
ყვარელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. სამწუხაროდ, ადგილზე დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. გარდაცვლილი პოლიციელი, ინგა ( ნინო) ყაველაშვილი დღეს ჩვეულებრივ სამსახურში იყო, ყვარელში მუშაობდა. ექვს საათზე დაასრულა სამუშაო, ამის შემდეგ საკუთარი მანქანით სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავარიაში მოჰყვა და ადგილზე დაიღუპა.
“ინგას ტრაგიკულად დაღუპვის ეს მძიმე ამბავი ტელეფონით შევიტყვე და მას მერე ვტირი. მანქანის მართვა კარგად იცოდა, წლებია მართავს მანქანას, რა იყო ამ ავარიის მიზეზი, არ ვიცი, ამბობენ ტრაილერის მძღოლის ბრალეულობაო. ინგა საპატრულო პოლიციაში მუშაობდა. დღეს არ ყოფილა მორიგე და სამსახური 6 საათზე რომ დაასრულა, ყვარლიდან თავისი მანქანით სახლში წამოსულა. ის და მისი ერთი კოლეგა გოგონა ერთად გამოსულან სამსახურიდან, ის გოგოც თავისი მანქანით იყო, მას მაღაზიაში შეუვლია, ინგა ჩაჯდა თავის მანქანაში და წამოვიდა სახლისკენ, მერე იმ თანამშრომელმა გზა რომ გააგრძელა ეს უმძიმესი ავარია ნახა და დაინახა ინგას მანქანა.
არაჩვეულებრივი გოგო. პარალელურად ვეტერინარულზეც დაიწყო სწავლა, რადგან ძალიან უყვარდა ცხოველები. 30 ცუგოს უვლიდა. მეც სამი ცუგო მყავს და თუ რამე გაუჭირდებოდათ, მეც მეხმარებოდა უანგაროდ. ალბათ საზოგადოებას ახსოვს კიდეც ინგას და მისი ენოტის ამბავი. ცაცუ დააარქვა დედალ ენოტს, რომელიც ლაგოდეხში, სოფელ ჭაბუკიანში ინგას სახლში ერთ მშვენიერ დღეს მივიდა და მას შემდეგ შვილივით უვლიდა. უმწეო პატარა ენოტი ინგამ შეიფარა, საწოვარათი აჭმევდა საჭმელს, ასე გამოზარდა. დაუმეგობრდა ენოტი მისი ეზოს ბინადარ ძაღლებს და კატებს და რამდენიმე თვე ცხოვრობდა მასთან, მერე ვიღაცის საჩივრის საფუძველზე, თითქოს გარეული ცხოველი დატყვევებული ჰყავდათ, ცაცუ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა წაიყვანეს და ზოოპარკს გადასცეს, მაგრამ მან იმდენი იბრძოლა, რომ ისევ დაიბრუნა ეს ენოტი. მერე დაიძინა ზამთარში ენოტმა და აღარ გამოჩნდა. განიცდიდა ინგა მის დაკარგვას. ამბობდა თუ თავისუფლება აირჩია, არა უშავს იყოს ბედნიერი, მე მონატრებას გავუძლებო.
ძალიან ბევრს შრომობდა ოჯახშიც. ყველაფერი მოვლილი და მოწესრიგებული ჰქონდა. საოცარი ყვავილები გამოჰყავდა, ჰქონდა ყვავილების სათბური. ზოგადად ძალიან უყვარდა ბუნება, ცხოველები, ადამიანები. უვლიდა მთელ ოჯახს, ერთადერთი გოგონა ჰყავს, რომელიც სტუდენტია, ასაკოვან დედ-მასაც თვითონ უვლიდა. ინგა შრომობდა შეუსვენებლად. თავისი ცუგოები რომ შეენახა ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. თავის თავზე არ ზრუნავდა მასე, როგორც მათზე. ქუჩის უპატრონო ძაღლებს ყოველდღე აპურებდა. მისი გოგონაც ვეტერინარიაზე სწავლობს და თვითონაც სწავლობდა, რომ უკეთესად მოევლო საყვარელი ცუგებისთვის. ძალიან დასანანია ასეთი სიცოცხლით სავსე ადამიანის ასე ტრაგიკულად დაღუპვა. ვუსამძიმრებ მის ოჯახის წევრებს ამ ტრაგედიას,” - განუცხადა "კვირის პალიტრას" ინგას მეგობარმა ია ელიზაროვმა.
"კვირის პალიტრა"