
პოლიტოლოგი იგორ კვესელავა მიმდინარე პროცესების საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე ვითარებაა და ხელისუფლება ამას ხვდება, ამიტომ ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს, რაც სიტუაციიდან გამოსვლის ერთ-ერთ გზად მიაჩნია. ბიძინა ივანიშვილს კი ურჩევს, ჩრდილიდან გამოვიდეს და არსებულ პრობლემებთან გამკლავებაში უშუალოდ ჩაერთოს.
იგორ კვესელავა: „ქართული ოცნების" წინაშე დილემა დადგა - დარჩნენ ხელისუფლებაში, თუ ვადამდე ადრე წავიდნენ. ეს მათი ბრალია და ამაში ევროპა, ამერიკა და სხვა ქვეყნები აქტიურად მონაწილეობენ, რადგან მათ მყარი საქართველო სჭირდებათ და არა ასეთი. საქართველო არ არის ძლიერი ქვეყანა კავკასიაში, თუმცა საკუთარი ადგილი აქვს და ეს ზღვის დამსახურებაა. პორტები წყვეტენ საქართველოს ბედს, რომ რაღაცნაირად საერთაშორისო მნიშვნელობის დერეფანი გავხდეთ. თუ ეს არ მოხდა, ქვეყანა ნგრევის წინაშე დგას ყველა სფეროში. მთავრობამაც და ოპოზიციამაც უნდა გაიგონ, რომ ერთმანეთთან დიალოგი აუცილებელია. ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, საქართველო კი რჩება. კარგი იქნება თუ კობახიძე და სხვები ასეთ არადიპლომატიურ განცხადებებს მოერიდებიან, რადგან ყველა ყველაფერს ხედავს და ჯობია საერთოდ არაფერი თქვა, ვიდრე შენი უცოდინარობა გამოამჟღავნო.
ბატონ ბიძინას ვურჩევ, რომ საპატიო თავმჯდომარეობას თავი დაანებოს, ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგეს და კადრების სერიოზული ცვლილებები მოახდინოს. სხვა შემთხვევაში, მძიმე ვითარებაში ვიქნებით. პირველ რიგში, თავად „ქართული ოცნება" ავტორიტეტს კარგავს. მან ოპოზიციასთან თანამშრომლობა დაიწყოს.
„რეზონანსი": რას ფიქრობთ ოპოზიციის ალიანსის შექმნის იდეაზე, რომელიც ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს?
ი.კ: ქართულ ოპოზიციამ იცის, რომ ერთიანობის გარეშე არაფერს აზრი არ აქვს. ზვიად გამსხურდიას დროსაც ასე მოხდა - შეიძლება ყველაფერში არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ ძირითადად მაინც კი თანხმდებოდნენ. გაერთიანების პროცესი ადრე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კარგია, მიხვდნენ, რომ ამის გარეშე სადავეებს ხელში ვერ აირებენ. ახლა მნიშვნელოვანია მათ ურთიერთობა ჰქონდეთ საზოგადოებასთან, აბსოლუტურად ყველასთან.
როგორც ჩანს, ამ ჯგუფში 6-7 კაცია გამოყოფილი, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ლიდერობენ და მათ აქვთ ერთი პოზიცია - ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი გზით. მე არ ვიცი, როგორც განვითარდება მოვლენები, მაგრამ ის კი ვიცი, თუ პროცესს სწორი მიმართულებით წაიყვანენ და საზოგადოების მხარდაჭერა ექნებათ, შესაძლებელია ხელისუფლების შეცვლა, ან მმართველი გუნდის დათმობაზე წაყვანა არჩევნების ჩატარების შესახებ და კოალიციური მთავრობის შექმნა.
„რ": „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია მასშტაბურ რეგიონულ ტურნეს იწყებს. მომდევნო თვეებში შეხვედრები ქვეყნის 10 რეგიონს მოიცავს და ახალგაზრდებთან პირდაპირ დიალოგზე იქნება ფოკუსირებული. რაზე მიანიშნებს ეს?
ი.კ: ხელისუფლება მიხვდა, რომ ახალგაზრდებთან კომუნიკაცია აუცილებელია და პროცესი დაწყეს. მინდა გითხრათ, რომ ესენი რეალური ინფორმაციის მოკრეფის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებს 2028 წლამდე ჩაატარებენ. მე ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან საქართველო უმძიმეს მდგომარეობაშია და ამას თავადაც ხვდებიან. ვხედავ, რასაც ხელისუფლება აკეთებს, იგივეს იმეორებს ოპოზიცია, თუნდაც რეგიონებში გასვლასა და მოსახლეობასთან შეხვედრა ამაზე მიანიშნებს. როგორც ჩანს, არჩევნებისთვის ემზადებიან, ან სხვა შემთხვევაში, არ გახდნენ ევროპისა და სხვა ქვეყნების საჯიჯგნი. თუ ივანიშვილმა წესრიგი არ დაამყარა, იგივე მოუვა, რაც დანარჩენ ხელისუფლებებს. ეს არ უნდა მოხდეს, ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რომ თავიდან აირიდოს.