იტყვის.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მთავრობა სწორედ დასავლური მიდგომის დანერგვაზე მუშაობს და ამ მექანიზმს ყველა მსხვილ პროექტთან დაკავშირებით გამოიყენებს. გასაგებია, განსახლება ყველაზე მტკივნეული თემაა, მაგრამ ამ გამოწვევასაც ეშველება, თუკი მოსახლეობა პერსპექტივას დაინახავს. არაერთმა ქვეყანამ გაიარა ეს გზა, მაგალითად, შვეიცარია საქართველოზე პატარაა, თუმცა 430 წყალსაცავი აქვს. როცა მაღალი კლასის ენერგეტიკა გვინდა, სწორედ მსგავსი გამოცდილებით უნდა ვიხელმძღვანელოთ“, - განაცხადა დავით მირცხულავამ.
ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობის პრინციპულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავამ, რომლის შეფასებითაც, გზა ნაპოვნია და ახლა ეტაპობრივად უნდა დაიგეგმოს მისი განხორციელება. რაც შეიძლება მეტი სოციალური გარანტიები უნდა ჩაიდოს პროექტში, რაც თავის დროზე ენგურჰესის მშენებლობისას გაკეთდა და მოსახლეობის ნდობა მოიპოვა.
,,ძალიან მიხარია, რომ პრინციპული მიდგომა აქვს სახელმწიფოს. ეს უნდა გახდეს ეკონომიკის განვითარების წინაპირობა. დროულად, ეტაპობრივად უნდა გაიგეგმოს პროექტის განხორციელების ეტაპები. საპროექტო გადაწყვეტილებების სრულყოფის ხარჯზე და შესაბამისი მოთხოვნების სრული გათვალისწინების საფუძველზე უნდა დაიწყოს ხუდონჰესის მშენებლობა.
არანაკლები პროტესტი ახლდა თავის დროზე ენგურჰესის მშენებლობასაც, მაგრამ პროექტში ჩადებულმა სოციალურმა გარანტიებმა გადაწონა - ხალხი დასაქმდა, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულება შეემატა რეგიონს, რამაც ჰესის სასარგებლოდ იმუშავა. ეკონომიკამ და მთლიანად ენერგეტიკის სექტორმა ამით დიდი სარგებელი მიიღო და მოსახლეობამაც იხეირა.
ხუდონის შემთხვევაშიც, მოსახლეობას უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ კარგად გაერკვნენ, დიალოგს ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ადგილობრივები დარწმუნდებიან, რომ სიკეთე გაცილებით მეტია, ვიდრე ზარალი ან უარყოფითი ზემოქმედება, მაშინ გადაწყვეტილებასაც ობიექტის მშენებლობის სასარგებლოდ მიიღებენ.
ჩვენი ქვეყნის მთავარი საკითხი არის ელექტროენერგეტიკის განვითარება და მისი უსაფრთხოება, რათა არ ვიყოთ დამოკიდებული მეზობელი სახელმწიფოების სისტემებზე. მსხვილი ჰესების მსენებლობის გარეშე ამ გამოწვევას ვერ გავუმკლავდებით“, - აღნიშნა ჭითანავამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.
ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დროს, პროექტზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები იყო ჩატარებული. 2011 წელს ჰესის განვითარებისთვის სახელმწიფოსა და ინდურ კომპანია “ტრანს ელექტრიკას” შორის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა და ინვესტორს ჰესის აშენებისთვის გარანტირებული სიმძლავრის ტარიფიც მიენიჭა, თუმცა “ტრანს ელექტრიკას” პროექტის ფაქტობრივი განხორციელება არ დაუწყია, ხოლო შემდგომში - 2021 წელს მთავრობამ განაცხადა, რომ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება შეწყდებოდა. 2023 წელს ხელისუფლებამ ინვესტორი კომპანიისგან ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი 13.5 მლნ დოლარად გამოისყიდა.