
ქალაქ ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი, 52 წლის პოლიციელი, ინგა (ნინო) ყაველაშვილია. გარდაცვლილი წარმოშობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენიდან იყო და ყვარლის პოლიციაში მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის დროს, სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც პოლიციელი იმყოფებოდა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ყაველაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
"ინგა ყაველაშვილი ყვარლის პოლიციაში მუშაობდა, უსაყვარლესი და უსათნოესი ადამიანი იყო, ყველანი შოკირებულები ვართ. ავარია ყვარლის გასასვლელში მოხდა, ტრაილერი მოცურდა და ნინოს მანქანას დაეჯახა. მარტო იყო და ადგილზე გარდაიცვალა.
ეს უდიდესი დანაკლისია ყველასთვის, არა მარტო ადამიანებისთვის, მიუსაფარი ცხოველებისთვისაც. მის ენოტს ეძინა და მერე წავიდა, არ ვიცით, სადაა, ცოცხალია, თუ არა. სესხი აქვს გამოტანილი, ამით აუშენა ძაღლებს თავშესაფარი, მთელ თავის შემოსავალს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-გამოკვებას ახმარდა.
შინ თუ ქუჩაში ძაღლები მას ელოდებიან, ეგ აპურებდა. სახლში 33 ძაღლი ჰყავს. მოხუცი დედა ჰყავს, შვილი დიდია, გოგონა, შეძლებს თავის გატანას, მაგრამ სხვა დანარჩენი უპატრონოდ რჩება. არ ვიცი, ეს ახალგაზრდა ქალი ამდენს როგორ ახერხებდა.
ნინო მოქმედი პოლიციელი იყო, ყვარლის განყოფილებაში, პოლიციის ეზოშიც 7-8 ძაღლი ჰყავს, ის უვლიდა. ტრასებზეც ეგ აპურებდა უამრავ ძაღლს, ერთ ყიდვაზე 100 პურს ყიდულობდა... არ ვიცი, ახლა რა იქნება, რა გვეშველება.
ძალიან სერიოზული დარტყმაა ჩვენთვის. ისეთი მასშტაბური იყო მისი საქმიანობა, შემცვლელსაც ვერავის ვიპოვით. დედამისს ვინ მიხედავს, ან სახლს, იპოთეკას, ამდენ ცხოველს... ადამიანურ დანაკარგზე რომ არაფერი ვთქვათ".
ინგა (ნინო) ყაველაშვილს საზოგადოების ნაწილი თავისი საქმიანობის გამო კარგად იცნობდა, ის პოპულარული იყო სოციალურ ქსელშიც. ადამიანებს ახსოვთ მისი ენოტი "ცაცუ", რომელზეც მონდომებით ზრუნავდა. ჩვენს არქივში კი ინგა ყაველაშვილთან ინტერვიუც ინახება, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - "აპრილის ერთ საღამოს, პატარა ენოტი მოგვადგა, საწოვარათი ვცადე გამოკვება, სამი დღე მაწვალა..." - ენოტი ცაცუ, რომელიც ადამიანებთან და შინაურ ცხოველებთან ერთად ცხოვრობს.
წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე