
ოპოზიციური ალიანსი „ეროვნული მობილიზაციის" ორთვიან კამპანიას იწყებს, ეს პროცესი კი კულმინაციას 26 მაისის დაგეგმილი მასშტაბური აქციით მიაღწევს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ თარიღის შერჩევა მიზანმიმართულია, რადგან ოპოზიცია დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ვითარების პოლიტიზებას და დაძაბულობის შეტანას ცდილობს.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ დაანონსებული კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მხარდაჭერის კონსოლიდაციასა და ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური პროცესების გააქტიურებას. ორგანიზატორების თქმით, მომდევნო კვირებში რეგიონებში შეხვედრები და საინფორმაციო ღონისძიებები გაიმართება.
„ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ დამოუკიდბელობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში დაძაბულობის შეტანა ოპოზიციას სურს.
„26 მაისი იმიტომაა არჩეული, რომ ეს არის სახელმწიფო დღესასწაული და საზეიმო დღის დაძაბულობის რეჟიმში გადაყვანას ფიქრობენ. ეს მიზანი აქვთ. მათი ყველა ქმედება გათვლილია იმაზე, რომ რამენაირად, ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ. იქნებ, გარკვეული დაძაბულობის, ესკალაციის, ან პოლიციასთან შეჯახების სურათი დადგან, რომ მერე დასავლეთიდან, მარტა კოსი იქნება თუ რასა იუკნევიჩიენე, თქვან, რომ საქართველოში დემოკრატია ირღვევა," - განაცხადა ქადაგიშვილმა.
„გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ 31 მარტს გამართულ ბრიფინგზე გეგმებზე ისაუბრა:
„ჩვენი მიზნები ძალიან მარტივია: პირველი - უნდა გავზარდოთ პირდაპირი, პირისპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან. ხმა უნდა მივაწვდინოთ ჩვენს მოქალაქეებს - ყველგან, სადაც ისინი არიან. მეორე - უნდა გავანეიტრალოთ რეჟიმის პროპაგანდა. იმიტომ, რომ დღეს ორი მთავარი იარაღი, რაც ამ რეჟიმს აქვს, არის ტყუილი და შიში. მესამე - ის ბრაზი, პროტესტი და ცვლილების სურვილი, რომელიც უკვე წლებია არსებობს საზოგადოებაში, უნდა გადავაქციოთ რეალურ პოლიტიკურ ქმედებად. მეოთხე - უნდა დავამარცხოთ შიში, რომელიც ამ რეჟიმმა წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დანერგა. და ბოლოს - უნდა გავზარდოთ პროტესტში ჩართული ადამიანების რაოდენობა, რადგან ცვლილება არ ხდება მხოლოდ საუბრით - ცვლილება ხდება, როცა ბევრი ადამიანი დგება ერთად. „ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა 35 წლის წინ, 31 მარტის რეფერენდუმზე.
„ეს კამპანია გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი დიდი, ხალხმრავალი აქცია.
„ჩვენთვის, საქმისთვის, გამარჯვებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთონ სხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფებიც, ისევე როგორც აქტიური მოქალაქეები", - აცხადებს ჯაფარიძე
რატომ 26 მაისი
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს ხელისუფლების ვერსიას, თუმცა არც იმას, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ღონისძიებათა ლოკაციებიც სხვადასხვა იყოს და დროც.
„ალბათ „ქართული ოცნების" ეს ვერსია არ გამოირიცხება, რადგან თუკი ესენი დიდ აქციას აპირებენ, ბუნებრივია, სახელისუფლებო აქცია შეიზღუდება, ან მაშინ სახელისუფლებომ უნდა შეზღუდოს მაგათი. თუმცა, ოპოზიციის სიმბოლოების სიყვარულიც გასაგებია, 23 მაისს გავაკეთებთო ვერ იტყოდნენ, რადგან 26-ია საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლო.
- რამაზ საყვარელიძე: „ოცნების" ეს ვერსია არ გამოირიცხება, რადგან თუკი ეგენი დიდ აქციას აპირებენ, ბუნებრივია, სახელისუფლებო აქცია შეიზღუდება, ან მაშინ სახელისუფლებომ უნდა შეზღუდოს მაგათი"
„ოპოზიციას აქცია ყოველდღე აქვს და ამ ყოველდღიური აქციების დინამიკაც ალბათ რაღაც გავლენას იქონიებს. ამასობაში ვიღაცეები უცხოეთიდან რეკავენ და ალბათ ამ ტიპის ურთიერთობებიც, ანუ საგარეო ფაქტორიც გარკვეულ გავლენას იქონიებს. ასე რომ, წინასწარ თქმა ცოტა ძნელია, რა მოხდება.
„თუკი დღევანდელი დღით ვიხელმძღვანელებთ და ვიგულისხებთ, რომ იქამდე სხვა აღარაფერი მოხდება, აქცია ხალხმრავალი, მე მგონი, ვერ იქნება. თან მათი აქციები სიბნელესთანაა დაკავშირებული, საქართველოზე, მზრუნველ ადამიანებს სიბნელეც შეუყვარდათ ბოლო ხანებში და სადღესასწაულო ღონისძიებები ღამე უკვე დასრულებული იქნება და დღისა და ღამის გაყოფის ხარჯზე, შეიძლება ერთიც და მეორეც მოთავსდეს", - განაცხადა საყვარელიძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციას არეულობის შეტანა არ სურს.
