
პარლამენტმა პირველი მოსმენით საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები მიიღო, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდის ითვალისწინებს.
აღნიშნულ კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენით 1-ელი აპრილის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადების წარდგენას გეგმავს ოპოზიციური ფრაქცია “საქართველოსთვის“.
“ქართული ოცნების“ ინიციატივით “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
კანონპროექტი სესიაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ წარადგინა. როგორც მან განმარტა, ხანდაზმული ავტომობილების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო დაბეგვრის არსებული სისტემა და დაბალი ტარიფი მოძველებული ავტომობილების იმპორტს ახალისებს.
ხელაძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ ხელოვნური ბარიერების გაჩენის გზით მოძველებული ავტომობილების რაოდენობა, რაც გარემოს აყენებს ზიანს, ერთხელ და საბოლოოდ შემცირდება. მისივე თქმით, კანონპროექტი ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება.
“გვესმის, რომ კანონპროექტს საყოველთაო მოწონება ვერ ექნება. რადგან გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ ჩვენ ამის გამბედაობა გვეყო. კანონპროექტის ინიცირება უფრო ფართო ინტერების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ.
რაც შეეხება იმას, გაძვირდება თუ არა ავტომობილი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, ჩვენ ეს დავუშვით - რა თქმა უნდა, რაკი აქციზის განაკვეთის იზრდება, შესაძლებელია გაძვირდეს, თუმცა სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება ხანდაზმული ავტომობილებისგან გამოწვეული შედეგები. ამ კანონპროექტის მიღების ერთადერთი მოტივაცია არის ის, რომ გარემოზე მიყენებული ზიანი შემცირდეს და სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებები ეფექტური იყოს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
უქმდება “საგადასახადო კოდექსში“ არსებული გრაფა, რომლითაც ავტომობილზე აქციზის მოქმედი განაკვეთებია დადგენილი. ამასთან, საგადასახადო კანონმდებლობას ახალი მუხლები ემატება, რომელიც ძირითადი განაკვეთისგან განსხვავებულ სპეციალურ განაკვეთებს ადგენს. კერძოდ, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის შენარჩუნებული იქნება შეღავათიანი — ძირითადი განაკვეთის 60 პროცენტით შემცირებული განაკვეთი, ხოლო მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის განსაზღვრულია ძირითადი განაკვეთის გასამმაგებული განაკვეთი. ელექტროძრავიანი მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს, აქციზის განაკვეთი 3 000 ლარი იქნება.
კანონპროექტის გარდამავალი დებულებები ითვალისწინებს აქციზის ახალი კანონის ამოქმედებამდე, მოქმედი განაკვეთებით იმპორტის საბაჟო პროცედურაში იმ ავტომობილის მოქცევას, რომელიც შემოყვანილია საქართველოში 2026 წლის 2-ელ აპრილამდე ან რომლის საქართველოში შემოყვანის მიზნით უცხო ქვეყანაში ტრანსპორტირება დაწყებულია 2-ელ აპრილამდე. ამასთან, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტით ან იგი გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვით, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთები გავრცელდება ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1 ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში.
კანონპროექტის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.