
ელექტროენერგიის გადასახადის ნახტომისებრი ზრდა სოციალურ ფონს ძალიან დაამძიმებს. მომსახურებისა და წარმოების სფეროში ყველა მიმართულებით ფასების მატებას გარდაუვალი. მოიმატებს ინფლაციაც, რაზეც ენერგეტიკოსები და ეკონომისტები დაუფარავად საუბრობენ.
30 მარტს სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის ტარიფი 5 თეთრით, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის 4-6 თეთრით(ცალკეული ძაბვის საფეხურების მიხედვით) გაიზარდა. ,,სემეკის" თავმჯდომარის დავით ნარმანია ამტკიცებს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო დაბალანსებული გადაწყვეტილება.
"გათვალისწინებულია ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა იმისთვის, რომ ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. აქედან გამომდინარე, ინვესტიციის მოცულობა დაკორექტირდა და დამტკიცდა ისეთნაირად, რომ ამას ტარიფზე არ ჰქონოდა დიდი ზეგავლენა. კომისია მიიჩნევს, რომ ინვესტიციების ჩადების გარეშე მდგომარეობა გაუარესდებოდა, ანუ უფრო გაიზრდებოდა ავარიები, აქედან გამომდინარე, მოსახლეობა იქნებოდა მეტად დაზარალებული, ისევე როგორც კომერციული სექტორი.
სწორედ ამიტომ, მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო დაბალანსებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ,რომ ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფი შენარჩუნდება რამდენიმე წლის განმავლობაში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სემეკის გადაწყვეტილება სექტორის რამდენიმე წარმომადგენელმა სემეკის გადაწყვეტილება გუშინვე შეაფასა. "ენერგო პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ მამისეიშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი საწინდარია გაზრდილი ინვესტიციისა და დიდი პასუხისმგებლობისა კომპანიის მხრიდან.
,,რა თქმა უნდა, გაზრდილი ინვესტიციის ფონზე, ეს სიკეთე, რომელიც რიგით მომხმარებლამდე უნდა დავიდეს, ხვალვე ვერ განხორციელდება. ეს იქნება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი. ჩვენ მზად ვართ, თითოეული ლარი სწორად მივმართოთ ქსელური კომპონენტების გასაუმჯობესებლად, რაც საბოლოოდ, არსებულ მძიმე მდგომარეობას გააუმჯობესებს“, - განაცხადა გრიგოლ მამისეიშვილმა.
ამ მოსაზრებას ენერგეტიკოსების ნაწილი ემიჯნება და კომპანიებს ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ენერგეტიკოსმა თემურ ჭიჭინაძემ ისაუბრა. მისი თქმით, სემეკი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მითითებებით შემსრულებელია და მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს.
,,გადასახადის ზრდა აბსოლუტურად არ ჯდება არც ერთ კანონზომიერებაში. ბევრჯერ გვისაუბრია და დღესაც ვრჩები პოზიციაზე, რომ არის რეზერვი, გადასახადი მინიმუმ, შეენარჩუნებინათ. ყველაზე ცუდი სცენარითაც კი, 0,5-1 თეთრზე მეტად არ უნდა გაძვირებულიყო. რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, კატასტროფაა და მოსახლეობის ღალატის ტოლფასია. სამწუხაროდ, სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე არც ამჯერად იზრუნა.
გამანაწილებელ კომპანიებს ფინანსური ვალდებულებები აქვთ სახელმწიფოს წინაშე, რასაც არ ასრულებენ. არ ვიცი, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. გაუგებარია რის ხარჯზე მოხდა, რა მიიღეს მხედველობაში, მიჭირს საერთოდ ახსნა. უბრალოდ, წინასაახალწლოდ არ გააძვირეს, გადავადდა, თორემ მაშინაც გადაწყვეტილი იყო", - განაცხადა თემურ ჭიჭინაძემ.
ანალოგიური პოზიცია აქვთ ეკონომისტებს, რომელთა თქმითაც, დენის გაძვირება ძალიან ცუდად იმოქმედებს ინფლაციაზე, ვინაიდან მომსახურების ყველა სეგმენტში ფასების ზრდას გამოიწვევს.
,,ინფლაციაზე დენის გაძვირება მასზე სერიოზულად იმოქმედებს, რადგან რიგით მოქალაქეებს ხარჯი გაეზრდება. თითოეულ ოჯახს, სულ მცირე, 15-20 ლარით მაინც მოემატება გადასახადი. რა თქმა უნდა, თითქმის ყველაფერი გაძვირდება. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრება გართულდება ხალხისთვის, მაგრამ ბიზნესისთვის მძიმე ტვირთია. შესაბამისად, ეს აუცილებლად აისახება წარმოებაზე, კვების ობიექტების მომსახურებაზე და ფასი მოიმატებს.
ხელისუფლების დაანონსებული ფასების კლება რეალურად ვეღარ განხორციელდება. შეიძლება, ტარიფდის ზრდა შეძლებული ფენისთვის პრობლემა არ იყოს, მაგრამ ღარიბი მოსახლეობისთვის ეს აშკარად გაძვირებული ცხოვრებაა. თუ მაინც და მაინც იგეგმებოდა ტარიფის ზრდა, ეტაპობრივად მაინც მოემატებით, ასეთი მკვეთრი ზრდა არ უნდა დაეშვათ.
მოსახლეობაც და ბიზნესიც დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ვერ ვიტყვი, რომ სოციალურ უკმაყოფილებას გამოიწვევს, ჩვენ გაძვირების გამპროტესტებელი ხალხი არ ვართ, თუმცა საზოგადოიებრივ განწყობაზე აუცილებლად აისახება“, - განაცხადა ეკონომნისტმა გივი მომცელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.
მომსახურების სამომავლო გაძვირებაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმაც და აღნიშნა, რომ ტარიფის მატება ინფლაციაზეც იმოქმედებს და პროდუქტების ფასზე გავლენას მოახდენს.
,,როდესაც იზრდება ელექტროენერგიის ტარიფი, განსაკუთრებით ბიზნესისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა მომსახურებაზე ფასის ზრდას უნდა ველოდოთ. რა თქმა უნდა, ეს ინფლაციაზეც იმოქმედებს, ნებისმიერი გადაწყვეტილება ენერგომატარებლების გაძვირებასთან დაკავშირებით, მოწყვლადი ფენებისთვის არის საკმაოდ მძიმე. ჩვენ თუ რეალურ საშუალო ხელფასს შევხედავთ ქვეყანაში, დაბალი და თუნდას საშუალო ფენებისთვის გაზრდილი გადასახადი მტკივნეული გადასატანი იქნება.
თუ გვინდა გამოსავალი, უნდა გვქონდეს შედარებით იაფიანი ელექტროენერგიის რესურსი, რომელიც დაკავშირებულია ახალი ინვესტიციებთან, ახალი ჰესების მშენებლობასთან, ჩვენ თუ ამ მდგომარეობას შევხედავთ, ცუდი ვითარება გვაქვს. რამდენი ინვესტორი შემოვიდა და რამდენი ჰესის მშენებლობა დააპირა, იმდენი გააქციეს ქვეყნიდან", - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.