„26 მაისს იმიტომ, რომ პირველ რიგში გარკვეული დროა საჭირო რეგიონებში ჩასასვლელად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქციების ჩასატარებლად, მოსახლეობასთან მაქსიმალური კომუნიკაციის დასამყარებლად და ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობის ასახსნელად ხალხის მობილიზაციის ფონზე, რომ შემდგომში თბილისში დიდი მანიფესტაცია გაიმართოს.
- ნიკა ჩიტაძე: „ოპოზიციას არეულობის შემოტანა არანაირად არ უნდა. არეულობა მაშინ იყო, როცა ე.წ. გრეჩიხა აცხადებდა, თბილისი მკვდარ ქალაქად გამოვაცხადოთო"
„ოპოზიციამ აქცია დამოუკიდებლობის დღეს დაამთხვია, შესაძლოა საღამოსკენ იყოს აქცია. თუ აღლუმი გაიმართა, ალბათ თავისუფლების მოედანზე იქნება, თუმცა ისიც არაა გამორიცხული, რომ სხვადასხვა ლოკაციებზე იყოს. ოპოზიციას არეულობის შემოტანა არანაირად არ უნდა, უბრალოდ იმის ჩვენება სურთ, რომ 26 მაისის აქციაზე ის ხალხი იქნება, ვისაც რეალურად სურს საქართველოს დამოუკიდებლობა. არეულობა მაშინ იყო, როცა ე.წ. გრეჩიხა აცხადებდა, თბილის მკვდარ ქალაქად გამოვაცხადოთო, დღეს რომ ამბობს არ აგარევინებთო."
რას ნიშნავს 2-თვანი კამპანია
რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ მისთვის გაუგებარია ოპოზიციის 2-თვიანი კამპანია შინაარსობრივად რას ნიშნავს.
„არ მესმის ეს კამპანია რას ნიშნავს, თქვეს, რომ რაიონებში ვივლითო. გააჩნია, სად ჩადიან და ხალხი რა ხასიათზეა, მაგრამ სადაც ჩავიდნენ, რამდენიმეჯერ სცემეს, რადგან ესენი მათი გულისტკივილის მატარებელ ადამიანებად არ მიაჩნიათ. ამიტომაც არ მგონია, რომ რეგიონებში სიარულმა მათ რამე მისცეს.
„როცა ვინმეს რამე აინტერესებს, რეგიონიდან თვითონ ჩამოდის და აქ ჩაერთვება-ხოლმე. თუ არ ჩამოდიან და მონაწილეობას არ იღებენ, ესე იგი არ აინტერესებთ. უკეთესი იქნება იმაზე თუ დაინტერესდებიან, ამ ადამიანებს ოპოზიციის საქმიანობა და გეგმები რატომ არ აინტერესებთ, რადგან მარტო ჩასვლამ და იგივეს განმეორებამ, შეიძლება ისევ გასალახად გაუხადოთ საქმე.
„ჩვენი ოპოზიცია ძირითადად იმ პრინციპით მუშაობს, რომ ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანებს აგროვებენ. ოღონდ ერთი რამ ეშლებათ - ეგ პრინციპი კარგად მუშაობს მაშინ, როცა ოპოზიციას არ იცნობდნენ და მარტო სიმართლის თქმის გამო დგებოდენ მის გვერდით. სიმართლის თქმა ადვილია, აი, კორუფციააო, მიშამ თქვა და მის გვერდით დადგნენ. ახლაც იძახიან, კორუფციააო და არ გროვდება იმდენივე ხალხი, რადგან იციან, რომ მიშას დროს არანაკლები კორუფია იყო, ამასთანავე ძალადობაც. კადრები არაა კარგად დანიშნულიო და მიშას დროს რომ კადრები ინიშნებოდა, ხალხს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა", - განაცხადა საყვარელიძემ.
ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ამ ორ თვეში ოპოზიცია მოსახლეობის მაქსიმალურ მობილიზაციაზე იმუშავებს.
„ვფოქრომ ამ ორ თვეში ოპოზიცია იმუშავებს მოსახლეობის მაქსიმალურ მობილიზაციაზე და თავისი სამოქმედო გეგმის შედგენაზე. კარგი იქნებოდა თავიანთი მოკლე პროგრამაც წარადგინონ, თუ ხელისუფლების შეცვლა რატომაა აუცილებელი. დღეს მოსახლეობის ნახევარზე მეტი „ოცნებას" მხარს არ უჭერს, ეს კი ბატონო, მაგრამ ბევრი მაინც პროპაგანდის მსხვერპლია. მუშაობაა საჭირო, აჩვენონ, რომ სწორედ ხალხისთვის და ქვეყნისთვის შეიცვლება ბევრი რამ, რომ ხალხს „სწორი" ხედვები ჰქონდეს."